გორის ‘ჯიქმა’ თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ მეორე ტაიმში სამი უპასუხო ლელო გაუტანა, 29:9 დაამარცხა და უშუალო კონკურენტის ბონუსით ძლევით, მოწინავე ექვსეულში შეაბიჯა.
დიდ დიღომში გამართული მატჩი საინტერესო გამოდგა და სტუმრები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ პირველი ტაიმი ერთი ქულით დათმეს. საწყის 10 წუთში დიმიტრი კალანდაძემ და ირაკლი ყიასაშვილმა ჯარიმები გაცვალეს, მე-13 წუთზე გორელებმა დერეფნიდან მოლით შეუტიეს, საჭირო მომენტში მას თორნიკე კიკნაძე მოწყდა, რომლის ლელო კალანდაძემ ვერ გარდასახა.
‘ჯიქმა’ შეძლო მეტოქის ნახევარზე ფეხის მოკიდება და წითელ ზოლში სახიფათოდ უტია, ერთხელ კი ეპიზოდის გარჩევას ვიდეო-რეფერიც დაჭირდა. მასპინძლებმა თავი რომ დაიცვეს ტაიმის დასკვნით წუთებში თავად შეუტიეს, ყიასაშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა და ‘ლელო-სარასენსს’ ტაიმი 9:8 მოაგებინა.
კალანდაძეს მეორე ნახევრის დებიუტში ორი ჯარიმა გაუცუდდა, აქედან ერთი გასატანი პოზიციიდან. სამაგიეროდ, გორელებმა 50-ე წუთზე ლელო გაიტანეს. მათ კვლავ დერეფნიდან შეუტიეს, მორკინალებმა 10-12 დარტყმა განახორციელეს და მიზანს გიორგი მჭედლიშვილი მიწვდა.
ამის შემდეგ ირაკლი სვანიძის ჯერი დადგა, რომელმაც 57-ე წუთზე ‘ჯიქის’ ლამაზი კომბინაციის შემდეგ სუფთად გაჭრა ხაზი, ხოლო 65-ე წუთზე მეორედ გაჭრა ხაზი და დუბლი შეასრულა. კალანდაძემ სამივე ლელო გარდასახა და ‘ჯიქმაც’ უშუალო კონკურენტთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 29:9.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1 - ხარებმა სერიოზული დონის რაგბი აჩვენეს ! ! !