ვეტერანმა ქართველმა მორაგბე დავით კაჭარავამ ტრავმა თითქმის სრულად მოიშუშა და თებერვლის ბოლოს მინდორზე დაბრუნებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ “ენისეის” ქართველი შუამარბი “კრასნი იართან” რუსეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის სასტარტო მატჩში დაშავდა და “ბორჯღალოსანთა” რამდენიმე თამაშის გამოტოვებაც მოუწია. ახლა, ყველაფერი კარგადაა და დავითიც მომავალს იმედიანად უყურებს.
“ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესი ფაქტობრივად დავასრულე. ნაკრების ექიმებთან ერთად აღდგენაზე ბევრს ვმუშაობ. ვფიქრობ, თვის ბოლოსთვის მზად ვიქნები და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებშიც ვითამაშებ.
რუმინეთის ნაკრებთან ჯახში ჩვენს რიგებში ბევრმა ახალგაზრდამ ითამაშა. მეტოქეს მინდორზე ყველა საუკეთესო ჰყავდა და მოგებასაც გეგმავდა, თუმცა, ბიჭები გამოწვევას გაუმკლავდნენ.
არ ვფიქრობ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კონკურენციის არარსებობა საქართველოს ნაკრების ზრდას ხელს შეუშლის. თაობათა ცვლა ძალიან კარგად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, გუნდი მუდმივად წინ ივლის”, - აღნიშნა კაჭარავამ, რომელსაც “ბორჯღალოსანთა” მაისურით 112 მატჩი აქვს ჩატარებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები დავითს, მალე გამოჯანმრთელდი და საუკეთესო ფორმაში შეხვდი მსოფლიოს ჩემპიონატს.
წარმატებები კაჭი,დაცვაში ძაან გვჭირდება
ძალიან კარგი, კაჭის გარეშე მსოფლიოზე გაჭირდება.