საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში სტუმრად ბელგიელთა განადგურებით რეიტინგში ვერაფერი შეიმატა და 73.93 ქულით კვლავაც მე-12 ადგილზე რჩება, “ბორჯღალოსანთა” კვალად კი დიდი გადაადგილებები მოხდა: პოზიცია მომდევნო რვა (!) გუნდმა შეიცვალა.
ყველაზე დიდი აურზაური სიეტლში გამართულმა შეხვედრამ გამოიწვია, სადაც ურუგვაის ნაკრები იყო ჩასული და აშშ-სთან ისტორიაში პირველი საგარეო გამარჯვება იზეიმა – 32:25.
შედეგად, სამხრეთ ამერიკელებმა, რომლებიც მომავალ მსოფლიო თასზე ქართველთა ერთ-ერთი მეტოქეები არიან, 69.09 ქულით აქამდე სამოელთა კუთვნილ მე-16 პოზიციაზე აინაცვლეს, აშშ-მ კი 2 საფეხური დაკარგა, მე-15-ზე გადაინაცვლა და წინ ტონგა და იტალია გაუშვა.
უკვალოდ არ ჩაუვლია რუმინელთა მარცხს (18:21) ესპანეთში. “მუხის ფოთლები” მადრიდულმა ფიასკომ მე-20 ადგილზე გადაიყვანა, რომელიც მათ ისტორიაში უარესი შედეგია. სამაგიეროდ, წინ წაიწიეს რუსეთმა და ხსენებულმა ესპანეთმა.
კლასიფიკაციაში მორიგ ცვლილებებს მომავალ უქმეებზე უნდა ველოდეთ, რომდესაც არაერთი მატჩია დაგეგმილი, თუმცა, ის კვლავაც არ უნდა შეეხოს საქართველოს ნაკრებს. “ბორჯღალოსნები” 10 მარტს ქუთაისში გერმანიას უმასპინძლებენ და ცხადია, წაგებას არ უნდა ველოდეთ, გამარჯვება კი ჩვენებს ქულებს ისევ არ მოუტანს.
აქვე, მიმდინარე კვირაში დაგეგმილ თამაშების განრიგიც.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი
9 მარტი: რუმინეთი – რუსეთი
10 მარტი: ესპანეთი – ბელგია
10 მარტი: საქართველო – გერმანია
6 ერი
9 მარტი: შოტლანდია – უელსი
9 მარტი: ინგლისი – იტალია
10 მარტი: ირლანდია – საფრანგეთი
რაგბი ამერიკის ჩემპიონატი
8 მარტი: აშშ – კანადა
9 მარტი: ჩილე – არგენტინა B
9 მარტი: ურუგვაი – ბრაზილია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია