ამბები

13:11 | 30.06.2014 | ნანახია 3271 - ჯერ

აფრიკაში ზიმბაბვე დაწინაურდა

გასულ შაბათს 2015 წლის მსოფლიო თასის აფრიკის შესარჩევი ჯგუფის დასკვნითი ეტაპი სენსაციით დაიწყო. ოთხეულის რეიტინგ ლიდერი და მთავარ პრეტენდენტად მიჩნეული ნამიბია მოულოდნელად დამარცხდა, თუმცა, მისთვის დაკარგული ჯერჯერობით არაფერია.

თამაშამდე ნამიბია რეიტინგში 22-ე ადგილს იკავებდა და კენიას ეთამაშებოდა, რომელიც აქამდე 33-ე იყო, მაგრამ ბოლო დროს გუნდის უკანა ხაზი 7-კაცა მსოფლიო სერიებში რეგულარული თამაშით გამოიწრთო და ეს შედეგზეც აისახა. ნამიბიელებმა დებიუტში 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მერე სინბინით დაისაჯნენ და ამით კარგად ისარგებლეს კენიელმა მორბენლებმა.

შესვენების წინ მათ ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში 19:12 დაწინაურდნენ. ნამიბია იოლად არ დანებდა და მალე წონასწორობაც აღადგინა, მაგრამ კენიამ საკუთარი შესაძლებლობების რომ ირწმუნა, 29:22 იმარჯვა. ამრიგად, 1999 წლიდან ყველა მსოფლიო თასის (ოთხი) მონაწილე ნამიბია საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ მას იმედები საბოლოოდ ჯერ არ გადაწურია. სამაგიეროდ, პირველ მსოფლიო თასზე გასვლის შანსი გაუჩნდა კენიას.

ამით 1991 წლის შემდეგ მსოფლიო თასზე დაბრუნების შანსი გაუჩნდა ზიმბაბვეს, რომელსაც ტურნირის მასპინძელმა მადაგასკარმა პირველ ტაიმში წინააღმდეგობა კი გაუწია, მაგრამ საბოლოოდ 22:57 დამარცხდა. უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ აფრიკიდან მსოფლიო თასზე გამსვლელი გუნდის ვინაობა ბოლო რაუნდამდე, ანუ 6 ივლისამდე არ გაირკვევა, მაგრამ ბევრი რამ 2 ივლისს გადაწყდება, როდესაც ზიმბაბვე ნამიბიას ეთამაშება, ხოლო კენია მადაგასკარის დამარცხებას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული ინგლისში საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე იქნება (ჩ ჯგუფი: ახალი ზელანდია, არგენტინა, ტონგა, საქართველო, აფრიკა 1), ხოლო მეორე ადგილოსანი მე-20-ე საგზურისთვის რეპეშაჟში გააგრძელებს ბრძოლას და ნახევარფინალში რუსეთს სტუმრად ეთამაშება.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076394