2 მარტს ბორჯღალოსნები 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩს ბრიუსელში, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე იქნება.
ბელგიელებმა პირველ ტურში გერმანიას უმასპინძლეს და 29:22 სძლიეს, ხოლო 16 თებერვალს რუსეთს ეწვივნენ და 7:64 დამარცხდნენ. შედეგად, ისინი 4 ქულით ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე არიან.
ორი კარგი ტესტი
ბორჯღალოსნებმა პირველ ორ მატჩში გამარჯვება მოიპოვეს და თანაც მთავარი კონკურენტები დაამარცხეს - რუმინეთს კლუჟში 18:9, ხოლო ესპანეთს თბილისში 24:10 სძლიეს. აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვებები ჩვენმა გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით და ხუთი დებიუტანტით მოიპოვა, რაც მილთონ ჰეიგის კმაყოფილებას იწვევს:
„ახლა რომ ვუყურებ, ორი ძალიან კარგი ტესტი/გამოცდა გვქონდა, სწორედ ისეთი, როგორიც გვჭირდებოდა. ვნახეთ ახალგაზრდა ბიჭები, ახალი სახეები, რამდენად შეძლებდნენ საჭირო დონეზე თამაშს. ამავდროულად, მივიღეთ ის, რაც გვსურდა - მოვიგეთ ორივე თამაში!“
„რუმინეთთან, მით უმეტეს სტუმრად მოგება, ყოველთვის რთულია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუმინელებმა ჩვენთან თამაშისთვის საფრანგეთიდან ყველა უძლიერეს მორაგბეს უხმეს. ამან დაგვანახა, რომ ჩვენს ახალგაზრდა მოთამაშეებს მაღალ, საერთაშორისო დონეზე თამაშის უნარი შესწევთ“.
„ესპანეთს ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში, ძლიერი ქარის ფონზე ვეთამაშეთ. ბევრი შესაძლებლობა გვქონდა, თუმცა რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილებებში მოვიკოჭლებდით და ამ კუთხით ბევრი გვაქვს სამუშაო. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქარი ბურთს მიმართულებას მკვეთრად უცვლიდა და ასეთ დროს თამაში ძალიან რთულია“.
ხუთი დებიუტანტი ორ მატჩში
ჰეიგმა განვლილ ორ მატჩში ხუთი დებიუტანტი გამოსცადა - ბექა საღინაძე, დავით გიგაური და ვანო კარკაძე რუმინეთთან, ხოლო გრიგორ ქერდიყოშვილი და გიორგი ჯავახია ესპანეთთან:
„დებიუტანტებმა თავი საუცხოოდ წარმოაჩინეს. გუნდში კვლავ არიან გამოძახებული საღინაძე, გიგაური და კარკაძე. კმაყოფილი ვართ ჯავახიათი და ქერდიყოშვილით. ამ უკანასკნელმა უდიდესი შრომისმოყვარეობა გამოავლინა და როდესაც შანსი მიიღო, ის ძალიან კარგად გამოიყენა. მან სადებიუტი მატჩში ლელო მიითვალა. ესპანეთთან მეორე შეხვედრა ჩაატარა და ლელო გაიტანა გიგაურმა. ორივე მათგანით კმაყოფილი ვარ, მით უმეტეს, რომ ორივე მეორე ხაზელია. ზაფხულსა და ნოემბერში ამ პოზიციაზე თითქოს დამაჯერებლად არ გამოვიყურებოდით, ახლა კი თავს კომფორტულად ვგრძნობთ“.
„ძალიან კარგი მორაგბეა ჯავახია, თუმცა უკეთეს ფორმაში უნდა ჩადგეს, რადგან მას მესამე ხაზში განვიხილავთ. ის უდაოდ ძლიერი მორაგბეა. 18-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდებით და მას როგორც ღონიერ, უტეხ მოთამაშედ ვიცნობთ, რომელსაც გუნდისთვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია“.
ტრავმებიდან დაბრუნდნენ
ნოემბერის ტესტებზე ბორჯღალოსნებმა ტრავმების გამო რამდენიმე მორაგბე მოისაკლისეს, რომელთა ნაწილი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ორ მატჩში დაბრუნდა და ჰეიგი მათი მზადყოფნით კმაყოფილი დარჩა:
„მელიქიძე ზაფხულის ტესტებზე კუნძულებზე გვყავდა და მხოლოდ ნოემბრის ტესტები გამოტოვა. მირიან მოდებაძეს ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და გვიხარია, რეაბილიტაცია რომ დაასრულა. მისი ფიზიკური ფორმითა და მომზადების დონით კმაყოფილი ვარ. ახლა მან ბევრი უნდა ითამაშოს და ჩვეულ ფორმას დაუბრუნდეს“.
„იგივეს თქმა შემიძლია გიორგი აფციაურის შესახებ - სამწუხაროდ, ამ ბიჭს უკანასკნელი ორწლინახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი ტრავმა ჰქონდა და ახლა ბრუნდება. ის ‘ლოკომოტივში’ საკმაოდ კარგად გამოიყურება, ასევე მონდომებით ვარჯიშობს და რუმინეთთან და ესპანეთთან მიცემული შანსიც გამოიყენა. არ დაგვავიწყდეს, რომ მას ზურგს 2015 წლის მსოფლიო თასი და 24 სანაკრებო კეპი უმაგრებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მას მებრძოლის ყველა თვისება აქვს,რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია“.
„გიორგი ჭყოიძეც ტრავმებიდან დაგვიბრუნდა - ის კიდევ მუშაობს საკუთარ თავზე, რომ საჭირო ფორმაში ჩადგეს და კარგი კვაჭი გახდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის კვაჭის პოზიციაზე 8 ნომრიდან გადმოვიდა და ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრს მუშაობს. ამ მიმართულებით მას გრეემ როუნთრიც აქტიურად ეხმარება“.
ტრავმა მოიშუშა, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ბელგიასთან სათამაშოდ ემზადება გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, ასევე დავით კაჭარავა და გელა აფრასიძე, რომელიც რუმინეთთან მატჩისას დაშავდა:
„დიახ, ისინი დაბრუნდნენ, სრული დატვირთვით ვარჯიშობენ და ბელგიასთან მატჩისთვის ნამდვილად ფასდაუდებელნი იქნებიან. უმნიშვნელოვანესია, რომ კაპიტანი დაგვიბრუნდა! ის ძალიან შრომისმოყვარეა და დაუღალავად ვარჯიშობს. მან ძალიან განიცადა რუმინეთთან და ესპანეთთან რომ ვერ ითამაშა, საკმაოდ მოტივირებულია და ბელგიასთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადება. გამოცდილი მორაგბეების დაბრუნება მნიშვნელოვანია“.
სიღრმეები
მეორეს მხრივ, ჰეიგი ამბობს, რომ ბოლოდროინდელი ტრამები სამწვრთნელო შტაბს სიღრმეების შექმნაში დაეხმარა, რაც მსოფლიო თასის წინ უმნიშვნელოვანესია:
„გუნდში სიღრმეების შექმნა კონკურენციას ზრდის უშუალოდ ვარჯიშებზეც კი და ყველა უფრო მოტივირებულად ვარჯიშობს. ყველა ცდილობს, რომ სამატჩო რაზმში მოხვდეს, ეს კი თამაშის დონეზე აისახება. სწორედ ამიტომ, ახალი მოთამაშეების ნაწილს ივნისში და ნოემბერში, ნაწილს კი ახლა მიეცა შანსი და იმ შემთხვევაში, თუ ტრავმები კიდევ გვექნება, ვიცით ვის უნდა დავუძახოთ“.
