ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის მეცხრე ტური ლიდერთა დამაჯერებელი გამარჯვებით აღინიშნა. ტიტულის მაძიებელმა სამივე ფავორიტმა დაგეგმილი პრემია უპრობლემოდ აიღო. აღსანიშნავია, რომ 18-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებულ და ტრავმირებულ მოთამაშეთა გამოკლებით, ‘აიასა’ და ‘ხვამლს’ თამაში ძირითადის განახევრებული შემადგენლობით უწევთ, მოქმედი ჩემპიონი ‘ლელო’ კი, ასპარეზობას პრაქტიკულად მარქაფასა და დებიუტანტების ამარა აგრძელებს.
საკადრო პრობლემების მიუხედავად, ‘ლელომ’ ვაზისუბანში, ‘არმაზსთან’ აღმავლობით ჩაატარა შეხვედრა და მასპინძლები ‘მშრალი’ ანგარიშით, 26:0 დაამარცხა. ოთარ ბარკალაიას შეგირდები მწვრთნელის დავალებას ზედმიწევნით ასრულებდნენ და შესაბამისად, თამაშის მაღალი ორგანიზაციითაც გამოირჩნენ. ჩემპიონმა ქვემოქართლელებს ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილა. ‘ლელოს’ მარბიელმა ლუკა ამირანაშვილმა „დუბლი“ შეასრულა. დანარჩენი ლელოები კი შუამარბ ლუკა კოროშინაძისა და ჰუქერ ნიკა ქათამაძის ანგარიშზეა. ჩემპიონი 40 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში რჩება და მდევარ, მასსავით წაუგებლად მყოფ ‘ხვამლს’ 2 ქულით უსწრებს.
‘ხვამლი’ ნავთლუღში, ‘შევარდენზე’ ‘ლოკომოტივი ხულიგანას’ დაუპირისპირდა, ‘რკინიგზელებს’ 8 ლელო გაუტანა და ტურში ყველაზე სოლიდური სხვაობით იმარჯვა - 48:3. მართალია, შეხვედრის დასაწყისში ‘ლოკომოტივი’ ილია ბეკურიშვილის ჯარიმით დაწინაურდა, თუმცა მიზეზთა გამო „რკინიგზელთა“ შეთხელებული შემადგენლობისა და სასურველი მარქაფას უქონლობამ პირველივე ტაიმში იჩინა თავი. რატი ურუშაძის შეგირდებმა შეხვედრის პირველ ნახევარში გატანილ 4 ლელოს, მეორე ტაიმშიც ამდენივე ლელო წაუმატეს. მუხიანელთა რიგებში „დუბლით“ შეცვლაზე შესული შუამარბი საბა ინალიშვილი გამოირჩა. ‘ხვამლი’ ფიზიკური კონდიციების გარდა მეტოქეს რაგბის ყველა კომპონენტში აღემატებოდა, რამაც ურუშაძეს როგორც შემადგენლობის ლავირების, ასევე რამდენიმე ტაქტიკური სიახლის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობაც მისცა.
ტიტულის კიდევ ერთ მაძიებელ ქუთაისის ‘აიას’, წინა ტურში ‘არმაზის’ გამოუცხადებლობის გამო, დებულების თანახმად მოგება პრემიალური ქულით მიენიჭა. მორიგი პრემია კი გაგა გურეშიძის შეგირდებმა ამჯერად ბრძოლაში ,‘სამთასთან’ შეხვედრაში აიღეს, 36 საცხრილო ქულა დააგროვეს და ლიდერს კვლავ 4 ქულით ჩამორჩებიან. კიკეთელებმა სულ 15 მოთამაშეს მოუყარეს თავი და მატჩის მსვლელობისას 3 დაშავებული მორაგბის გამო, ნუცუბიძის პლატოზე გამართული შეხვედრა სულაც 12 კაცის ამარა ჩაამთავრეს. ‘სამთას’ მთავარ მწვრთნელ გიორგი ენუქიძეს პრობლემები არ ელევა. სწავლას დაწაფულ და რაგბს გამოთხოვებულ 6 პერსპექტიულ მორაგბეს, ძირითადის 3 ტრავმირებული მოთამაშეც დაერთო. მიუხედავად ამისა, ‘სენატორას ბიჭებმა’ პირველ ტაიმში მრისხანე მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა უწიეს, გიორგი ტყეშელაშვილმა ლელოს გატანაც შეძლო და რიონისპირელები შესვენებაზე მხოლოდ 9-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. ყველა რგოლში კარგად დაბალანსებულმა და ფიზიკურად კარგად მომზადებულმა ‘აიამ’, პირველ ტაიმში გატანილ წყვილ ლელოს, მეორე ნახევარში 5 წაუმატა და დამაჯერებლად იმარჯვა - 43:5. ქუთათურთა შუამარბმა დათო კვირიკაშვილმა პირად აქტივს ‘დუბლი’ შემატა.
მიჯრით მეოთხე მოგებამ, რუსთავის ‘ხარებს’ პლეი ოფში თამაში ამთავითვე დაუბევა. ‘არესი’, ქვემოქართლის დედაქალაქში მოწინავე კვარტეტში მოხვედრის ბოლო შანსის გამოყენებას ცდილობდა, თუმცა „ომის მრისხანე ღმერთი“ თემურ ლობჟანიძის შეგირდებს ტოლ-სწორად ოდენ პირველი ტაიმი ეომა და ფულბეკ დათო ბალუაშვილის ლელოთი მასპინძლები 3-ქულიან უპირატესობას დააჯერა. უკეთ მომზადებულმა ‘ხარებმა’ მეორე ტაიმში იძალეს. განსაკუთრებით კარგად ირჯებოდა რუსთაველთა ხაზი. მასპინძელთა 6 გატანილი ლელოდან, 5 სწორედ ხაზის მოთამაშეთა ანგარიშზეა. მინი-ბენეფისი მოიწყო მასპინძელთა მგეზავმა ნიკა ღავთაძემ, ვინაც ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა და საკუთარი გუნდის დამაჯერებელ გამარჯვებაში (43:12) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ‘ხარებმა’ მეოთხე პოზიცია გაიმყარეს და მეხუთე ადგილზე მყოფ ‘სამთას’ მთელი 14 ქულით გაუსწრეს. ქვემოქართლელები თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებენ და ამთავითვე ნათელი ხდება, რომ თემურ ლობჟანიძის გუნდი პლეი ოფში ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
მორიგი, მეათე ტურის გამორჩეული შეხვედრა მუხიანში გაიმართება. 3 მარტს ‘ხვამლი’ რუსთავის ‘ხარებს უმასპინძლებს.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია