შიდა რაგბი

23:48 | 10.03.2019 | ნანახია 1343 - ჯერ

პირველი ლიგა: "ყოჩები" ელიტას მიუახლოვდა

ნუცუბიძის პლატოზე, ‘ყოჩებისა’ და ‘არესის’ შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი გამარჯვების შემთხვევაში დიდი 10-ის საგზურს პრაქტიკულად ინაღდებდა. თავის მხრივ, რიონისპირელებს პრემიით მოგების შემთხვევაში გზა ელიტისაკენ ეხსნებოდათ.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. შუამარბ გიორგი ხარშილაძის ლელოთი, რომელიც თემურ სოხაძემ გარდასახა და ზედ ზუსტად შესრულებული ჯარიმაც დაურთო, დებიუტში ‘ყოჩებმა’ 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მცირე ხნით არეულ თამაშში კი ‘არესმა’ იხეირა. ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, სერგო ფრუიძის გუნდიდან ბურჯ ბაქარ ბურჯალიანისა და ფრთა ამირან შვანგირაძის ლელოთა წყალობით (მგეზავმა გაგა სინაურიძემ ერთი გარდასახვა გამოიყენა), ტაიმის შუაწელს „ომის მრისხანე ღმერთი“ 12:10 დაწინაურდა.

აკა ცინცაძის დროულმა კორექტივებმა ‘ყოჩებს’ თამაშიც დაულაგა და უპირატესობაც დაუბრუნა. ფავორიტი რიონისპირელებს ხაზსსა და დერეფანში ჯაბნიდა და შერკინებაშიც საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. დარჩენილ დროში ‘ყოჩებმა’ 6 ლელოს გატანა მოახერხეს და პრემიით, დამაჯერებლად იმარჯვა - 53:19. გააზრებულ, უნარიან თამაშთან ერთად ყოჩთა ლიდერმა, 35 წლის ბორჯღალოსანმა თემურ სოხაძემ რაგბში ერთობ იშვიათი და ფასეული ‘ფულჰაუსი’ შეასრულა. სოხაძემ, ვინაც დაცვაში-ფულბეკის, შეტევაში კი მგეზავის პოზიციაზე ირჯებოდა, ოთხივე ხერხით (ლელო, გარდასახვა, ჯარიმა, არეკნი) მოახერხა ქულების აღება. ‘ყოჩებმა’ 53 საცხრილო ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაბრუნებულ ‘იუნკერებს’ ჩემპიონატის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე 3 ქულით გაუსწრეს.

‘იუნკერები’ ქუთაისში ‘ბაგრატს’ სტუმრობდნენ და იოლ გამარჯვებასაც მიაღწიეს - 53:0. გიორგი ზაბახიძის შეგირდებმა დღემდე უქულოდ მყოფ აუტსაიდერს 9 უპასუხო ლელო გაუტანეს. კიკეთელთა მარჯვენა ფრთა ჯღამაიამ და გამოცდილმა მარბიელმა ალექსანდრე ტუჩაშვილმა „დუბლი“ შეასრულეს. ‘იუნკერების’ ბოლო იმედად მესხები რჩებიან. მომდევნო ტურში ‘ტაო’ ლიდერს სტუმრობს და სამცხე-ჯავახელთა წარმატების შემთხვევაში ელიტისკენ გზა კიკეთელებს გაეხსნებათ. ‘ყოჩების’ მოგების შემთხვევაში კი ზაბახიძის შეგირდებს დიდი 10-ის საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლა უმაღლესის მე-9 ადგილოსანთან ორრაუნდიან პაექრობაში მოუწევთ.

ახალციხეში, ‘ტაოსა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ შეხვედრა უხვქულიანი და დაძაბული გამოდგა. მესხთა ‘აქილევსის ქუსლით’ - პრობლემატური შერკინებით, თავიდან კარგად ისარგებლეს გურულებმა. ფრთა გიორგი კალანდაძისა და მღლეტელ ბექა ნაგერვაძის ლელოთა მეოხებით სტუმრებმა ტაიმი 18:16 მოიგეს. შეხვედრის მეორე ნახევარში მალხაზ ჭეიშვილის შეგირდებმა დაცვა გააძლიერეს, ტემპს უმატეს, ინდივიდუალური ოსტატობისა და სწრაფი გარღვევების ხარჯზე 35:21 იმარჯვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ‘ტაოს’ ფულბეკმა ბექა მაჭარაშვილმა მეორე ტაიმში ჰეთ-თრიკი შეასრულა. მესხებს პრემიის ასაღებად სულ 1 ლელო დააკლდათ, რამაც ‘ტაო’ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე დატოვა. აღსანიშნავია,რომ ჭეიშვილის ბიჭებმა, გურულების მსგავსად სეზონში 6 გამარჯვებას მოუყარეს თავი.

‘ტაოს’ გამარჯვებით, თბილისის ‘დინამოს’ მეოთხე ადგილის დაკავების შანსი გაუჩნდა. ქართული რაგბის ერთ-ერთმა უხნესმა გუნდმა ფოთში, ‘ივერია კოლხი რაინდებს’ პრემიით, 41:10 მოუგო, 23 საცხრილო ქულა დააგროვა და დარჩენილ 2 ტურში, უშუალო კონკურენტებთან: ‘ტაოსთან’ და ‘არწივებთან’ წარმატების შემთხვევაში, პირველობას დიდი ალბათობით მოწინავე კვარტეტში დაასრულებს.

კოლხებთან განვლილ შეხვედრაში ‘დინამომ’ 7 ლელოს გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ თავი ორივე გუნდის მოთამაშე მწვრთნელებმა გამოიჩინეს. მასპინძელთა ფულბეკმა ბაჩო ჩაჩავამ გუნდის მონაგარი 10-ივე ქულა (ლელო-გარდასახვა-ჯარიმა) პირად აქტივს შემატა, დინამოელთა მარბიელმა ლევან რამიშვილმა კი ლელოს გატანა შეძლო.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.117704