ბორჯღალოსნები

15:10 | 11.02.2019 | ნანახია 1317 - ჯერ

ასიეშვილი თებერვლის ბოლოს დაბრუნდება
ინტერვიუ ბორჯღალოსან ბურჯთან

"ბრივისა" და საქართველოს ნაკრების ბურჯმა კახა (კარლენ) ასიეშვილმა მუხლის ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა, თვის ბოლოს კი მოედანზე დაბრუნებას ვარაუდობს.

„ზაფხულის დასვენების შემდეგ, კლუბში ერთი კვირის დაბრუნებული ვიყავი, როდესაც ვარჯიშისას ჯვარედინი მყესები გავიწყვიტე. ეს 18 ივლისს მოხდა, 22 აგვისტოს ოპერაცია გავიკეთე და ასეთ დროს, პროტოკოლით, რეაბილიტაციისთვის მინიმუმ 6 თვეა საჭირო. ნელ-ნელა ფინალისკენ მივდივარ, დღეს (6 თებერვალს) გუნდთან ერთად პირველად ვივარჯიშე, ოღონდ კონტაქტის გარეშე, იმ კვირიდან კი სრულფასოვნად დავიწყებ მზადებას. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 2-3 კვირაში თამაშიც უნდა შევძლო, მაგრამ აჩქარებას არ ვაპირებ და თუ რაიმე კითხვის ნიშანი იქნება, მოედანზე დაბრუნებას არ გავრისკავ“ - ამბობს ასიეშვილი, რომლისთვისაც კარიერის განმავლობაში ეს ყველაზე ხანგრძლივი ტრავმა იყო:

„აქამდე 4 კვირაზე მეტხანს არასდროს გავჩერებულვარ და შეიძლება ითქვას, თამაში მშია. მოედანზე გასვლა მომენატრა, განსაკუთრებით ნაკრებთან ერთად. რთული პერიოდი მქონდა, თუმცა ვერაფერს ვიზამ, ეს სპორტია და მოედანზე თუ გადიხარ, ტრავმისთვისაც მზად უნდა იყო“.

"ბრივი" - ქართველებზე შეყვარებული გუნდი

31 წლის ბურჯი საფრანგეთში 2010 წლიდან თამაშობს. ‘ყოჩებიდან’ ის ფედერალ 1-ის ‘ორტეზში’ გადავიდა, პირველსავე სეზონში თავი გამოიჩინა და მომდევნო ორი წელიწადი პრო დე2-ის ‘ორიაკში’ გაატარა, 2013 წელს კი ტოპ 14-ის ‘ბრივს’ შეუერთდა და 5 სეზონი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ლიგაში გაატარა. მან ამ გუნდის მაისურით 96 თამაში ჩაატარა და 10 ლელო გაიტანა, თუმცა გასული სეზონის ბოლოს, მისი გუნდი პრო დე2-ში დაქვეითდა.

ასიეშვილს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და რადგან ამ ქალაქს და გარემოს მისი ოჯახი შეჩვეული იყო, გუნდის გამოცვლაზე არ უფიქრია. დიდია შანსი, რომ ‘ბრივი’ ფრანგულ და ევროპულ ელიტას წელსვე დაუბრუნდეს. გუნდი ამჟამად 52 ქულით მე-4 ადგილზეა და 8 ქულით ჩამორჩება ლიდერ ‘ნევერს’.

სასიხარულოა, რომ ‘ბრივში’ ექვსი ქართველი ირიცხება და ის პრო დე2-ში ერთ-ერთი ყველაზე „ქართული გუნდია“ (‘ორიაკთან’ ერთად), რაშიც ყველა იმ მორაგბის უდიდესი წვლილია, რომელთაც ამ გუნდის ღირსება დაუცავთ:

„ნდობის შედეგია ‘ბრივში’ ამდენი ქართველი რომ თამაშობს. ჩემამდე აქ არაერთ ქართველ ლეგიონერს უთამაშია და პატივისცემა მოიპოვეს, მეც მეექვსე წელია აქ ვარ და ამაში გარკვეული წვლილი მიმიძღვის. პირველ გუნდში ჩემს გარდა ვასილ ლობჟანიძე, ოთარ გიორგაძე, სოსო ბეკოშვილი და ლუკა გოგინავა არიან, ხოლო ლუკა ჯაფარიძე ესპუარებშია და კიდევ უნდათ ქართველების დამატება“.

