შიდა რაგბი

22:15 | 21.02.2019 | ნანახია 906 - ჯერ

დიდი 10 | აია 19:23 ლელო-სარასენსი

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ უშუალო კონკურენტ ‘აიას’ ქუთაისში 23:19 სძლია და ექვსეულში დაბრუნდა.

გუნდებმა ქულათა უმეტესობა საწყის 25 წუთში მოიპოვეს. ამ პერიოდში სტუმართაგან ლელოები რეზო ჯინჯიხაძემ და აკაკი ტაბუცაძემ, ხოლო სტუმართაგან ბადრი დანგაძემ გაიტანა.

ანგარიში თბილისელებმა დებიუტში გახსნეს. მათ მარცხენა ფრთაზე გაჭრეს ხაზი და იერიში ჯინჯიხაძის ლელოთი მე-4 წუთზე დასრულდა, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა. ‘აია’ მალე დაბრუნდა, თედო აბჟანდაძემ ჯერ ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო მე-17 წუთზე მოლს დანგაძე მოწყდა და მისი ლელოს შემდეგ აბჟანდაძემ კიდევ 2 ქულა ჩაიწერა.

22-ე წუთზე ‘ლელო-სარასენსმა’ ცენტრთან მარჯვენა ფრთაზე გაჭრა ხაზი და ლელომდე აკაკი ტაბუცაძემ დაახლოებით 50 მეტრი ირბინა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვის შემდეგ, 10 წუთში ჯარიმაც გაიტანა და ტაიმი 20:13 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში აბჟანდაძემ ორი ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა მესამე დარტყმა გაუცუდდა. არაზუსტი იყო ლაშა ლომიძის შორეული ჯარიმაც. სამაგიეროდ 64-ე წუთზე ზუსტი იყო ირაკლი ყიასაშვილი და სტუმართა უპირატესობა 4 ქულამდე გაიზარდა. დასკვნითი წუთები ‘აიამ’ შეტევებში გაატარა, მაგრამ გამარჯვების ლელოს გატანა ვერ მოახერხა და 19:23 მარცხისთვის მხოლოდ ბონუსს დასჯერდა, ‘ლელო-სარასენსი’ კი, ამ მოგებით ექვსეულში დაბრუნდა.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087003