„არ გვინდა მსოფლიო თასზე ისე წავიდეთ, რომ ერთ პოზიციაზე ორი ტრავმის შემთხვევაში, სამუშაო გეგმა არ გვქონდეს. გვინდა ყველაფრისთვის მაქსიმალურად მომზადებულები ვიყოთ და გვყავდეს ხალხი, ვისაც ნებისმიერი პოზიციის შევსება შეეძლება. მნიშვნელოვანია, რომ მათ საერთაშორისო, უფროსი სანაკრებო რაგბის გამოცდილება ჰქონდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო თასის წინ, ტრავმებისგან დაზღვეული არავინაა“.
ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე, რომელიც ნაკრებში ბოლო დროს გამოჩნდა და აგერ უკვე ზედიზედ ოთხი მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, 19 წლის მგეზავი თედო აბჟანდაძეა:
„ის ჩვენ ძალიან მოგვწონს და საუკეთესო ფორმაში მყოფი, ერთ-ერთ 10 ნომრად განიხილება. მნიშვნელოვანია, რომ მან რაც შეიძლება ბევრ საერთაშორისო მატჩში მიიღოს მონაწილეობა და გამოცდილება დააგროვოს. დიახ, თედომ ორ ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე საუცხოოდ ითამაშა, მაგრამ 20-წლამდელთა ჩემპიონატი კაცთა მსოფლიო თასს ნამდვილად ვერ შეედრება“.
მზადება ბელგიისთვის
ახლა ბორჯღალოსნები ინგლისში არიან და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ნაკრებთან ერთობლივ ვარჯიშებს მართავენ. ეს ვარჯიშები იაპონიის მსოფლიო თასისთვის, ასევე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე უახლოესი მატჩისთვის მზადებას ემსახურება, სადაც ორი ტურის შემდეგ, საქართველო 8 ქულით პირველ ადგილზეა:
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბელგიელები ბრიუსელში კერკეტი კაკლები არიან და მათთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ. როგორც წესი, ამ პერიოდში მათი მოედნის გრუნტი მძიმე, რიგ შემთხვევაში ტალახიანია და იოლი თამაში არ გვექნება. მათ ყავთ ზორბა, მძიმე მორკინალები, რომლებსაც თავიანთი თამაშის თავზე მოხვევა უყვართ. ბრიუსელი ჩვენთვის ყოველთვის კარგი გამოცდაა და მოუთმენლად ველით ამ თამაშს“.
„შემდეგ შინ დავბრუნდებით და ქუთაისში, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სარაგბო ქალაქში გერმანიას ვეთამაშებით, ბოლოს კი ფინალური მატჩისთვის, რუსეთთან სათამაშოდ კრასნოდარში გავემგზავრებით“.
ინგლისური შეკრებისა და ბელგიასთან მატჩისთვის მწვრთნელებმა რამდენიმე გამოცდილ მორაგბეს უხმეს - ზურაბ ჟვანიას და შალვა სუთიაშვილს, ასევე ოთარ გიორგაძეს, რომელსაც დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა:
„განვმეორდები და ვიტყვი, რომ წინ მსოფლიო თასია და ყველაფერი ამ ტურნირისთვის მოსამზადებლად კეთდება. ვაკვირდებით ახალგაზრდა მორაგბეებს, რისი შანსიც სხვა დროს ნაკლებად გვაქვს, ასევე გამოცდილ მორაგბეებს, რათა დავრწმუნდეთ, შესწევთ თუ არა იმ დონეზე თამაშის ძალა, რასაც ჩვენ ვითხოვთ. სწორედ ამიტომ, დარჩენილი მატჩები საინტერესო იქნება“.
„საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გამოვიძახოთ ზურაბ ჟვანია, რომელსაც დიდი სანაკრებო გამოცდილება აქვს და კლუბშიც საუცხოოდ გამოიყურება. გვიბრუნდებიან შალვა სუთიაშვილი და ოთარ გიორგაძე, რომლებიც ჩვენს თამაშს მეტ აგრესიულობას და ფიზიკურობას შემატებენ“.
