სიახლეები

16:43 | 6.02.2019 | ნანახია 705 - ჯერ

რაგბი ევროპა: მსაჯები უმაღლეს დონეს შესწვდნენ
თევზაძე იწყებს, ამაშუკელი აგრძელებს

წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი ქართული რაგბისთვის განსაკუთრებულია - პირველად ტურნირის ისტორიაში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ქართველი მსაჯების ორი ბრიგადა იმუშავებს!

დებიუტი 9 თებერვალს შედგება, სადაც შოთა თევზაძე ბელგიისა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრას განსჯის. კიდეებიდან მას სულხან ჩიხლაძე და შოთა ცაგარეიშვილი დაეხმარებიან. ისინი ბრიუსელში ხვალ მიემგზავრებიან, მატჩი კი საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

„ქართველი მსაჯი ერთა თასის უმაღლეს დონეზე - ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, რომელსაც თავი ღირსეულად უნდა გავართვათ და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. ორი თანაბარი დონის გუნდი თამაშობს და საინტერესო შეხვედრის მოლოდინში ვარ. იმედია, ამინდიც კარგი იქნება და გაშლილი თამაშისგან სიამოვნებას მსაჯებიც მივიღებთ“ - განაცხადა თევზაძემ.

ამაშუკელი გააგრძელებს

ერთი კვირის შემდეგ, საქმეში ქართველი მსაჯების მეორე ბრიგადა ჩაერთვება და რუმინეთში, ქალაქ ბოტოშანში, ნიკა ამაშუკელი რუმინეთისა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრას იმსაჯებს. თამაში 16 თებერვალს, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება და ნიკას კიდეებიდან თორნიკე გვირჯიშვილი და ირაკლი ჭანუკვაძე დაეხმარებიან.

„გეგმის მიხედვით ვემზადებით. ისევე, როგორც ყველა მნიშვნელოვანი თამაშის წინ, მე, თორნიკე გვირჯიშვილი და ირაკლი ჭანუკვაძე განვიხილავთ ვიდეოებს. გვექნება ანალიზი რუმინეთი-საქართველოს და ბელგია-გერმანიის შეხვედრების, რათა ვნახოთ რა იარაღს იყენებენ ისინი. ჩვენი სურვილია, რომ რაგბი ევროპაზე საქართველო არა მხოლოდ ეროვნული ნაკრებით, არამედ მსაჯებითაც გამოირჩეოდეს. ამას ემატება ისიც, რომ რუმინეთის ნაკრების შერკინების მწვრთნელად ლაშა თავართქილაძე დაინიშნა, რომელიც ჩემი კარგი მეგობარია და საინტერესო იქნება მისი გაწვრთნილი შერკინების მსაჯობა“ - თქვა ამაშუკელმა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.114606