უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 6 ერის 2019 წლის გათამაშების გამარჯვებული გახდა. “წითელმა ურჩხულებმა” მშობლიურ “პრინსიპალითი სთედიუმზე” ირლანდიას გასაქანი არ მისცეს, პრესტიჟის ლელო მხოლოდ ბოლო წუთზეღა გაატანინეს და მეტოქე 25:7 დაამარცხეს.
ამგვარად, უორენ გეთლენდის შეგირდებმა წლეულს ხუთივე შეხვედრა მოიგეს (პირველად 2012 წლის შემდეგ), დიდი სლემის შესრულებისთვის 3 ბონუს-ქულას ირგუნეს და შეჯიბრი 23 ქულით დაასრულეს.
აღნიშნულმა შედეგმა სატურნირო მნიშვნელობა დაუკარგა ლონდონში დაგეგმილ მატჩს, თუმცა, საბოლოო ჯამში, “თვიქენჰემზე” ინგლისისა და შოტლანდიის ჯახი ისეთი გამოვიდა, ლამის საჩემპიონო შერკინებაც გადაფარა.
თავად განსაჯეთ: ედი ჯოუნსის შეგირდები პირველ ტაიმში 31:0 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც “ნარშავებმა” ზედიზედ 6 (!) ლელო დადეს და შეხვედრის ბოლო წუთისთვის 38:31-ს იგებდნენ. ერთადერთი, რაც გაოგნებულმა “ვარდებმა” მოახერხეს, უკვე გაწითლებულ დროზე ანგარიშის გათანაბრება იყო. სხვათა შორის, ამგვარი შედეგიანი ფრე საერთაშორისო სანაკრებო დონეზე პირველად დაფიქსირდა.
6 ერის “ხის კოვზი” უკვე ტრადიციულად იტალიის ნაკრებს გადაეცა, რომელიც რომის ოლიმპიურ სტადიონზე ასევე დაჩაჩანაკებულ საფრანგეთს ძალიან გაუძალიანდა, თუმცა, 14:25 წააგო და ტურნირი 0 ქულით დაასრულა. ტურნირზე ეროვნული ნაკრების მაისურით ბოლოჯერ ითამაშა “აძურის” დამსახურებულმა კაპიტანმა სერჯიო პარისემ, იტალიელებმა კი 6 ერის ეგიდით ზედიზედ 22-ე თამაში წააგეს.
იტალია – საფრანგეთი 14:25
ლელო: ტებალდი (54) – დუპონი (15), უჟე (45), პენო (78)
ჯარიმა: ალანი (5, 11, 42) – ნტამაკი (20)
გარდასახვა: ნტაკამი (16, 47)
არეკნი: ნტამაკი (62)
უელსი – ირლანდია 25:7
ლელო: პარქსი (1) – ლარმური (80)
გარდასახვა: ენსკომბი (2) – ქერთი (80)
ჯარიმა: ენსკომბი (17, 35, 40, 48, 53, 69)
ინგლისი – შოტლანდია 38:38
ლელო: ნოუელი (1), ქარი (8), ლონჩბერი (12), მეი (28), ფორდი (80) – მაკკინალი (34), გრემი (46, 56), ბრედბერი (49), რასელი (59), ჯონსონი (75)
გარდასახვა: ფარელი (2, 9, 14, 30, 80) – რასელი (35, 50), ლეიდლოუ (59, 76)
ჯარიმა: ფარელი (24)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაღაც ცუდი სუნი ასდის მაგ " ფანტასტიურ ჯახს" თვიქენჰემზე. იმედია ვცდები და ფეხბურთივით მაიმუნობები არ დაიწყეს აქაც
ცხრილი დაგედოთ ბარემ