ქუთაისში, ქართული რაგბის თემმა გამოჩენილი ქართველის მორაგბის ნუგზარ ძაგნიძის სახელი უკვდავყო და "აიას" ლეგენდარული უკანახაზელის ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს რაგბის კავშირის დასავლეთ აკადემიას მისი სახელი მიანიჭა. აკადემიის სათაო ოფისის კედელზე ძაგნიძის სახელი მარმარილოს დაფაზე საგანგებოდ იქნა ამოტვიფრული. ნუგზარ ძაგნიძის მემორიალური დაფის გახსნას რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ვიცე-პრეზიდენტი გია გორგასლიძე, ცნობილი მორაგბეები, ლეგენდის მეუღლე მაია ყიფიანი, ოჯახის წევრები, მეგობრები და ყოფილი თანაგუნდელები დაესწრნენ.
ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული რაგბის განვითარებაში ნუგზარ ძაგნიძის შეტანილ წვლილს. ნუგზარ ძაგნიძემ საბჭოური ეპოქიდან მოყოლებული უამრავ ტიტულთან ერთად საზოგადოების საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. ძაგნიძის თამაშის სანახავად სარაგბო შეხვედრებს სპორტის ქომაგთა მნიშვნელოვანი ნაწილი საგანგებოდ ესწრებოდა. რაგბის სპეციალისტები ბრძენ ტაქტიკოსსა და კარში უბადლო დამრტყმელ ნუგზარ ძაგნიძეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს 21-ე საუკუნის მოთამაშედ მიიჩნევდნენ. უნივერსალური თვისებების მქონე ძაგნიძეს ერთნაირი წარმატებით ხელეწიფებოდა როგორც მგეზავის, ასევე ფულბეკის პოზიციაზე თამაში.
ქუთაისის მკვიდრი ნუგზარ ძაგნიძე ოვალს პირველად რამაზ სვანიძემ აზიარა. 17 წლის ყმაწვილს კი შაკო ქურციკიძემ ‘აიას’ შემადგენლობაში სსრკ-ს უმაღლესი ლიგის პირველობაზე თავის გამოჩენის შესაძლებლობა მისცა. ძაგნიძის შემდგომი დაოსტატება კი რიონისპირელთა ლეგენდარული დამრიგებლის დუგლას კავთელაშვილის ხელნმძღვანელობით გაგრძელდა.
‘აიას’ შემადგენლობაში ნუგზარ ძაგნიძე 3-ჯერ გახდა სსრკ-ს ჩემპიონი, 2-ჯერ კი თასის მფლობელი. სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში ‘ერთა თასის’ წინამორბედ ‘ფირას’ პირველობაზე 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა. დამოუკიდებელი ქართული რაგბის გარიჟრაჟიდან მოყოლებული ძაგნიძემ ეროვნული ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო და აღნიშნულ ტიტულთა შუა, ჩოხატაურის ‘ჯანს’ ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა, რაც დღემდე ქართული რაგბის ისტორიაში გურიის რეგიონის ყველაზე დიდ წარმატებად რჩება.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბების პროცესში ძაგნიძის შეტანილი წვლილი. ზიმბაბვესთან, ‘ბორჯღალოსანთა’ სადებიუტო წარმატებულ შეხვედრაში ძაგნიძემ გუნდის მონაგარი 16-ივე ქულა პირად აქტივში მიითვალა და თან აფრიკელებთან მატჩში ქულები რაგბის ოთხივე ხერხით ( ლელო, გარდასახვა, ჯარიმა, არეკნი) აიღო. ნუგზარმა კარიერის მანძილზე 12-გზის მოირგო ‘ბორჯღალოსანთა’ კვართი და ქართული რაგბის ისტორიაში პირველ მოთამაშედ შეიქნა, ვინაც 100-ქულიანი ზღვარი გადალახა.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ნუგზარ ძაგნიძე ერთი ხანობა მშობლიურ ‘აიას’ მთავარი მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსაც დამრიგებლობდა. ნუგზარ ძაგნიძემ ძაგნიძეების დიდ სარაგბო დინასტიასაც დაუდო სათავე. ნუგზარი ძმა, ემზარ ძაგნიძეც ასევე ‘ბორჯღალოსანი’ გახლდათ. მამების ტრადიცია კი შემდგომ უკვე ღირსეულად მათმა შვილებმა გააგრძელეს.
ნუგზარ ძაგნიძე უმძიმესი ავადმყოფობის შედეგად, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართული სარაგბო საზოგადოება იმედს გამოთქვავს, რომ ნუგზარ ძაგნიძის სახელის უკვდავყოფა მოზარდი და ჭაბუკი მორაგბეების დაოსტატების საქმეს დიდ სამსახურს გაუწევს. ქართველ მორაგბეებს თვისტომი ლეგენდების მიმართ მოწიწება, პატივისცემა და მათგან მრავალი კეთილშობილი მაგალითის აღება არასოდეს მოჰკლებიათ.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია