ექვსი ერის 2019 წლის გათამაშების ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში უელსის ნაკრებმა მცირე სენსაცია მოახდინა, ედი ჯოუნსის მიერ გაწვრთნილ ინგლისს 21:13 სძლია და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა.
კარდიფულ “პრინსიპალითი სთედიუმზე” შეკრებილმა პუბლიკამ დიდი ბრძოლა იხილა. თუკი პირველ ტაიმში ფავორიტად შერაცხული “ვარდები” ყოჩაღობდნენ, შესვენების შემდეგ, “დრაკონებმა” საოცარი ბრძოლისინარიანობა გამოვლინეს, სტუმრებს მხოლოდ 3 ქულა დაანებეს და ზედიზედ მე-12 გამარჯვება იზეიმეს.
შეხვედრის ბედი დასკვნით თორმეტწუთეულში გადაწყდა, როდესაც უელსელებმა ტემპს მოუმატეს, ქორი ჰილმა და ჯოშ ადამსმა კი ლელოები მიითვალეს და სტუმრებს გადარჩენის იმედი გადაუწურეს.
უელსელებმა თავი 12 ქულას მოუყარეს და ინგლისს 2 ქულით გაუსწრეს, დღეს საღამოს კი, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, სავარაუდოდ, ირლანდიის ეროვნული გუნდიც ჩაებმება, რომელსაც რომის ოლიმპიურ სტადიონზე აუტსაიდერ იტალიასთან ჭიდილი ელის. თუკი “სამყურებმა” 4 ლელოს დადება შესძლეს, აქტივში 9 ქულა ექნებათ.
მიმდინარე შეჯიბრზე პირველი გამარჯვება იზეიმა საფრანგეთის ნაკრებმა. უელსთან – საშინაო და ინგლისთან საგარეო წარუმატებლობების შემდეგ, ჟაკ ბრუნელის შეგირდები პარიზულ სენ დენიზე შოტლანდიას დაუხვდნენ და 27:10 მოიგეს.
“სამფეროვნები” მეტოქეს ფაქტობრივად ყველა კომპონენტში ჯობნიდნენ და ანგარიში თამაშის მიმდინარეობას კარგად ასახავს. სათქმელია ისიც, რომ მასპინძლებმა 4 ლელოდან 2 ლელო შეხვედრის მიწურულს დადეს. 75-ე და 89-ე წუთზებე თავი “ლა როშელის” მესამეხაზელმა გრეგორი ალდრიტმა გამოიჩინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვეღარ ვრეგისტრირდები