საქართველოს ბორჯღალოსნები
2019 | რაზმი "რაგბი ევროპა"ზე ბელგიაში სათამაშოდ
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
უ | სანდრო თოდუა | ბათუმი [საქ დ 10] | 1987 | 77 | 11ლ 2სბ |
უ | ლაშა ხმალაძე | ბათუმი [საქ დ 10] | 1988 | 71 | 8ლ 4გ [48 ქ] |
უ | გიორგი აფციაური | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1994 | 24 | ლ |
უ | სოსო მათიაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1993 | 14 | 6ლ 19გ 19ჯ [125 ქ] |
უ | მირიან მოდებაძე | ქუთაისის აია [საქ დ 10] | 1997 | 5 | : |
შ | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს პრემიერ] | 1985 | 112 | 22ლ [4 კაპ] 3სბ |
შ | ლაშა მალაღურაძე | მონინოს ვე’ვე’ა [რუს პრემიერ] | 1986 | 89 | 4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ |
შ | მერაბ შარიქაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 60 | 11ლ [13 კაპ] |
შ | გიორგი კვესელაძე | მარნეულის არმაზი [საქ დ 10] | 1997 | 16 | 3ლ |
შ | ზურაბ ძნელაძე | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1992 | 6 | : |
10 | თედო აბჟანდაძე | ქუთაისის აია [საქ დ 10] | 1999 | 4 | შ 7გ 6ჯ [39 ქ] |
9 | გიორგი ბეგაძე | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1986 | 64 | 2სბ |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ პრო დ2] | 1996 | 41 | 7ლ |
9 | გელა აფრასიძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1998 | 12 | ლ |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | ზურაბ ჟვანია | ვოსპს [ინგ პრემ] | 1991 | 37 | 11ლ 2სბ |
1 | გურამ გოგიჩაშვილი | რასინგ [სფრ ტოპ 14] | 1998 | 3 | : |
2 | შალვა მამუკაშვილი | ენისეი [რუს პრემიერ] | 1990 | 63 | 5ლ სბ |
2 | ვანო კარკაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 2000 | 1 | : |
3 | ლევან ჩილაჩავა | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1991 | 45 | 8ლ სბ |
3 | გიორგი მელიქიძე | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 11 | ლ |
3 | ბექა გიგაშვილი | გრენობლ [სფრ ტოპ 14] | 1992 | 4 | : |
2ხ | გიორგი ნემსაძე | ოსპრეიზ [უელ პრო 14] | 1984 | 87 | 13ლ [11 კაპ] 6სბ |
2ხ | ნოდარ ჭეიშვილი | ქორნიშ პაირათს [ინგ ჩემპ] | 1990 | 19 | : |
2ხ | დავით გიგაური | მუნიჩიპალ [რუმ სუპერ] | 1994 | 2 | ლ |
3ხ | შალვა სუთიაშვილი | ანგულემ [სფრ პრო დ2] | 1984 | 72 | 2ლ [15 კაპ] 3სბ |
3ხ | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 48 | 10ლ სბ |
3ხ | ოთარ გიორგაძე | ბრივ [სფრ პრო დ2] | 1996 | 17 | 4ლ |
3ხ | ბექა გორგაძე | ბორდო [სფრ ტოპ 14] | 1996 | 16 | 6ლ 2სბ |
3ხ | გიორგი ცუცქირიძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1996 | 15 | 2სბ |
3ხ | ბექა საღინაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1998 | 1 | : |
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
"უკვე დროა"-ზე რომ იყოს მოგება კი ექნებოდათ შანსი)))რაგბი ევროპაზე ერთადერთი ნაკრები ვისაც შეუძლია დაგვამარცხოს თავად ჩვენ ვართ...
საქართველოს ნაკრებთან გამარჯვებაში ასეთი დარწმუნებული რუსები არ მინახავს - სჯერათ, რომ საქართველოს დაამარცხებენ. დარწმუნებული არიან თავიანთი გუნდის შესაძლებლობაში. სხვადასხვა ფორუმებზე, ვკონტაკტეში, ოდნოებში... რაგბის ფორუმებზე ოპტიმიზმით წერენ. ჩემი ნათესავია რუსეთში და იქ ძალიან ცოტაა რაგბის გულშემატკივარი, მაგრამ ვინცაა ისიც მასზე ამბობენ. "უკვე დროა, რამდენი ხანია არ მოგვიგია საქართველოსთვის" - ესაა მათი არგუმენტი. ისე რუსეთმა, რომ მოუმატა ეს აშკარაა.
