სარაგბო 6 ერის 2019 წლის გათამაშებამ სტარტი პარიზში აიღო, სადაც საფრანგეთის ნაკრებმა უელსელებს პირველი ტაიმი 16:0 მოუგო, მეორეში კი ინიციატივა მეტოქეს გადაულოცა და 19:24 დამარცხდა.
გადაუღებელი წვიმის მიუხედავად, “სენ დენი” თითქმის ბოლომდე შეივსო და სასტარტო შეხვედრის კვალობაზე კარგი სანახაობაც იხილა. მიუხედავად იმისა, რომ მორაგბეებს სველი ბურთი ხშირად უვარდებოდათ და დამრტყმელებმაც ბევრი ააცილეს, შერკინებას დრამატიზმი არ დაჰკლებია: გუნდებმა ჯამში 5 ლელო მიითვალეს და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამამდე გაურკვეველი იყო.
თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ლუი პიკამოლის ლელო სრულიად ლოგიკური გახლდათ. “სამფეროვნების” 8 ნომერმა მრავალფაზიანი შეტევა დაასრულა, როდესაც “დრაკონების” დაცვით ხაზში ღრიჭო შენიშნა და ბურთი დაამიწა. მორგან პარამ საკმაოდ იოლი გარდასახვა ააცილა, მალევე მას კიდევ 1 გარდასახვა და ჯარიმაც გააცუდა და მოგვიანებით, დამრტყმელის მოვალეობა კამილ ლოპესს გადააბარა.
უელსელებს ანგარიშის გაქვითვა მალევე შეეძლოთ. ეპიზოდის გმირობასთან ძალიან ახლოს ლიამ უილიამსი იყო, თუმცა, ანტიგმირის მანტია კი ერგო. უელსელთა ფულბექმა ჩინებული გარღვევა მოაწყო და ბოლო წამს 1 პასი რომ გაეკეთებინა, ლელო გარდაუვალი იყო, მაგრამ ბოლომდე თავად იარა და ეს, ძვირად დაუჯდა. ინგლისელმა რეფერი უეინ ბარნსმა თავდაპირველად ლელო კი ჩათვალა, თუმცა, ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა, რომ დამიწებამდე წამით ადრე, უილიამსსი ბურთი ხელიდან გაუვარდა.
სამაგიეროდ, ტაიმის შუაწელს კიდევ ერთი კარგი შეტევა გამოუვიდათ ფრანგებს. ბურთი მარცხენა ფლანგზე ჩათამაშდა, “მამლები” მეტობაში აღმოჩნდნენ და იოან უჟემ ლელოში შეაღწია – 10:0. როგორც აღვნიშნეთ, პარას ეს გარდასახვაც გაუცუდდა და მას ამ მხრივ არც უელსელთა 10 ნომერი გარეთ ენსკომბი ჩამორჩა, რომელმაც პირველ ტაიმში 2 ჯარიმა ააცილა.
აი, პარას შემცვლელს კი თავი არ შეურცხვენია და მისი წყალობით მასპინძლები დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. 33-ე წუთზე ლოპესმა იოლი ჯარიმა გაიტანა, ზედ სასტვენის წინ კი, შორეული არეკნი შეაგდო.
შესვენების შემდეგ, მინდორზე ვითარება კარდინალურად შეიცვალა და უკვე 12 წუთის თავზე ფრანგების ერთი შეხედვით სოლიდური უპირატესობიდან თითქმის არაფერი დარჩა. “დრაკონების” პირველი ლელო ტომას უილიამსმა დადო, მალევე კი მატჩის პირველი კომიკური ეპიზოდი ვიხილეთ: სტუმართა გადაკიდებული ბურთი უჟემ დაიჭირა, თუმცა ზედ ლელოს ხაზთან ის ხელებიდან ამოუვარდა, დადარაჯებულმა ჯორჯ ნორსმა კი ის ლელოში გადადო. ენსკომბმა ორივე ლელო გარდასახა და ანგარიში 16:14 გახდა.
“სამფეროვნებმა” შოკიდან გამოსვლა რამდენიმე წუთში მოახერხეს და შანსიც მიეცათ. ლიდერობის ხელში აღება ისევ ლოპესმა გადაწყვიტა, თუმცა, ჯარიმა და არეკნი ააცილა. საბოლოოდ, მან და დემ ბიგარმა ჯარიმები მაინც გაცვალეს და საფინალო სასტვენამდე მასპინძლები 19:16-ს იგებდნენ.
თითქოს, ჟაკ ბრუნელის შეგირდები საწადელთან ახლოს იყვნენ, თუმცა, 72-ე წუთზე კიდევ ერთი უხეში შეცდომა დაუშვეს. რომენ ნტამაკის შორეული პასი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ნორსმა ჩაჭრა და ლელომდე ირბინა, ბიგარმა კი გარდასახვა შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსრირა – 19:24.
დღეს, ექვს ერზე პირველი ტურის დარჩენილი 2 მატჩი შედგება. თბილისის დროით 18:15 საათიდან ედინბურგის “მარიფილდზე” შოტლანდიელები იტალიას დაუხვდებიან, 19:45 საათზე კი, დუბლინის “ავივა სთედიუმზე” კი ირლანდიისა და ინგლისის ნაკრებთა მატჩია დანიშნული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გამიხარდა იტალიის დამარცხება. ინგლისმა კი დამსახურებულად გაიმარჯვა ირლანდიაში
ხომ არ იცით, დღევანდელი რეპორტაჟების ყურება სად შეიძლება?
ინტერნეტით აქ შეგიძლია ყურება! :stripslashes((strlen('https://smotrisports.com/event/rugby/ryegbi-tovarishctyeskiy-turnir/352554-shotlandiya-italiya-smotret-online.html')>0?' https://smotrisports.com/event/rugby/ryegbi-tovarishctyeskiy-turnir/352554-shotlandiya-italiya-smotret-online.html':' https://smotrisports.com/event/rugby/ryegbi-tovarishctyeskiy-turnir/352554-shotlandiya-italiya-smotret-online.html'))
მადლობა!
მადლობა!
არაფრის
სოსწოულები ხართ ეს ჟურნალისტები რა სოსწოულები რას აღარ მოიფიქრებთ,საინტერესოა 19:16 დან ანგარიში 19:24 როგორ გახდა ბატონო ჟურნალისტო ძალიან მაინტერესებს და ამიხსენით ძალიან გთხოვთ
წესლსაც 6 ერი ისევ სამყურების ჰეგემონით დასრულდება მეეჭვება ინგლისმა წინაღმდეგობა გაუწიოს
ამაღამ მერიფილდზე +18 დაიწყება ბავშვები ეკრანებს მოარიდეთ აუცილებლად
ეს ფრანგები რა ქინძები არიან 16-0 მოიგეს ტაიმი და მაინც წააგეს თამაში ნორთს ორი ლელო აიღეს და ჯიბეში ჩაუდეს მამლებს თავინთი უდავო ლიდერი ბასტარო რატომ არ ყავდათ საინტერესოა ისევ დიკვალიფიკაცია ხომ არ აქვს?
ისე, ამ ფრანგებმა ბოლო წლებში რა მაგრად მოუკლეს და სამწუხაროდ ამ დროს არ გვეთამაშებიან, მერე, რომ აიწყვიტავენ გვეტყვიან ვიბურთავოთო , როგორც შოტლანდიის (განსაკუთრებით შოტლანდიის) და უელსის შემთხვევაში იყო.
რა უქნია ამ ##@ საფრანგეთს