ბორჯღალოსნები

19:00 | 4.02.2019 | ნანახია 701 - ჯერ

რუმინეთი “ბორჯღალოსნებს” იმედიანად ხვდება

რუმინეთის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა რაგბი ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩისთვის.
შეგახსენებთ, რომ “მუხის ფოთლებს” 9 თებერვალს “ბორჯღალოსნებთან” შერკინება ელით, ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ რუმინელთა დროებითმა თავკაცმა მარიუს ტინკუმ ექსპერიმენტებზე უარი თქვა და უძლიერეს რაზმს უხმო.
30-კაციან შემადგენლობაში 8 მორაგბეა ფრანგული კლუბებიდან, 7 – “ტიმიშოარადან”, 6 – “ბუქარესტიდან”, 5 – “სტიაუადანა” და 4 – “ბაია მარედან”. თუ ვინ მოხვდება საბოლოო 23-კაციან რაზმში, ეს, კვირის ბოლოსკენ გახდება ცნობილი.
რამდენიმე დღის წინ, “მუხის ფოთლებმა” საკონტროლო მატჩი გამართეს და პორტუგალია 54:0 გაანადგურეს, მომავალი თამაშის წინ კი, ტინკუმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“4 თებერვალს მზადება ძირითად ჯგუფთან ერთად დავიწყეთ. ახლა, მთავარი აქცენტი საქართველოსთან მატჩზე გვაქვს გადატანილი. მინდა ის ჩანაფიქრები, რაც გაგვაჩნია, მინდორზე სრულად გადავიტანოთ. დარწმუნებული ვარ, თუკი ბიჭები თავდადებით ითამაშებენ და ამასთან, არჩეულ სტრატეგიასაც ბოლომდე მისდევენ, ჩვენი დამარცხება ძალიან ძნელი იქნება”.
შეგახსენებთ, რომ რუმინულ-ქართული ჯახი შაბათს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. თამაში კლუჟის ცენტრალურ სტადიონზე გახლავთ დანიშნული და მასზე დასწრება თავისუფალია.
ბოლოსკენ მომავალი თამაშის სარეიტინგო მნიშვნელობაზეც ვთქვათ. ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” 1 პოზიციით დაწინაურდებიან და მე-12 საფეხურიდან აშშ-ს დააქვეითებენ. აი, მარცხის შემთხვევაში კი, საქართველო ტონგასა და იტალიის უკან, მე-16 ადგილზე აღმოჩნდება.

რუმინეთის ნაკრების შემადგენლობა
ბურჯები: მიჰაი ლაზარი (“გრენობლი”, საფრანგეთი), იონ ბადიუ (“ვალანსი”, საფრანგეთი), ანდრეი ურსაკე (“კარკასონი”, საფრანგეთი), კონსტანტინ პრისტავი (“ბაია მარე”), ალექს გორდაში (“ბუქარესტი”).
კვაჭები: ოთარ ტურაშვილი (“კოლომიე”, საფრანგეთი), ეუჯინ კაპატინა (“ტიმიშოარა”), ოვიდიუ კოჟოჩარუ (“ბაია მარე”).
მეორე ხაზი: მარიან დრენჩეანუ (“ბუქარესტი”), მარიუს ანტონესკუ (“კოლომიე”, საფრანგეთი), იოჰან ფან ჰეერდენი (“პერპინიანი”, საფრანგეთი).
მესამე ხაზი: მიჰაი მაკოვეი (“კოლომიე”, საფრანგეთი), ანდრე გორინი (“მასი”, საფრანგეთი), ადრიან იონი (“ბუქარესტი”), კრისტიან ჩირიკა (“ბაია მარე”), ვიორელ ლუკაჩი (“სტიაუა”), დორინ ლაზარი (“ტიმიშოარა”).
9 ნომრები: ფლორინ სურუჯიუ (“სტიაუა”), ვალენტინ კალაფეტეანუ (“ბუქარესტი”).
10 ნომერი: დანიელ პლაი (“სტიაუა”).
გარემარბები: იონუც დუმიტრუ (“სტიაუა”), ნიკოლას ონუტუ (“ბუარესტი”), ვლად ზაჰარია (“ტიმიშოარა”).
შუამარბები: ფრორინ ვლაიკუ (“ბუქარესტი”), ალექსანდრუ ბუკური (“ბაია მარე”), ვლადუც პოპა (“ტიმიშოარა”), კატალინ ფერკუ (“ტიმიშოარა”), კოსმინ ილიუცა (“ბუქარესტი”).
ფულბექი: მარიუს სიმონესკუ (“ტიმიშოარა”).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093394