7-კაცა

14:35 | 11.03.2019 | ნანახია 2210 - ჯერ

7-კაცა - ორი კვირით აფრიკაში
შეკრება სამხრეთ აფრიკაში და ტურნირი ზიმბაბვეში

საქართველოს 7-კაცა ნაკრები გუშინ საღამოს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, სადაც ერთკვირიან შეკრებას გაივლის, შემდეგ კი მისი სამხრეთით, ზიმბაბვეში გადაინაცვლებს და საერთაშორისო ტურნირს ითამაშებს.

ჩვენი გუნდი ევროპის გრან პრის სერიებისა და 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება და აფრიკული ტურნე მზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

7-კაცამ სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში შეკრება ადრეც გაიარა და მწვრთნელები იქ მიღებული გამოცდილებით კმაყოფილი დარჩნენ. ამიტომ, როდესაც ზიმბაბვეს ტურნირიდან მოწვევა მიიღეს გადაწყდა, რომ მანამდე ერთკვირიანი შეკრება სამხრეთ აფრიკაში გაევლოთ.

„ზიმბაბვეში საერთაშორისო ტურნირზე მიგვიწვიეს, რომელსაც გუნდები მსოფლიო სერიის შესარჩევი, ჰონკონგის ტურნირისთვის მოსამზადებლად იყენებენ და ყოველთვის ძლიერი შემადგენლობა იყრის თავს. იქ ჩადიან სამხრეთ აფრიკისა და კენიის მეორე ნაკრებები, ასევე აფრიკის კონტინენტის სხვა წამყვანი ნაკრებები პირველი შემადგენლობით და ჰონკონგის ტურნირის მონაწილეები. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ შანსზე უარი არ გვეთქვა და მანამდე ერთი კვირით სამხრეთ აფრიკაში გვევარჯიშა“ - ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა და მზადების გეგმების შესახებ გვიყვება:

„ზამთარში ფიზმომზადების ერთი ეტაპი გავიარეთ. ამ მიმართულებით, სამხრეთ აფრიკაში ჩვენთან გრაჰამ ბენზი იმუშავებს, რომელიც კენიის ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი იყო. მასგან გვაქვს სიტყვიერი თანხმობა, რომ წელს ის ოფიციალურ ტურნირებშიც დაგვეხმარება. რა თქმა უნდა ვიმუშავებთ ტექნიკასა და ტაქტიკაზეც. მასპინძლებს მივმართეთ თხოვნით და სავარაუდოდ კვირის ბოლოს სპარინგ-თამაშებიც გვექნება“.

18 მარტს გუნდი ზიმბაბვეში ჩავა, სადაც ტრადიციული ტურნირი 23-24 მარტს გაიმართება, ჩვენი მეტოქეების ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა.

7-კაცა აფრიკაში 14-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. შარშანდელთან შედარებით გუნდში რამდენიმე ახალი სახეა. ყველაზე ახალგაზრდა 18 წლის იაგო ხაბულიანია, რომელმაც შარშან 18-წლამდე 7-კაცა ითამაშა. ნაკრების კვართით თამაშის შანსი პირველად ეძლევა დავით თაბუკაშვილს, ასევე ბონდო ლომიძეს. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ 7-კაცაში ითამაშებს ნიკა სუხაშვილი.

გუნდში ყველაზე მეტი, სამი წარმომადგენელი გორის "ჯიქს" ჰყავს, ორ-ორი მოთამაშეა მარნეულის "არმაზიდან" და ქუთაისის "აიადან", ასევე პირველ ლიგელი იუნკერებიდან.

ევროპის გრან პრიმდე 7-კაცა კიდევ ორ მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს, 25-26 მაისს საფრანგეთში, ტურში და 6-8 ივნისს - რომში. გრან-პრის პირველი ეტაპი მოსკოვში 22-23 ივნისსაა ჩანიშნული. ოლიმპიური თამაშების ევროპის ზონის შესარჩევი ტურნირი 13-14 ივლისს საფრანგეთში გაიმართება. მასში გრან პრის 9 მოწინავე, „ალაფას“ ორი და მესამე, კონფერენც დივიზიონის გამარჯვებული გუნდები ითამაშებენ.

აფრიკაში გაემგზავრნენ: ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ივანე ხელაია (ლოკომოტივი), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), ნიკო აფციაური (ლელო-სარასენსი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ბონდო ლომიძე (იუნკერები), დიმიტრი კალანდაძე (ჯიქი), ნიკა სუხაშვილი (ჯიქი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), იაგო ხაბულიანი (აია), გიორგი აბრამიძე (აია).

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:30 | 12.03.2019
პანტელეიმონი (1218)

ნაყოფიერ ვარჯიშს და წარმატებულ თამაშებს გისურვებთ ! ! !

0.088696