ამბები

15:06 | 29.06.2014 | ნანახია 3232 - ჯერ

ინგლისმა მეორედ მოგვიგო

 

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის მეორე, მოსკოვის ეტაპზე მეორე მარცხი განიცადა და მეორედაც ინგლისთან.

ჯგუფურ ეტაპზე ბრიტანელებმა 22:14 გვძლიეს, ამჯერად კი, მათი უპირატესობა უფრო თვალსაჩინო იყო - 33:5. როგორც ჩანს, კახა ალანიას შეგირდებმა მეოთხედფინალში მასპინძელი რუსეთის 19:17 დამარცხებას დიდძალი ფიზიკური თუ ემოციური ენერგია შეალიეს და ინგლისთან სათამაშოდ ერთგვარად მოდუნებულნი გავიდნენ.

ალბათ, ამის შედეგი უნდა იყოს მატჩის დაწყებისთანავე რომ დაიბნენ, ბურთი ვერ აიღეს და პირველი ლელო 30-ე წამზე გაუშვეს. მე-3-ე წუთზე მეორე ლელოც მივიღეთ და 0:14 ჩამოვრჩით, რის შემდეგაც ქართველებმა გაიბრძოლეს და ჯერ მარცხენა ფლანგიდან ირაკლი მაჩხანელმა, ხოლო მერე მარჯვნიდან ალექსი ტუჩაშვილმა და მერაბ კვირიკაშვილმა კარგად შეუტიეს, იერიში კი, ლელოთი ლაშა მალაღურაძემ დააგვირგვინა. გარდასახვა არაზუსტი იყო, ტაიმის ბოლოს ლელო მეტოქემაც გაიტანა შესვენებაზე 5:19 ჩამოვრჩით.

მეორე ტაიმში ინგლისმა კიდევ ორი ლელო გაიტანა და ფინალში ითამაშებს, საქართველოს ნაკრები კი, მოსკოვის ეტაპის მე-3-ე ადგილს შოტლანდიას შეეცილება, რომელიც ნახევარფინალში პორტუგალიასთან 5:10 დამარცხდა. თამაში 16:43 საათზე დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083571