ვეტერან მორაგბეს, ღვაწლმოსილ მწვრთნელსა და რუსთავში რაგბის ერთ-ერთ ფუძემდებელ დავით კაკაბაძეს დღეს 60 წელი შეუსრულდა.
ბატონი დავითი სპორტის ამ სახეობას 1979 წელს, 20 წლის ასაკში ეზიარა. ის ‘უნივერსიტეტში’ მისმა ჯგუფელმა და მეგობარმა, ლევან მგელაძემ მიიყვანა. სტუდენტისთვის რაგბი უცხო ხილი, ერთგვარი გართობის საშუალება იყო, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ ბურძგლამ ეს თამაში ისე შეაყვარა, 40 წელია რაგბს წამითაც აღარ ჩამოსცილებია.
1980 წელს უნივერსალი პირველხაზელი დავით კაკაბაძე ‘უნივერსიტეტთან’ ერთად საქართველოს პირველობის გამარვებული გახდა, 1981 წელს კი ბურძგლასთან ერთად ახლადშექმნილ ‘აკადემიაში’ გადავიდა, იქ 1985 წლამდე ითამაშა და თბილისის თასი მოიგო. დავით კაკაბაძეს რაგბისთვის თავი არც მაშინ დაუნებებია, როდესაც ერთი წლით სამუშაოდ ზესტაფონში წავიდა და ყველა თამაშზე თბილისში ჩამოდიოდა, რათა ‘აკადემიას’ დახმარებოდა.
პარალელურად, კაკაბაძეს საკავშირო პირველობაზე ‘ლოკომოტივის’ შემადგენლობაშიც ეძახდნენ, 1986 წლიდან კი ამ გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა და იქ 1990 წლამდე ითამაშა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დავით კაკაბაძე რუსთავში დასახლდა, სადაც საშა ლობჟანიძესთან ერთად, რუსთავში რაგბის კლუბის დაფუძნებაში მიიღო მონაწილეობა. რუსთაველებმა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური პირველივე წელს მოიპოვეს, 1993 წელს კი ჯერჯერობით ერთადერთხელ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები. ამ წელს დავით კაკაბაძე გუნდის მოთამაშე მწვრთნელი იყო, მერე კი ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა და სრულად გადაერთო მწვრთნელობაზე.
მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 1994 წელს საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის, ხოლო 1997 წელს ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. პარალელურად, ის მწვრთნელად საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც მუშაობდა და 2005 წელს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო (ლევან მგელაძესთან ერთად), რის შედეგადაც 2006 წელს 21-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა (დავით ჩავლეიშვილთან ერთად). 2010-2012 წლებში დავით კაკაბაძე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი იყო (ლევან მგელაძესთან ერთად) და იქაც გახდა ევროპის ჩემპიონი.
ამჟამად დავით კაკაბაძე რუსთავის ‘ხარების’ დირექტორია და თავის გამოცდილებას „ა“ ლიგის გუნდს უზიარებს.
რაგბის კავშირი დავით კაკაბაძეს ულოცავს 60 წლის იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებებს საყვარელ საქმიანობაში!
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები