1:10 | 11.03.2019 | ნანახია 626 - ჯერ

ჭაბუკთა "ა“ ლიგა: ლიდერთა შორის სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა

ჭაბუკთა „ა“ ლიგის მე-11 ტური მუხიანში, ‘ხვამლისა’ და ქუთაისის ‘არესის’ შეხვედრით დაიწყო. მართალია, რატი ურუშაძის შეგირდებმა სოლიდური, 22-ქულიანი სხვაობით, 36:14 იმარჯვეს და დაგეგმილი პრემიაც აიღეს, თუმცა რიონისპირელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გიორგი მინაძის შეგირდებმა ფავორიტს ტოლი არ დაუდეს და მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მატჩის ბოლო 10 წუთშიღა მოიპოვეს.

პირველ ტაიმში ‘ხვამლი’ მაღალი სათამაშო დისციპლინით გამოირჩა. მუხიანელებმა მეტოქეს 3 უპასუხო ლელო გაუტანეს და შესვენებაზე 19:0 წავიდნენ. პირველი ნახევრის მსგავსად, ‘არესმა’ მეორე ტაიმშიც აქცენტი უპირატესად შერკინებაზე გააკეთა და საწადელსაც მიაღწია. ფულბეკ ბაკურ კუხალაშვილისა და ჰუქერ ანრი ბოგვერაძის ლელოთა წყალობით (კუხალაშვილმა ორივე გარდასახვა გამოიყენა), „ომის მრისხანე ღმერთმა“ ანგარიშში ჩამორჩენა 5 ქულამდე, 19:14 შეამცირა, თუმცა მინაძის ბიჭებს მატჩის სახსნელად ძალა არ ეყოთ. ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ‘ხვამლმა’ უპირატესობა დაიბრუნა და ბოლო 10 წუთში 3 ლელოს გატანა მოახერხა. ‘დუბლი’ მასპინძელთა მარჯვენა ფრთა საბა ინალიშვილმა შეასრულა, სტუმართა მარცხს კი წერტილი მღლეტელ საბა კურტანიძის ლელომ დაუსვა. აღსანიშნავია, რომ არდადეგების შემდეგ ‘არესმა’ თამაშს მკვეთრად უმატა. სეზონის წინ გიორგი მინაძეს პრაქტიკულად ახალი გუნდის შექმნა მოუხდა და ბიჭების შეთამაშებასა და მათი ფიზიკური კონდიციების ამაღლებას გვარიანი დრო დაჭირდა.

რატი ურუშაძის გუნდში აშკარად იგრძნობა ასაკობრივ ნაკრებში მივლინებულ წამყვან მოთამაშეთა არყოფნა. ‘ხვამლს’ მომდევნო 2 ტურში, რეგულარული სეზონის პირველი ადგილისთვის მებრძოლ უშუალო კონკურენტებთან, ‘ლელოსთან’ და ‘აიასთან’ ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

პირველობის ლიდერი და ჩემპიონი ‘ლელო’ თანაქალაქელ ‘ლოკომოტივი ხულიგანას’ „შევარდენზე“ დაუპირისპირდა. „რკინიგზელებმა“ წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, შედარებით ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარეს თავი, ‘ლელომ’ კი ასაკობრივ ნაკრებებში მივლინებულ მოთამაშეთა კვალ, რამდენიმე ტრავმირებული მორაგბეც მოისაკლისა და ოთარ ბარკალაიას ამჯერადაც თამაში მარქაფასა და ახალბედათა ნაზავით მოუხდა. მღლეტელ აკაკი ქოპილაშვილის დადებულმა ადრეულმა ლელომ ჩემპიონი თამაშის კალაპოტიდან გვარიანი დროით ამოაგდო, რითაც „რკინიგზელებმა“ მაქსიმალურად იხეირეს. ფრთა ბაჩანა მებონიას, მარბიელ რამაზ ბენდელიანისა და მესამეხაზელ ზურა ფრუიძის ლელოთა მეოხებით ‘ლოკომოტივი ხულიგანა’ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით წავიდა (19:7). მართალია, ფავორიტმა მეორე ტაიმში თამაშიც დაალაგა და საგრძნობი უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა ჩემპიონის ჯერ კიდევ შეუთამაშებელ მორაგბეთა გადამეტებული მცდელობის გამო, რასაც ტექნიკური წუნი უხვად ახლდა, „ცოფიანის“ ბიჭებმა მხოლოდ 4 ლელოს გატანა მოახერხეს და დაგეგმილი პრემიის გარეშე დარჩნენ - 33:19. ჩემპიონის მხრიდან მატჩის მეორე ნახევარში გატანილი ლელოებით ფულბეკი პაატა ღარიბაშვილი, მგეზავი/შუამარბი საბა ჯოხაძე, შუამარბი ლუკა კოროშინაძე და ფრთა ლუკა ღოლელიშვილი გამოირჩნენ. ‘ლელომ’ ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა მდევარ ‘ხვამლს’ 1 ქულითღა უსწრებს.

წარმატებას ტიტულის კიდევ ერთმა მაძიებელმა, ქუთაისის ‘აიამაც’ მიაღწია, თუმცა რუსთავში, ‘ხარებმა’ ფავორიტს ტოლი არ დაუდეს და მეორე ტაიმის შუაწელს მასპინძელთა ფულბეკ ბესო გაგიშვილს თავისი გატანილი ლელო მახვილი კუთხიდან რომ გარდაესახა, შესაძლოა ხარებს მატჩი თავის სასარგებლოდაც დაემთავრებინათ. თემურ ლობჟანიძის გუნდში გაგიშვილი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ, ვინაც უნარიან თამაშთან ერთად, „დუბლის“ შესრულებაც მოახერხა. რიონისპირელებმა კი პირველ ტაიმში მგეზავ გიორგი თევდორაძისა და მარბიელ ირაკლი გაბისონიას ლელოებს, მატჩის ბოლო წუთებზე შუამარბ თემურ კოხოძის ლელოც წაუმატეს და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში 19:12 იმარჯვეს. ‘აია’ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე რჩება, თუმცა ლიდერ ‘ლელოს’ კვლავ 3 ქულით ჩამორჩება და რეგულარული სეზონის მოგების შანსსაც ინარჩუნებს.

ტური ნუცუბიძის პლატოზე, ‘სამთასა’ და ‘არმაზის’ დაპირისპირებით დასრულდა. პირველ ტაიმში ‘არმაზი’ უპირატესობას ფლობდა, 2 ლელოს გატანაც მოახერხა და 10:3 დაწინაურდა. კიკეთელებმა მატჩში გარდატეხა მეორე ტაიმში შეიტანეს და მეორეხაზელ ილია მებონიასა და ფულბეკ ლუკა ბექაურის ლელოთა წყალობით 5-ქულიანი უპრატესობაც მოიპოვეს. მართალია ‘არმაზმა’ კიდევ ერთი დადებული ლელოთი ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა ბოლო წუთებზე ‘სამთას’ მგეზავ შოთა ღუდუშაურის გატანილმა ჯარიმამ გიორგი ენუქიძის გუნდის გამარჯვება დააფიქსირა - 18:15. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘სამთას’ კაპიტან არჩილ შენგელიას კარგი თამაში. კიკეთელთა მარბიელმა საკუთარი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მოწინავე რვეულში მესამე მოგებით ‘სამთამ’ სატურნირო ცხრილში ‘არესს’ 1 ქულით გაუსწრო, მეხუთე ადგილი დაიბრუნა, თუმცა აღნიშნული პოზიციის შესანარჩუნებლად კიკეთელებს მომდევნო ტურში „ომის მრისხანე ღმერთთან“ სტუმრად მოუწევთ პოზოტიურ შედეგზე ზრუნვა.

მე-12 ტური 2 კვირის შემდეგ გაიმართება. მოწინავე კვარტეტში მყოფი გუნდები ერთმანეთს ხვდებიან. ლიდერი ‘ლელო’ რუსთავის ‘ხარებს’ მესამე მასივში დაუპირსპირდება. ქუთაისში კი ტურის ტოპ-მატჩში ‘აია’ ‘ხვამლს’ უმასპინძლებს.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081682