ვეტერანი ბორჯღალოსანი ლაშა თავართქილაძე რუმინეთის ეროვნული ნაკრების შერკინების მწვრთნელად დაინიშნა. 32 წლის სპეციალისტს 2009-2011 წლებში 9 კეპი აქვს მოხვეჭილი. სამწვრთნელო საქმიანობა მან თბილისის ‘არმიაში’ დაიწყო, 2017 წელს კი რუმინეთში გადაბარგდა და ‘CSM ბუქარესტის’ შერკინების მწვრთნელად დაინიშნა. პარალელურად, ის სწავლას აგრძელებდა და მესამე დონის მწვრთნელის ლიცენზია აიღო.
„2017 წლის ივლისიდან ‘ბუქარესტის’ შერკინების მწვრთნელი ვარ და ამ წელიწადნახევარში, კლუბის ისტორიაში პირველად, გუნდმა ორი თასი მოიგო. გარდა ამისა, პირველი წრის შემდეგ, ‘ბუქარესტი’ პირველი წრის შემდეგ პირველ ადგილზეა და ვეცდებით ჩემპიონის ტიტულიც მოვიპოვოთ, რაც ახალგაზრდა კლუბისთვის დიდი მიღწევა იქნება“ - ამბობს თავართქილაძე.
ბოლო წელიწადნახევარში გუნდის თამაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ რუმინეთის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ‘ბუქარესტიდან’ 12 მორაგბეს უხმეს. მათი უმეტესობა მორკინალები არიან, ეს რუმინეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასაც არ გამორჩა და განახლების გზაზე შემდგარ გუნდში, შერკინების მწვრთნელად ქართველ სპეციალისტს უხმეს.
„კლუბში წარმატებების ფონზე, არ გამკვირვებია რუმინეთის რაგბის კავშირიდან რომ დამიკავშირდნენ. გვქონდა შეხვედრა, განვიხილეთ გარკვეული საკითხები, შევთანხმდით და შერკინების მწვრთნელად დავინიშნე. რუმინეთის ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულად ემზადება, 10-დღიანი შეკრება პორტუგალიაში გაიარა და მასპინძლებთან ამხანაგური თამაშიც ჩაატარა. მე გუნდს კვირას საღამოს შევუერთდი და ორშაბათს ოფიციალურად წარმადგინეს. ბიჭებს უკვე ვესაუბრე, რაზე მოგვიწევს კონცენტრაცია, ყურადღების გამახვილება და პირველი ვარჯიშიც ჩავატარე“ - ყვება რუმინეთის ნაკრების შერკინების მწვრთნელად დანიშვნის შესახებ თავართქილაძე, რომელიც განვითარებაზე ზრუნვას აგრძელებს:
„შარშან ივნისში სუპერ-რაგბის ახალ ზელანდიურ ფრანჩაიზში, ‘ქრუსეიდერსში’ მაღალი მიღწევების მწვრთნელთა სწავლების 4-კვირიანი კურსი გავიარე, რაც ჩემს სამწვრთნელო კარიერაში დიდი ნაბიჯი იყო. ‘ქრუსეიდერსთან’ მაქვს შეთანხმება, ამა წლის მაისის ბოლოს მათთან კიდევ ერთხელ ჩავალ და თვეზე მეტხანს დავრჩები“.
საპასუხისმგებლო საქმე
ბედის ირონიით, ლაშა თავართქილაძე რუმინეთის ნაკრების შერკინების მწვრთნელის რანგში თავის პირველ შეხვედრას მშობლიური ქვეყნის, საქართველოს წინაარმდეგ გამართავს, რომლის კვართითაც ერთ დროს თავად უთამაშია, მათ შორის რუმინეთის წინააღმდეგაც.
