განახლებული პირველი ლიგის ჩემპიონატის მეათე ტური მოულოდნელი სკანდალით დაიწყო. ფოთის ‘კოლხი რაინდებმა’ ახალციხეში, ‘ტაოსთან’ სტუმრობა იუარეს. კოლხთა მოთამაშე-მწვრთნელმა ბაჩო ჩაჩავამ მიზეზად გუნდში არსებული მწვავე ფინანსური კრიზისი დაასახელა. ჩაჩავას თქმით, უსახსრობის გამო გუნდი ხუთმა მორაგბემ დატოვა, ტრავმირებული მრავალრიცხოვანი მოთამაშეები კი ელემენტარულ მკურნალობის შესაძლებლობას მოკლებულნი არიან. ‘კოლხი რაინდებს’, არათუ საწვრთნელი შეკრება, ზამთრის არდადეგებზე პრაქტიკულად არც უვარჯიშიათ. ჩაჩავა, როგორც რეგიონული ხელისუფლებისგან, ასევე ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისგან დახმარების მიღების იმედს არ ჰკარგავს. მომხდარზე კი სრკ-ს დისციპლინარული კომიტეტი უახლოესს დღეებში იმსჯელებს და ტრიბუნალის ვერდიქტს საზოგადოებაც ახლო მომავალში შეიტყობს.
დედაქალაქში, ნუცუბიძის პლატოზე ახლახანს გახსნილმა სარაგბო კომპლექსმა პირველ ოფიციალურ შეხვედრას უმასპინძლა. არენის მასპინძელმა ‘ყოჩებმა’ თანაქალაქელი ‘დინამო’ სოლიდური სხვაობით, 66:3 დაამარცხა. ქართული რაგბის უხნესმა კლუბმა ქვეყნის 3-გზის ჩემპიონს ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ მატჩის საწყისს 10 წუთში უწია და ‘დინამოელთა’ შუამარბმა ირაკლი გოდერძიშვილმა ‘ყოჩების’ ლელოს, გატანილი ჯარიმით უპასუხა. შეხვედრის დარჩენილმა დრომ კი აკა ცინცაძის შეგირდთა დიდი უპირატესობით ჩაიარა. ‘ყოჩებმა’ ნაყოფიერი საწვრთნელი შეკრება გაიარეს, ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარეს თავი და განვლილ შეხვედრაში განსაკუთრებით აღსანიშნავია მასპინძელთა ხაზის კარგი თამაში. ფავორიტმა მთლიანობაში 10 ლელოს გატანა მოახერხა. ‘დუბლით’ ყოჩთა გამოცდილი ფრთა ირაკლი გეგენავა და შუამარბი ნიკა ჟვანია გამოირჩნენ. მართალია აღებული პრემიალური ქულით ‘ყოჩები’ ‘იუნკერებს’ გაუტოლდა, თუმცა უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო, კიკეთელებმა სატურნირო ცხრილის პირველი საფეხური შეინარჩუნეს.
‘იუნკერებმა’ თავის მხრივ ტურის ტოპ-შეხვედრაში, ქუთაისში, ‘არესთან’ ორმაგად იხეირეს. ერთის მხრივ, გიორგი ზაბახიძის შეგირდებმა სეზონში განცდილი ერთადერთი მარცხისთვის რევანში აიღეს და თან ლიდერობაც შეინარჩუნეს. მამაქალაქში კოკისპირულმა, გადაუღებელმა წვიმამ თამაშს შესამჩნევი დაღი დაასვა. მოთამაშეებს სველი ოვალის დამორჩილება უჭირდათ და თამაშს ტექნიკური წუნიც უხვად ახლდა. უქულო ტაიმის შემდეგ, წარმატებას პირველმა „ომის მრისხანე ღმერთმა“ მიაღწია. ‘არესის’ მოთამაშე-მწვრთნელ გაგა სინაურიძის დაკიდებული ოვალი, ლელოდ ფულბეკმა ლაშა ხურცილავამ აქცია. სინაურიძემ ზუსტად გარდასახა და რიონისპირელები 7:0 დაწინაურდნენ. ‘იუნკერებმა’ მატჩის ბოლო 20 წუთში შერკინებაში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს, რამაც კიკეთელებს მატჩის შემოტრიალების შესაძლებლობა მისცა. სტუმრებმა ჯერ 5-მეტრიან ზონაში საკუთარი შერკინებიდან, ძალუმად მიწოლით საპასუხო ლელო გაიტანეს, რომელიც გამოცდილმა რამაზ ხარაზიშვილმა გარდასახა და ანგარიშიც გათანაბრდა 7:7. მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე ‘იუნკერებმა’ გამარჯვების მომტანი ლელო კვლავ შერკინების ხარჯზე გაიტანეს. ლელო მარბიელმა გიორგი შუკაკიძემ მიითვალა - 12:7.
‘არესს’ ელიტაში აღზევების შანსი კიდევ დარჩა. რიონისპირელთათვის ამ მხრივ გადამწყვეტი, თბილისში, ‘ყოჩებთან’ დაპირისპირება იქნება. აღსანიშნავია, რომ „ომის მრისხანე ღმერთმა“ შუა სასეზონო პერიოდში 4 ადგილობრივი გამოცდილი მორაგბის (ბორჯღალოსანი გიორგი როხვაძე; დავით ლოსაბერიძე; ბექა ტორაძე; ერეკლე ხელაძე) დამატებით შემადგენლობა მკვეთრად გააძლიერა და თან გუნდის ენერგიულმა პრეზიდენტმა გიორგი ჩიხლაძემ ქალაქის ხელნმძღვანელობასთან მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა, რამაც ‘არესს’ ადგილობრივი ბიუჯეტიდან საშური ასიგნირების მიღების შესაძლებლობა მისცა.
ქუთაისმა ტურის კიდევ ერთ შეხვედრას უმასპინძლა. ადგილობრივი ‘ბაგრატი’ ოზურგეთის ‘არწივებს’ მედგრად დაუხვდა, თუმცა მასპინძელთა მწირმა მარქაფამ და გურულების უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ, სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვება 29:6 დააფიქსირა. ‘ბაგრატის’ მხრიდან, პირველ ტაიმში წყვილი ჯარიმით მგეზავი ცოტნე კვესელავა გამოირჩა და მასპინძლები ერთი ხანობა ანგარიშში მინიმალურ უპირატესობასაც ფლობდნენ. კახა უჩავას გუნდში კი 5 გატანილი ლელოდან, პირველი და ბოლო ლელოს ავტორი კვაჭი ლევან დოლიძე გახლდათ. აღებული პრემიით გურულებმა ცხრილში მეოთხე ადგილი შეინარჩუნეს.
მორიგ, მე-11 ტურში, დედაქალაქში ‘იუნკერებსა’ და ‘ყოჩებს’ შორის დაპირისპირება, შესაძლოა, ფარული ფინალის დარი გამოდგეს, რამეთუ მატჩში გამარჯვებული გუნდი დიდ 10-ს მკვეთრად მიუახლოვდება.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია