სიახლეები

18:33 | 3.03.2019 | ნანახია 2513 - ჯერ

ესპანეთმა მსაჯის დახმარებით იმარჯვა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის დასკვნით მატჩში ესპანეთის ეროვნული ნაკრები მადრიდში რუმინეთს დაუხვდა და უელსელი რეფერის დახმარებით 21:18 სძლია.
საინტერესოა, რომ “ლომებმა” ძალიან ცუდად დაიწყეს და 0:13 ჩამორჩნენ, შემდეგ კი, უპირატესობა ხელთ იგდეს და დრამატულ ორთაბრძოლაში მოიგეს.
როგორც აღვნიშნეთ, მასპინძელთა წარმატებას ხელი ბრიტანელმა მსაჯმა ადამ ჯოუნსმაც შეუწყო, რომელმაც ესპანელთა პირველი ლელოს დროს წესების აშკარა დარღვევა ვერ დაინახა (ლელოს ავტორმა ფერნანდო ლოპესმა ბურთის დამიწებამდე ფლორინ ვლაიკუს ხელი ჰკრა), შერკინებაში “ლეონესის” მუდმივ ჯარიმებზე კი თვალს ხუჭავდა.
ამასთან, რეფერიმ რუმინელებს 2 მორაგბე გაუსინბინა, თუმცა, გარჯა არც სანტიაგო სანტოსის შეგირდებს უნდა დავუკარგოთ, რომლებიც ხელდახელ სწრაფად თამაშობდნენ და “მუხის ფოთლების” ჯანში უპირატესობა ამით გადაფარეს.
ამ წარმატების წყალობით, ესპანეთის ნაკრებმა 8 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. რუმინეთმა კი მხოლოდ სანუგეშო ქულა აიღო და 6 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
სათქმელია ისიც, რომ მორიგი მარცხი კარპატელებს მსოფლიო რეიტინგშიც ფრიად აზარალებს. ორშაბათს გამოსაქვეყნებელ კლასიფიკაციაში ისინი მე-20 ადგილამდე დაქვეითდებიან, ესპანეთი კი მე-19 საფეხურს დაიკავებს.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტური მომავალ უქმეებზე შედგება: 9 მარტს რუმინეთი ბოტოშანში რუსეთს დაუხვდება, 10-ში კი ქუთაისში საქართველო-გერმანია, ხოლო მადრიდში ესპანეთი-ბელგია გახლავთ დაგეგმილი.

ესპანეთი – რუმინეთი 21:18 (7:13)
ლელო: ლოპესი (28), ხიმენო (45), გიიომი (63) – დუმიტრუ (7), ზაჰარია (68)
გარდასახვა: ლინკლეიტერი (29, 46, 64) – ვლაიკუ (9)
ჯარიმა: არავინ – ვლაიკუ (3, 19)
ყვითელი ბარათი: სივილი (52) – სურუჯიუ (36), ვან ჰეერდენი (44)


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:28 | 03.03.2019
გორდა (250)

თამაში არ მინახავს და შეიძლება მსაჯის შეცდომებცა შეუწყო ხელი ესპანეთს, მაგრამ მაინც მგონია, რომ სწორად ესპანეთი არის დღეს-დღეობით ჩვენი "მეტოქე" ამ დონეზე და წლების შემდეგ ისინი საგრძნობლად გაუსწრებენ რუმინეთს და რუსეთს, თუ რა თქმა უნდა განვითარების მხრივ მსგავსი მოცემულობა იქნება მოცემულ ქვეყნებში.

0.113085