ბორჯღალოსნები

21:00 | 2.03.2019 | ნანახია 3430 - ჯერ

“ბორჯღალოსნების” დამაჯერებელი გამარჯვება ბრიუსელში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით ბელგიასთან მე-5 მატჩი ჩაატარა და როგორც აღნიშნულ მეტოქესთან, ასევე მიმდინარე ტურნირზე ასპროცენტიანი შედეგი შეინარჩუნა. დღეს, “ბორჯღალოსნები” “შავ ეშმაკებს” ბრიუსელის “პტი ეიზელზე” გაეჯიბრნენ და 46:6 იმარჯვეს.
შეგახსენებთ, რომ გუნდები მე-3 ტურის მატჩს განსხვავებულ მდგომარეობაში შეხვდნენ. მილთონ ჰეიგის შეგირდებმა საწყის შეხვედრებში რუსეთთან ერთად, უმთავრეს კონკურენტებად მიჩნეულ რუმინეთსა და ესპანეთს, შესაბამისად, კლუჟსა და თბილისში, 18:9 და 24:10 სძლიეს. ბელგიელებმა სასტარტო ტურში გერმანიას 29:22 კი მოუგეს, თუმცა, 2 კვირის წინ, სოჭში ძალიან უსუსურად გამოიყურებოდნენ და რუსებთან 7:64 განადგურდნენ.
საინტერესოა, რომ “შავ ეშმაკებს” შინაურ კედლებში მიჯრით 3 მატჩი ჰქონდათ მოგებული (გერმანიასთან 69:15 და 29:22, ესპანეთთან 18:10) და ალბათ, წარმატებული სერიის გაგრძელება ძალიან სურდათ, თუმცა, შემადგენლობების გამოცხადებისთანავე ნათელი გახდა, რომ დასავლეთ ევროპელებს კარგი არაფერი ელოდათ.
ესპანეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჰეიგმა სასტარტო რაზმში 6 მორაგბე შეცვალა – 4 ხაზში და ორიც შერკინებაში, თუმცა კი, შერკინების პირველი ხაზი უცვლელი დარჩა. პირველი წუთებიდან მინდორზე ისევ გურამ გოგიჩაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა გავიდნენ.
მეორე ხაზში, ნოემბრის ტესტების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდა ნოდარ ჭეიშვილი. ფრანგულ “ბრივში” მიღებული წითელი ბარათის შემდეგ, 5-კვირიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და თამაში შერკინების შემკვრელად დაიწყო ოთარ გიორგაძემ, ფლანკერებად კი კვლავაც გიორგი თხილაიშვილი და გიორგი ცუცქირიძე მოგვევლინენ.
9 ნომრის პოზიციაზე, 2-წლიანი შესვენების შემდეგ, სასტარტო რაზმში ადგილი დაიბრუნა გიორგი ბეგაძემ, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისურით 65-ე მატჩი ჩაატარა. ზედიზედ მეხუთე მატჩში მგეზავის როლი ახალგაზრდა თედო აბჟანდაძეს ერგო, შუამარბის რანგში კი ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე გამოჩნდა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდა.
მოშუშდა და ფულბექის პოზიციაზე სასტარტო თხუთმეტეულში ვიხილეთ სოსო მათიაშვილი, ფრთებზე კი ზურაბ ძნელაზე და მირიან მოდებაძე გამოჩნდნენ. ამ უკანასკნელს სანაკრებო დებიუტი 2017 წლის ნოემბერში ჰქონდა, მას შემდეგ ტრავმას იშუშებდა და “ბორჯღალოსნებს” რაგბი ევროპის პირველ ორ მატჩში შეცვლებზე დაუბრუნდა.
საინტერესოდ გამოიყურებოდა საქართველოს ნაკრების მარქაფაც, სადაც ისევ ვიხილეთ 9 ნომერი გელა აფრასიძე, სხარტი ბურჯი ზურაბ ჟვანია და გამოცდილი შალვა სუთიაშვილი. აღსანიშნავია, 18 წლის ვანო კარკაძის ფაქტორიც, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი თებერვალში, რუმინეთთან მატჩში ჰქონდა, თუმცა, ასაკის მიუხედავად გუნდში ადაპტაცია არ გასჭირვებია.
რუსეთში ჩატარებულმა კატასტროფულმა მატჩმა კარდინალური ნაბიჯებისკენ უბიძგა ბელგიის ეროვნული ნაკრების თავკაც გიომ აჟაკს. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, სასტარტო რაზმში 9 ცვლილება და 1 გადაადგილება მოხდა.
შედეგად, იზაკ მონტუაზიმ ჰავბექობიდან მგეზავის პოზიციაზე გადაინაცვლა, ადგილები კი მხოლოდ კაპიტანმა თომას დინსტმა (კვაჭი), ბურჯმა რომენ პინტემ, ფლანკერმა ჟიონ ბენუამ, შუამარბმა ლუი დე მოფარცმა და გარემარბმა თომას ვალრაფმა შეინარჩუნეს. სოჭის შეხვედრასთან შედარებით, მარქაფაში მხოლოდ ბურჯი მარტინ იესენი დარჩა.
დაიწყო მატჩი და სტარტი აიღო ქართველთა მუდმივმა იერიშებმაც. ინგლისთან ვარჯიშმოვლილი “ბორჯღალოსნების” ხაზი ნათელი იყო: მილტომ ჰეიგის შეგირდები ნებისმიერი პოზიციიდან შეტევის წამოწყებას ცდილობდნენ და თანაც, ეს ხელდახელ ხდებოდა, ფეხით ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა კი კატეგორიულად “აკრძალული” გვქონდა.