პროფესიულ ერაში მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება გარდაუვალია, რაც კარგად აქვს გათვითცნობიერებული ლაშას, რომელმაც შერკინებით გამორჩეულ რუმინეთს, ახალი სიცოცხლე უნდა შთაბეროს:
„როდესაც მწვრთნელობას მოვკიდე ხელი, გათვითცნობიერებული მქონდა, რომ ამ საქმეს პროფესიონალურად უნდა მივყოლოდი, მაღალი მიზნები დავისახე და ასეთ სიტუაციაში ჩემი გადაწყვეტილება ჩვეულებრივი მოვლენაა. რუმინეთის ნაკრები მუდამ გამოირჩეოდა შერკინების სიძლიერით და კარგად მესმის, რომ ორმაგად საპასუხისმგებლო საქმეს მოვკიდე ხელი. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა, რაც კარიერულ წინსვლაში კიდევ ერთ დიდ ბიძგს მომცემს. მე ნაკრებში იმიტომ მიმიწვიეს, რომ მისი შერკინება გავაუმჯობესო და ვეცდები ამოცანას კარგად გავართვა თავი“.
თავართქილაძის მიზანია, რომ რუმინეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან და ნაკრების მწვრთნელებთან ერთად, გუნდს ძველი დიდება დაუბრუნოს:
„შარშან განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუმინეთის ნაკრებში გარკვეული ცვლილებები მოხდა. ნოემბერში ახალი მწვრთნელები დაინიშნეს, რომლებიც ტესტების შემდეგ სხვა მწვრთნელებმა შეცვალეს. ჩვენი მიზანია, რომ ნაკრები ძველ სიმაღლეებზე დავაბრუნოთ. მორაგბეებმა მენტალურად და ფსიქოლოგიურად რთული პერიოდი გამოიარეს, თუმცა დრო ყველაფრის მკურნალია და ახლა ნაკრების განვითარებაში ახალი ერა იწყება“.
„ქართული რაგბი სწორი გზით ვითარდება“
საქართველოსთან გასამართი მომავალი მატჩის წინ, რომელსაც 9 თებერვალს, ჩვენი დროით 16 საათზე კლუჟი უმასპინძლებს, თავართქილაძე პროგნოზებისგან თავს იკავებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ საინტერესო, დაძაბული და მძიმე მატჩი იქნება:
„თამაში გვანახებს რამდენად კარგად მომზადებულები ვხვდებით საქართველოსთან მატჩს და რამდენად კარგად მოემზადა საქართველო. ერთი რამ ცხადია, აქ ყველა მაქსიმალურადაა მობილიზებული, რათა ამ თამაშს ტექნიკურად, ტაქტიკურად და მენტალურად საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ. რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრას ყოველთვის დიდი დატვირთვა ჰქონდა. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ მხარდამხარ მოვდიოდით. საინტერესო და მძიმე თამაში იქნება. რუმინეთში სტუმრობა იოლი არასდროს ყოფილა და ეს 2017 წელსაც დადასტურდა“.
ლაშა ფიქრობს, რომ ქართული რაგბი სწორი გზით ვითარდება და შემადგენლობაში ახალგაზრდების სიმრავლეს ამით ხსნის:
„წლებია საქართველოში სხვადასხვა პოზიციებზე სიღრმეების შექმნაზე მიდის საუბარი და ფაქტია, ამან შედეგი გამოიღო. ეროვნული, 20-წლამდელთა და 18-წლამდელთა ნაკრებები, ასევე ის აკადემიები, რაც ამ წლების განმავლობაში შეიქმნა, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. საქართველომ მომავლისთვის ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა და ეს ქართული რაგბის განვითარებისთვის ძალიან კარგია“.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს საინტერესოა, ასპარეზზე რამდენიმე ძალიან საინტერესო ახალი თაობის ქართველი მწვრთნელები გამოდიან და სასიხარულოა. ამ ყველაფერში ერთი რაც უარყოფითია და არ მომწონს მათი მაღალ დონეზე განვითარების შეზღუდული სივრცე საქრთთველოში, რადგან საკლობო დონეზე ჯერ-ჯერობით ერთ ადგილს ვტკეპნით.