რუსეთთან უძლიერესი შემადგენლობით უნდა ვითამაშოთ
კერკეტი კაკალი არა ტორტი კიდე
დიდი ანგარიშით მოაგებინე ნაკრებს, მოგვენატრა გულიანი გამარჯვებები!
WORLDSPORT.GE- რა გჭირთ?კომენტარების წერაზე გრაფიკი შემოვიღეთ?
რაც შეეხება რაგბს,ალბათ უკვე უნდა დაიწყოს სამსოფლიო შემადგენლობის შეთამაშება,მაგალითად შერკინებაში საჭიროა,განისაზღვროს სამეულები,რომლებიც ითამაშებენ ერთმანეთთან.არ ვამბობ,რომ აღარ გამოიცადონ მორაბეები,უბრალოდ დაიწყოს შერჩევა,რომელი შემადგენლობა უკეთ უგებს ერთმანეთს და ამის მიხედვით ვითამაშოთ მატჩებში,რომ უკეთ შეთამაშდნენ, დახვეწონ სქემები
ვერ ვხვდები იმ პირობებში როდესაც ძალიან გვიჭირს მეორე ხაზში, რატომ გადაყავთ ფიზიკურად ძალიან ძლიერი ჯავახია მეორე ხაზიდან მესამე ხაზში. მესამე ხაზში ისედაც უდიდესი კონკურენციაა და ვინ წავა მსოფლიოზე უდიდესი დავსატეხი იქნება.
მეორე ხაზში კიდევ მიქაუტაძის და ნემსაძის გარდა უმაღლეს დონეს არცერთი არ თამაშობს თუ არ ჩავთვლით ისევ ჯავახიას.
მესამე ხაზელები: გორგაძე, გიორგაძე, ცუცქირიძე, ლომიძე, კოლელიშვილი, თხილაიშვილი, ბიწაძე, საღინაძე, სუთიაშვილი.
პლიუს ამას სამომავლოდ ახალგაზრდა მესამეხაზელებიც ბევრი მოდის, მაგალითად ცხადაზე და ჯალაღონია. რომლებიც საფრანგეთში თამაშობენ.
უბრალოდ ძალიან მიკვირს რა მიდგომა აქვთ ..
ვერ ვხვდები იმ პირობებში როდესაც ძალიან გვიჭირს მეორე ხაზში, რატომ გადაყავთ ფიზიკურად ძალიან ძლიერი ჯავახია მეორე ხაზიდან მესამე ხაზში. მესამე ხაზში ისედაც უდიდესი კონკურენციაა და ვინ წავა მსოფლიოზე უდიდესი დავსატეხი იქნება.
მეორე ხაზში კიდევ მიქაუტაძის და ნემსაძის გარდა უმაღლეს დონეს არცერთი არ თამაშობს თუ არ ჩავთვლით ისევ ჯავახიას.
მესამე ხაზელები: გორგაძე, გიორგაძე, ცუცქირიძე, ლომიძე, კოლელიშვილი, თხილაიშვილი, ბიწაძე, საღინაძე, სუთიაშვილი.
პლიუს ამას სამომავლოდ ახალგაზრდა მესამეხაზელებიც ბევრი მოდის, მაგალითად ცხადაზე და ჯალაღონია. რომლებიც საფრანგეთში თამაშობენ.
უბრალოდ ძალიან მიკვირს რა მიდგომა აქვთ ..
მე თუ მკითხავ ჯავახიას მეორე ხაზშიც არაფერი არ ესაქმება ჯერჯერობით. ჭეიშვილი და სუთიაშვილი გაინაწილებენ მეორე ხაზის რეზერვის კვოტას მსოფლიოსთვის.