ბორჯღალოსნები

15:40 | 18.03.2019 | ნანახია 3549 - ჯერ

მილთონ ჰეიგი: “შესვენებისას ბიჭებს ვთხოვე, უბრალოდ დამშვიდებულიყვნენ”
ლინ ჯონსი: “საქართველოს ნაკრები უბრალოდ უნიკალურია”

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებმა მილთონ ჰეიგმა და ლინ ჯონსმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა შეაფასეს, რომელიც “ბორჯღალოსნებმა” 22:6 მოიგეს. ზელანდიელი და უელსელი სპეციალისტების კომენტარები რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
მილთონ ჰეიგი: “ყოველთვის, როდესაც რუსეთში ჩამოვდივართ, იქნება ეს სოჭი თუ კრასნოდარი, რთული მატჩების ჩატარება გვიხდება. კარგად გვესმის, ქართველი ხალხისთვის ამ თამაშს რამხელა მნიშვნელობა აქვს. სრულად გვაქვს გააზრებული, რომ რუსებთან აუცილებლდ უნდა მოვიგოთ.
დღეს საშინელი კლიმატური პირობები იყო, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ლინ ჯონსის ხელმძღვანელობით, რუსეთის ნაკრებმა აშკარა პროგრესი განიცადა.
რაც შეეხება ჩვენს გუნდს, პირველი ტაიმი კარგად ნამდვილად არ ჩაგვიტარებია. ბიჭები ბევრს ნერვიულობდნენ და შეცდომები მრავლად იყო. შესვენებისას მათ ვთხოვე, უბრალოდ დამშვიდებულიყვნენ. საბოლოო ანგარიშით კმაყოფილი ვარ”.
ლინ ჯონსი: “პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოვიგეთ, ნათელია. კარგად დავიწყეთ, თუმცა, საწყის ოც წუთში ქულების აღების რამდენიმე შანსი გავანიავეთ. ზედ შესვენების წინ ლელო მივიღეთ და ამან რთულ ვითარებაში ჩაგვაგდო.
ცხადია, ცუდმა ამინდმა ორივე გუნდის თამაშს თავისი დაღი დაასვა, თუმცა, მე-2 ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს აკონტროლებდა და მეტი დრო ჩვენს ნახევარზე გაატარა. შედეგად, მატჩის მიმდინარეობაში კორექტივების შეტანა ძალიან გაგვიჭირდა.
მინდა, მეტოქეს რაგბი ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება მივულოცო, მითუმეტეს, რომ მათ მთელს ტურნირზე მხოლოდ 2 ლელო გაუშვეს. ეს ძალიან კარგი შედეგია. ამ შეჯიბრში ყველა ჩვენს მოწინააღმდეგეს გარკვეული ძლიერი მხარეები აქვს, საქართველო კი უბრალოდ უნიკალურია.
ლელოები, რომელიც მათ დაგვიდეს, შერკინებიდან მოდიოდა და გამოჩნდა, რომ ამ მხრივ უფრო მეტი მუშაობა გვჭირდება. ზაფხულში ურუგვაიში დაგეგმილ ერთა თასზე ვითამაშებთ და ეს, წინსვლისთვის კარგი საშუალება იქნება”.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:30 | 19.03.2019
გორდა (250)

ისე, ბოლო თამაშებში აშკარად ეტყობა ნაკრებს შესვენების შემდგომ თამაშში ცვლილებების შეტანა. აშკარაა ამ მხრივ მწვრთენელის (მწვრთნელების) მხრიდან დიდი სამუშაოა გაწეული.

2.471977