შიდა რაგბი

14:51 | 17.03.2019 | ნანახია 1258 - ჯერ

პირველი ლიგა | ‘ყოჩებს’ ელიტამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ

პირველი ლიგის ბოლოსწინა ტური რიონისპირული დერბით დაიწყო. ‘არესს’, თანაქალაქელმა ‘ბაგრატმა’ ჯეროვანი წინააღმდეგობა საწყის 20 წუთში უწია და ერთი ხანობა შალვა კიკვაძის შეგირდებმა შუამარბ ცოტნე კვესელავის გარდასახული ლელოთი ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს. „ომის მრისხანე ღმერთი“ აქცენტს რიგ სათამაშო კომპონენტების დახვეწაზე აკეთებდა და თან მთავარმა მწვრთნელმა სერგო ფრუიძემ მარქაფაში მყოფ რვავე მორაგბეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მისცა. ‘არესი’ გაშლილ, ხელდახელ თამაშს ეძალებოდა, რამაც „სერჟის“ ბიჭებს 8 ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა. დუბლით ‘არესის’ მარბიელი ნიკა სირაძე გამოირჩა. ‘ბაგრატის’ მარცხს წერტილი ფეხმარდი თერჯოლელი ფრთის ირაკლი ცხადაძის ლელომ დაუსვა - 46:14.

‘არესს’ დიდ 10-ში ასვლაზე, ელიტის მე-9 ადგილოსონთან თამაშის უფლების მოპოვების მინიმალური შანსი ჯერ კიდევ შერჩა. „სერჟის“ ბიჭები დასკვნით ტურში ‘კოლხი რაინდებს’ სტუმრობენ და პრემიით მოგების შემთხვევაში, თუკი ‘იუნკერები’ გურიაში წაიფორხილებენ და ‘არწივებთან’ მატჩში ნუგეშის აღებასაც ვერ მოახერხებენ, ასეთ შემთხვევაში პირველობაზე მეორე ადგილს კიკეთელებთან უკეთესი პირისპირ ბალანსის მქონე ‘არესი’ დაიკავებს.

მიმდინარე სეზონის ყველა შეხვედრაში მარცხგანცდილი და უქულოდ მყოფი ‘ბაგრატი’ მთელ აქცენტს პირველ ლიგაში დასარჩენ პლეი ოფის შეხვედრებზე აკეთებს. რიონისპირელებს რეგიონული ლიგის მესამე ადგილოსანთან 2-მატჩიანი დაპირისპირება მოუწევთ. შალვა კიკვაძე გადამწყვეტი შეხვედრებისთვის შემადგენლობის გაძლიერებას იმედოვნებს. აღსანიშნავია რომ ‘ბაგრატს’ დისკვალიფიკიაცია მოხდილი გუნდის ლიდერი ბაკურ გოშაძე დაუბრუნდა.

‘იუნკერები’ თავის მხრივ ‘ყოჩებთან’ პირველობისთვის ჭიდილში, პრაქტიკულად გადამწყვეტ შეხვედრაში დრამატული მარცხის შემდეგ, შოკური მდგომარეობიდან სრულად გამოსვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. გიორგი ზაბახიძის შეგირდებმა ‘კოლხი რაინდებთან’ საშინაო შეხვედრა ერთობ უგერგილოდ დაიწყეს. პირველ ტაიმში მსაჯს 2 ყვითელი ბარათი დასტყუეს და მატჩის პირველი ნახევარიც მარცხით 10:12 დაასრულეს. კოლხებმა ტექნიკურ ლელოს, შუამარბ ირაკლი სასანიას ლელოც წაუმატეს და ანგარიშში მცირე უპირატესობას მეორე ტაიმის საწყის წუთებამდე ინარჩუნებდნენ. კიკეთელები მარცხის საშიშროებამ დროულად გამოაფხიზლა და თან მარქაფას გარეშე მყოფ ‘კოლხებს’ დაღლაც დაეტყოთ. გიორგი ზაბახიძის შეგირდებმა მეორე ტაიმში 33 უპასუხო ქულა მიითვალეს, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში 43:12 მასპინძელთა გამოცდილი ბურჯის დავით გურგენიძის ლელომ დააფიქსირა.

პირველობის ლიდერ ‘ყოჩებს’ კი დიდ 10-ში დასაბრუნებლად ერთი ნაბიჯიღა აშორებთ. ქვეყნის 3-გზის ჩემპიონმა სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ ავჭალაში უმასპინძლა და მეტოქე სოლიდური სხვაობით 66:19 დაამარცხა. აკა ცინცაძის შეგირდებმა მესხებს 10 ლელო გაუტანეს. დუბლი ყოჩთა მარბიელმა გოგა იასაღაშვილმა მიითვალა. ფავორიტი მეტოქის „აქილევსის ქუსლს“, შერკინების პრობლემებს მაქსიმალურად იყენებდა და თან მოლსაც უკეთ აყენებდა. 2-წლიანი პაუზის შემდეგ ელიტაში დასაბრუნებლად ‘ყოჩებს’, პირველობის დასკვნით ტურში ქუთაისში აუტსაიდერ ‘ბაგრატთან’ ნებისმიერი სხვაობით მოგება ჰყოფნით.

ტურის დასკვნით შეხვედრაში, ‘დინამო’ ნუცუბიძის პლატოზე ოზურგეთის ‘არწივებს’ დაუხვდა. პირველ ტაიმში უხნესი ქართული გუნდი მცირე უპირატესობას ფლობდა. ლევან რამიშვილის შეგირდებს ოვალი მეტოქეზე სწრაფად ამოჰქონდათ და გადაწყობასაც უკეთ ახორციელებდნენ. ‘დინამოელებმა’, მგეზავ ირაკლი გოდერძიშვილის წყვილი ლელოს წყალობით, ტაიმი 2-ქულიანი უპრატესობით მოიგეს. მეორე ტაიმში გურულები გააქტიურდნენ და მთლიანობაშე მეტოქეზე ერთით მეტი, 4 ლელოს გატანა მოახერხეს. ‘არწივების’ მოთამაშე-მწვრთნელმა კახა ჩაჩავამ დადებულ ლელოს, ჩინებული არეკნიც დაურთო. სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა დერეფანსა და შერკინებაში მოიპოვეს და მატჩის მიწურულს ფულბეკ ოთარ მჟავიას ჯარიმით ‘დინამოს’ ნუგეშის აღების შესაძლებლობაც არ მისცეს 32:24.

‘არწივებმა’ ცხრილში მეოთხე პოზიცია გაიმყარეს და დასახული მიზნის მისაღწევად-მოწინავე კვარტეტში ადგილის შესანარჩუნებლად, პირველობის დასკვნითი ტურის საშინაო შეხვედრაში ‘იუნკერებთან’ ხელს ბონუსიც აძლევთ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ‘ტაო’ ახალციხეში ‘დინამოს’ პრემიით დამარცხებას შეძლებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082085