ბორჯღალოსნები, 9 ნომერი ლობჟანიძე და მესამეხაზელი გიორგაძე, მიმდინარე სეზონში გუნდის ლიდერებად იქცნენ და მათ შესახებ ასიეშვილი ამბობს:

„ვასკამ ენა ისწავლა, თამაშს მოუმატა და ახალი მწვრთნელის ფაქტორმაც დიდი როლი ითამაშა. ზაფხულში მთავარ მწვრთნელად დევიდ დავიდსონი დაინიშნა, რომელთანაც მე ჯერ კიდევ ‘ორიაკში’ ვთამაშობდი. ის ვასკას პროგრესით კმაყოფილია, ენდობა და მეტ სათამაშო დროს აძლევს. ოთიას დამატება გუნდს ძალიან წაადგა და არჩევანში თავად ოთიასაც გაუმართლა. 5-6 თამაშის შემდეგ, ის გუნდის ლიდერად იქცა და ‘ბრივში’ ძალიან განიცადეს 5-კვირიანი დისკვალიფიკაცია რომ მისცეს. ეს დრო მალე გავა და გიორგაძე ჯერ საქართველოს ნაკრებს და მერე ჩვენს გუნდს დაუბრუნდება“.

კახა იმ ტენდენციაზეც საუბრობს, რამაც გიორგაძის ასეთი დისკვალიფიკაცია გამოიწვია:

„ყველა ვფიქრობთ, რომ ოთიას ასეთი დისკვალიფიკაცია არ ეკუთვნოდა, მას ხომ აქამდე ყვითელი ბარათიც არასდროს მიუღია?! მაგრამ საფრანგეთში რაგბი იქით მიდის, რომ რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი იყოს თავის არეში. ეს იმიტომ, რომ წელს საფრანგეთში თავის დაზიანებით სამი ახალგაზრდა მორაგბე დაიღუპა. გიორგაძეს იგივე გასულ სეზონში რომ გაეკეთებინა, შეიძლება ყვითელი ბარათიც არ მიეცათ“.

"ყველაზე რთული მომენტი"

ასიეშვილს ბორჯღალოსნების კვართით 34 თამაში აქვს ჩატარებული და 4 ლელო გაიტანა. ის ნაკრების უცვლელ წევრად 2015 წლიდან იქცა, მსოფლიო თასზეც ითამაშა, თუმცა ზაფხულში მიღებული ტრავმის გამო, ნოემბერში იტალიასთან მატჩი გამოტოვა:

„მთელს ამ პერიოდში ყველაზე რთული იტალიასთან მატჩის ტელევიზორში ყურება იყო. ამ თამაშისთვის ძალიან დიდხანს ვემზადებოდი და მოედანზე გასვლა ვერ მოვახერხე. ამით იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ ვინმემ რამე დააკლო და მე რომ ვყოფილიყავი რაიმე შეიცვლებოდა. იგივე ჩემს პოზიციაზე ვინც იყო, მეტი თუ არა ნაკლები არ გაუკეთებია და ამაზე გული სულაც არ მწყდება“ - ამბობს ასიეშვილი და ფიქრობს, რომ იტალიას უახლოეს პერიოდში კიდევ რომ შევხდეთ, გამარჯვება აუცილებლად ჩვენ დაგვრჩება:

„იტალიასთან თამაშს იმდენ ხანს ველოდებოდით, ერთგვარი სტრესის ქვეშ, შებოჭილები ვიყავით. მათთან უახლოეს პერიოდში კიდევ თუ მოგვიწევს თამაში, ალბათ შედეგი სხვაგვარი იქნება. თუნდაც ნოემბერში, იტალიასთან მეორე, ან მესამე თამაში რომ გვქონოდა, სასურველი შედეგის მიღების მეტი შანსი გვექნებოდა“.

მე-16 მოთამაშეზე მეტი

31 წლის მორაგბისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო საქართველოში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშია:

„ძალიან დიდი ძალაა, როდესაც შენი ქვეყნის ნაკრებში სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშობ და ისინი ზურგს გიმაგრებენ, გამხნევებენ. მათი მხარდაჭერა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მე-16 მოთამაშე. ტრიბუნებიდან უდიდესი ენერგია მოდის, რომელიც გავსებს და დაღლა საერთოდ აღარ იგრძნობა“.

