საერთაშორისო

16:45 | 3.02.2019 | ნანახია 2149 - ჯერ

ინგლისმა ირლანდიას შანსი არ დაუტოვა
შოტლანდიამ იტალიას შესუსტებული რაზმითაც აჯობა

6 ერის 2019 წლის გათამაშების პირველივე ტურში სუპერშერკინება ვიხილეთ. ტურნირის ფავორიტთა ჯახში ინგლისმა ირლანდიას შანსი არ დაუტოვა და დუბლინის “ავივა სთედიუმზე” 32:20 სძლია.
ედი ჯონსის შეგირდებმა მასპინძლებს ყველა კომპონენტში აჯობეს და რომ არა “სამყურების” მიერ ზედ ბოლო წამებზე დადებული პრესტიჟის ლელო, სხვაობა საერთოდაც შთმბეჭდავი იქნებოდა.
სტუმართაგან ლელოები მეიმ, დეილიმა და სლეიდმა (2) დადეს, შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ კი ბურჯი მაკო ვუნიპოლა აღიარეს, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია.
კურიოზული გამოდგა ელიოტ დეილის ლელო, რომელმაც წინა დღით საფრანგეთისა და უელსის შეხვედრა გაგვახსენა. ინგლისელთა გადაკიდებული ბურთი ხელიდან ჯონათან სექსტონს გაუვარდა, დეილიმ კი საჩუქარი კარგად გამოიყენა.
სხვათა შორის, მე-2 ტაიმში სექსტონმა ბურთი და სალელოე შეტევა უკვე სლეიდს გადააბარა და მატჩის მთავარ ანტიგმირადაც იქცა, მიუხედავად იმისა, რომ დარტყმა არ გაუცუდებია და ირლანდიელებს გარდასახვა-ჯარიმებით 10 ქულა შესძინა.
მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა ედინბურგის “მარიფილდზე”, სადაც შოტლანდილები 6 ერის აშკარა აუტსაიდერ იტალიას დაუხვდნენ და 33:20 მოიგეს.
გრეგორ თაუნსენდის შეგირდები მეტოქეს შესუსტებული შემადგენლობით დაუხვდნენ, თუმცა, ეს, თამაშს არ დატყობია.
საათის თავზე სქოთებს უკვე 5 ლელო ჰქონდათ დადებული და აპენინელებს 33:3-ს უგებდნენ, რის შემდეგაც ინციატივა სტუმრებს გადაულოცეს. იტალიამ აღნიშნული კარგად შეირგო, დასკვნით ათ წუთში “ნარშავები” 3-ჯერ დაალელოვა და ანგარიში შეალამაზა.
გასაკვირი არ ყოფილა, რომ მატჩის საუკეთესო მორაგბედ შოტლანდიელი ბლეირ კინგჰორნი აღიარეს. მასპინძელთა გარემარბმა 3 ლელოს დადება მოახერხა.
6 ერის მე-2 ტურის მატჩები მომავალ უქმეებზე შედგება: 9 თებერვალს შოტლანდია ირლანდიას მიიღებს, იტალია – უელსს, ხოლო 10-ში ინგლისი საფრანგეთს დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.097851