მატჩი თავიდანვე კარგ ვარჯიშად იქცა და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებმა დასახული მიზანს თავი კარგად გაართვა. საბოლოო ჯამში, 8 ლელო დავდეთ და თანაც მათგან “ბორჯღალოსნებისთვის” ნაცადი ძალისმიერი ხერხით გატანილი ნაკლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ “შავ ეშმაკებს” სახიფათო იერისა არაფერი ეტყობოდათ, ჩვენების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მასპინძლებს საკმაოდ მაღალი ტემპი შესთავაზეს და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ანგარიში ძალიან სწრაფად იზრდებოდა.
მატჩში ანგარიში ფრანგული “რასინგის” ახალგაზრდა ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა გახსნა, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო ლელო დადო. მალევე მას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთა იმედმა, ფრანგულივე “ორიაკის” მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ მიბაძა, ესტაფეტა უელსური “ოსპრეიზის” ვეტერანმა გიორგი ნემსაძემ გადაიბარა, პირველი ტაიმის ბოლო ლელო კი, ქუთაისის “აიას” გარემარბმა მირიან მოდებაძემ მიითვალა, რომელიც ფლანგზე ძალიან აქტიურად მოქმედებდა. სოსო მათიაშვილმა 1 გარდასახვა გამოიყენა, ბელგიელებმა კი მხოლოდ ლუი დე მოფარცის ჯარიმით გვიპასუხეს და შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით გავედით – 3:22.
მე-2 ტაიმი პირველის იდენტური გამოდგა. ქართველები მუდმივად უტევდნენ და სიმბოლურიც იყო, რომ მოწინააღმდეგე კვლავაც 4-ჯერ დაალელოვეს. საინტერესოა, რომ მე-2 ნახევარში პირველებმა ბელგიელებმა იხეირეს (დე მოფარცმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა), ჩვენებურთა შედეგიანმა იერიშებმა კი დაიგვიანა, თუმცა, დასკვნით 20 წუთში ბელგიელები 4-ჯერ დავალელოვეთ.
დუბლის შესრულება მოახერხა ცუცქირიძემ, თავი ზურაბ ძნელაძემაც გამოიჩინა, ბელგიელთა მორიგი შერკინების მერე, ბურთი ლელოში შეცვლაზე შესულმა გელა აფრასიძემ გადადო, ბოლოს კი, გიორგი თხილაიშვილმაც გაინავარდა და საბოლოოდ, 46:6 ვიმარჯვეთ. სათქმელია ისიც, რომ მე-2 ნახევარში ბელგიელთა ხაზის სუფთად გაჭრა მეტჯერ მოვახერხეთ და ლელოებიც უფრო ლამაზი გამოვიდა.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრებმა ბელგიელებთან ასპროცენტიანი შედეგი შეინარჩუნა. შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” ყველაზე მეტად 2013 წელს გაუჭირდათ, როდესაც გასვლითი შეხვედრის სტარტზე რეფერიმ დუდუ ქუბრიაშვილი გააძევა (მაშინ წითელი ბარათი ერთ-ერთმა ბელგიელმაც მიიღო) და ატალახებულ მინდორზე მხოლოდ 17:13 მოვიგეთ.
ბრიუსელში მე-2 სტუმრობა 2017 წელს შედგა და მაშინ საქართველომ 31:6 იმარჯვა, საშინაო თამაშებში კი არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია: 35:0 – თბილისში (2014) და 47:0 – ქუთაისში (2018.). ცხადია, “ბორჯღალოსანთა” დიდი უპირატესობა შესაბამისადაა ასახული სტატისტიკურ მაჩვენებლებშიც: 27:1 ლელოებსა და 176:25 – ქულებში.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 3 ტურის თავზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 13 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს. 10 ქულა აქვს აქტივში რუსეთს, რომელიც დღესვე ჰაიდელბერგში გერმანიას ესტუმრა და 26:18 იმარჯვა. ტურის ცენტრალური შეხვედრა ხვალ, 3 მარტს გახლავთ დაგეგმილი. თბილისის დროით 15:45 საათიდან ესპანეთი მადრიდში რუმინეთს დაუხვდება.
“ბორჯღალოსნებს” მიმდინარე ტურნირზე 2 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი. 10 მარტს, ქართველები ქუთაისში გერმანიას უმასპინძლებენ, 17-ში კი, კრასნოდარში რუსეთთან მორიგი შერკინება ელით და თუკი ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ წარიმართა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის (ყოფილი ერთა თასი) ოფიციალური ჩემპიონები მეთერთმეტედ გახდებიან.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:24 | 03.03.2019
gb13 (1)

გილოცავთ გამარჯვებას,ხარვეზები ისევ არის , მაგრამ მე იმედიანად ვუყურებ ამ გუნდს , ცუცქირიძე ძალიან მაგარი ბიჭია , კარკაძეც მომეწონა .11 , 14 ნომრებზე გვაქ პრობლემა , ვინმე თუ იცით მიქაუტაძე როდის ბრუნდება იმედია მსოფლიოს კარგ ფორმაში შეხვდება

11:22 | 03.03.2019
ogafa (407)

გილოცავთ .წარმატებები

03:20 | 03.03.2019
NIKA..01 (335)

თამაშის ხარისხი კვლავ შემაშფოთებელია მოგებაა მაინც და ვულოცავ ყველას,თუმცა უკვე მერამდენე თამაშია ხარისხი არ მომწონს ძალიან,სამწუხაროა და იმედია მსოფლიომდე გამოასწორებენ ბიჭები.ბევრი ბევრი შრომა ბიჭებო.წარმატებები!

03:09 | 03.03.2019
პანტელეიმონი (1218)

ვულოცავ მილტონს და ბიჭებს ბრწყინვალე გამარჯვებას ! ! !

21:33 | 02.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

აქ იკითხეს, თუ რატომ ქონდა საქართველოს ნაკრებს 8 ქულა(ბელგიის ნაკრებთან შეხვედრამდე) მაშინ როდესაც ესპანეთს 4 ლელო დაუდეთო. მინდა ვუპასუხო და თავადაც დავსვა შეკითხვა. რაგბი ევროპაზე 3 ლელოთი მეტი უნდა ქონდეს დადებული ბონუს ქულა რომ აიღო. ესპანელებმა 2 ლელო დაგვიდეს. ჩვენ კი, 2 ლელოთი მეტი 4 ლელო დავდეთ. ექვს ერზე კი ძველი წესი მოქმედებს - 4 და მეტი ლელოს დადენის შემთხვევაში იღებს გუნდი ბონუს ქულას, არაა აქვს მნიშვნელობა მოწინააღმდეგემ რამდენი დადო. 2017 წელს რუსეთთან ვერ ავიღეთ ბონუს ქულა (დავდეთ 4, მივიღეთ 2 ლელო) რაც რაგბი ევროპის ჩემპიონობის დაკარგვად დაგვიჯდა.