ამ ენერგიას ბორჯღალოსნები 31 აგვისტოს მიიღებენ, როდესაც საქართველოს პირველად ეწვევა პირველი დონის გუნდი - შოტლანდიის ნაკრები და „დინამო არენაზე“ საქართველოს შეხვდება:

„საქართველოში ამ დონის გუნდი რომ ჩამოვა ძალიან კარგია. ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც საკუთარ მოედანზე ამ დონის გუნდს ეთამაშები. ეს იქნება მსოფლიო თასის წინა, მოსამზადებელი შეხვედრა და ვნახოთ როგორ კონდიციაში შევხვდებით“.

იაპონიაში ორი თამაშის მოსაგებად

წლის მთავარი მოვლენა მსოფლიო თასია, რომელსაც იაპონია უმასპინძლებს და ჯგუფურ ეტაპზე საქართველო 23 სექტემბერს უელსს, 29-ში ურუგვაის, 3 ოქტომბერს ფიჯის და 11-ში ავსტრალიას შეხვდება. კახა ფიქრობს, რომ პროგრამა მინიმუმის მიღწევა, ანუ ორი თამაშის მოგება სავსებით შესაძლებელია:

„იაპონიაში მინიმუმ ორი თამაში უნდა მოვიგოთ და 2015 წლის მსოფლიო თასის შედეგის გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ. როგორ უნდა ვთქვა, რომ ავსტრალიას, ან უელსს მოვუგებთთქო, მაგრამ გავალთ და ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ ყველასთან მხოლოდ მოსაგებად გავალთ და ვნახოთ რა გამოვა. ფიჯის სტუმრად 3 წლის წინაც ვეთამაშეთ, უძლიერესი შემადგენლობით არ იყვნენ და დავამარცხეთ. გასულ ზაფხულს ამ მეტოქის რეალური ძალა ვნახეთ და ვფიქრობ, იაპონიაში მათი დამარცხების კარგი შანსი გვექნება. ზაფხულში მათ პირველი ტაიმი მოვუგეთ, მაგრამ მერე მობილიზება დაგვაკლდა, შეცდომები დავუშვით და საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. იაპონიაში ასე ნამდვილად არ იქნება და პირველიდან ბოლო წუთამდე კონცენტრირებულები ვიქნებით“.

ასიეშვილს წარმატების იმედს ის შევსება აძლევს, რომელსაც ნაკრები ახალგაზრდა მოთამაშეების სახით იღებს:

„ჩვენი ნაკრები მაგარი ბიჭებით შეივსო და ეს ნოემბერშიც გამოჩნდა, როდესაც გადახალისებული შემადგენლობით ნაკრებმა სამოა და ტონგა დაამარცხა. მაგარი შევსებაა ჩემს პოზიციაზეც. მე გოგიჩაშვილის დიდი გულშემატკივარი ვარ და მას კონკურენტის თვალით არასდროს შევხედავ. საქართველოს ნაკრებში ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ და მთავარია გუნდმა მოიგოს, ქვეყანა ვასახელოთ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, წარმატებისთვის ყველა მაქსიმუმს ვაკეთებთ და ერთმანეთის კონკურენტებად თავს არასდროს მივიჩნევთ“.

www.rugby.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:57 | 24.02.2019
Nona1974 (7)

სხვა გვერდებზე არ რეგისტრირდება?

07:41 | 12.02.2019
გორდა (250)

წარმატებები კარლენს!
ქომაგებსაც მოგვენატრა შენი თამაშის ყურება, განსაკუთრებით ნაკრებში!
ისე ჰეიგს განსაკუთრებით მაგარი თავსატეხი ექნება პირველ და მესამე ხაზებში სამსოფლიოდ შესარჩევ შემადგენლობასთან დაკავშირებით!
მთავარია ყველა ჯანმრთელად იყოს და შესაბამის ფორმაში.
საქართველო შერკინების "ოქროს საბადოა" პირდაპირ!!

18:43 | 11.02.2019
NIKA..01 (335)

წარმატებები კარლენ!სრულ გამოჯანმრთელებას გისურვებ.ძალიან კარგი და საჭირო მორაგბეა

0.083461