შიდა რაგბი

17:47 | 25.03.2019 | ნანახია 802 - ჯერ

დიდი 10: "‘ვეფხვების" და "აკადემიას" მეორე ფრე

ისე, როგორც პირველ წრეში, ‘ვეფხვებმა’ და ‘აკადემიამ’ გამარჯვებული ვერც მეორე მატჩში გამოავლინა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 23:23 დასრულდა, ამჯერად კი 17:17 დაფიქსირდა.

შედეგად, პატარძეულელებმა ბოლო ადგილს თავი დააღწიეს, თუმცა ‘არმიას’ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჯობნიან. 26 ქულა აქვს და გასავარდნ ბოლო ადგილს მხოლოდ 2 ქულა აშორებს ‘აკადემიას’.

პირველმა ტაიმმა მასპინძლების უპირატესობით ჩაიარა და მათ 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ლაშა გურგენიძემ ანგარიში ჯარიმით გახსნა, რასაც 28-ე წუთზე დავით მოძღვრიშვილმა ჯარიმითვე უპასუხა. 31-ე წუთზე შეხვედრის პირველი ლელო გავიდა, ‘ვეფხვების’ ხანგრძლივი შეტევის შემდეგ, ჟორა მღებრიშვილმა რეზი ბროძელის კარგი პასი შეირგო და ლელომდე ირბინა. ტაიმის ბოლოს მათ შერკინებიდან შეუტიეს, ვაჟა მამულაშვილმა მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა და მეორე ლელო გაიტანა, ხოლო გურგენიძემ ორივე გარდასახა - 17:3.

შესვენების შემდეგ პატარძეულელებმა ქულის აღება ვეღარ მოახერხას, ‘აკადემიამ’ კი თამაში დასკვნით 20 წუთში გადაარჩინა. მათ მეტოქე წნეხში მოაქციეს და 58-ე წუთზე მოძღვრიშვილმა ჯარიმა გაიტანა, ხოლო 4 წუთში ლელო გავიდა: 22-ში მოგებული დერეფნის შემდეგ ჯერ მორკინალებმა უტიეს, მერე ბურთი ხაზზე გავიდა და საბა ილურიძემ ხაზი გაჭრა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა მოძღვრიშვილმა 71-ე და გაწითლებულ დროზე ჯარიმები გაიტანა და საკუთარ გუნდს 2 საცხრილო ქულა მოაპოვებინა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074335