21:36 | 02.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

შეკითხვა კი ასეთია: ბონუს ქულას იღებ თუ გუნდმა 3 ლელო დადო, ხოლო მოწინააღმდეგემ ვერ დადო ლელო თუ აუცილებელია 4 ლელოს დადება?

14:01 | 03.03.2019
kakhaberry (30)

შეკითხვას რაც შეეხება თუ სამით მეტ ლელოზეა, წესით არ უნდა იყოს საჭირო მეოთხე, თუმცა თუ სწორად მახსოვს და არ მეშლება, კომენტატორებმა მეოთხე ლელოს დადების შემდეგ ახსენეს პრემიალური ქულა. თუმცა ნოთ შუა ))

14:00 | 03.03.2019
kakhaberry (30)

მეორე კითხვა არ ვიცი და პირველი მე დავსვი და იქვე ვნახე შენი პასუხი. მეგონა ჩვენს შიდა ჩემპიონატში იყო მხოლოდ ეგრე, მეტოქეზე სამით მეტი რომ უნდა დაგედო.

21:29 | 02.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

ეიგზე უკეთესი მწვრთნელი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებს, არა მგონია მოვძებნოთ. აგერ რუსებმა ნახეს ირლანდიელი, ესპანეთს, რუმინეთს,... ყავთ და ყავდათ სარაგბო ელიტიდან მწვრთნელები, მაგრამ არა მგონია რომელიმე ჰეიგს ჯობდეს. რუსებს უფრო მეტის გადახდა რომ შეუძლიათ მწვრთნელისთვის საკამათო არა მგონია იყოს. მგონია, რომ უცდიან ჰეიგს როდის გაუშვებს საქართველო, რომ თავიანთი მთავარი გუნდი ჩააბარონ. ჰეიგი ვერ ასწავლის მორაგბეებს ბურთის დაჭერას, სწრაფად სირბილს, ბოლო მომენტში ფეხზე თავი შეიმაგროს და არ დაეცეს ან ბურთი არ გაუვარდეს ხელიდან. ეს სარაგბო სკოლიდან უნდა მოდიოდეს.

21:29 | 02.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

ჰეიგზე

23:22 | 02.03.2019
test (124)

თვითონ ჰეიგი არ წავა რუსეთში, ან რად უნდა ბევრად მაგარი გუნდები ელოდებიან მაგის გამოთავისუფლებას... ))

21:27 | 02.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

გაფუჭებლმა გარდასახვებმა ჩამაფიქრა. 5 გარდასხვა ვერ გავიტანეთ. თანაც ვერ გაიტანეს მათიაშვილმა და აბჟანდაძემ, რომლებიც ადრე გარდასახვას არ აფუჭებდნენ თითქმის. მათიაშვილს მგონი სულ ერთი გარდასხვა ქონდა აქამდე გაფუჭებული.

00:10 | 03.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

აბჟანდაძეს მაგივრად აფრასიძე. უბრალოდ შეცდომით დავწერე.

21:24 | 02.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

გილოცავთ! მიუხედავად შეცდომებისა მომეჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები უბრალოდ ვარჯიშობდა.

21:23 | 02.03.2019
alfadhirhaiti (110)

მოკლედ, მიუხედავად ანგარიშისა, მაინც არ ჰგავდა ეს ჯგუფის ფავორიტის თამაშს. რეალურად უფრო დიდი სხვაობა უნდა დადებულიყო. რამდენი გარდასახვები გააფუჭეს, რა უბედურებაა. იაღლიშები კიდე არა და არ ილევა.

0.097637