შიდა რაგბი

23:00 | 1.02.2019 | ნანახია 1002 - ჯერ

დიდი 10 | ჯიქი 22:23 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და გორში ადგილობრივ ‘ჯიქს’ 23:22 აჯობა. მასპინძლები მეორე ტაიმში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და ორი ლელოც გაიტანეს, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად ერთი გარდასახვა დააკლდათ.

ანგარიში ‘ჯიქმა’ ლამაზი ლელოთი მე-7 წუთზე გახსნა: გიორგი მჭედლიშვილმა ორიგინალური პასით ფრთაზე დიმიტრი კალანდაძე მოძებნა, რომელმაც სისწრაფე აკრიფა, ცრუმოძრაობებით გზად რამდენიმე მცველი ჩამოიცილა, ლელო გაიტანა და თავადვე გარდასახა. ‘ხარები’ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, ბურთსაც აკონტროლებდა და კობა ბუჯიაშვილმა ორი ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

კალანდაძემ მე-19 წუთზე ერთი ჯარიმა გაქვითა, მაგრამ 26-ე წუთზე ‘ჯიქმა’ სინბინით ნიკა სუხაშვილი დაკარგა, ხოლო ბუჯიაშვილმა სხვაობა კვლავ 1 ქულამდე დაიყვანა. მალე ყვითელი ბარათი ირაკლი სვანიძემაც მიიღო და 13-კაციან ‘ჯიქს’ სტუმრების შეტევების მოგერიება ძალიან გაუჭირდა, თუმცა 36-ე წუთამდე ამოცანას თავი გაართვა. მერე ‘ხარებმა’ კარგი მოლი დააყენა, 5 მეტრი დაფარა და გიგა ქვლივიძის ლელო ბუჯიაშვილმა გარდასახა. ტაიმის ბოლოს, რუსთაველებმა თავისი ნახევრიდან ხელდახელ კარგი შეტევა წამოიწყეს და ის ლაშა გოგიაშვილის ლელოთი დასრულდა, ხოლო ბუჯიაშვილმა გარდასახვით ტაიმის შედეგი დააფიქსირა - 10:23.

მეორე ტაიმში სურათი სრულად შეიცვალა, გორელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და უმეტესი დროც მეტოქის ნახევარზე გაატარეს. მასპინძლებმა ტემპს პირველივე წუთებიდან მოუმატეს და ლელო მალევე გაიტანეს. დერეფნის შემდეგ არსენ ტრაპაიძემ ჯერ ლევან დათუნაშვილთან ერთად შეუტია, მერე მარტომ და ბურთი ლელოს მიაწვდინა, ხოლო გარდასახვა თეიმურაზ ჭიჭინაძემ შეასრულა.

მალე ჭიჭინაძეს კარის წინ, დაახლოებით 42 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა. რადგან გამუდმებული შეტევების ფონზე ლელოს გატანა ვერ მოხერხდა, 70-ე წუთზე ჭიჭინაძემ კარის წინ 15 მეტრიდან სცადა 3 ქულის აღება, მაგრამ იოლი დარტყმა გაუცუდდა. ‘ხარებმა’ „ვალი“ მალევე დააბრუნა, საპასუხო შეტევისას, მეორე ტაიმში პირველად უწია მეტოქის 22-ს და დაახლოებით 20 მეტრში ჯარიმაც გამოიმუშავა, თუმცა გიორგი ბასილაიას დარტყმულიც არაზუსტი იყო.

75-ე წუთზე გადამწყვეტი მომენტი დადგა. ‘ჯიქმა’ მოლი დააყენა, რომელმაც 7-8 მეტრი იარა და თორნიკე კიკნაძემ ლელო გაიტანა. საშუალო სირთულის გარდასახვა დიმიტრი კიკნაძემ შეასრულა, მაგრამ მიზანი ვერც მან გაისწორა. გაწითლებულ დროზე მასპინძლებმა გამარჯვების მომტანი შეტევის წამოწყება სცადეს, მაგრამ ცენტრთან ბურთი დაკარგეს და ‘ხარებმა’ გორში 23:22 იმარჯვა, ხოლო ‘ჯიქმა’ მეშვიდე წაგებულ შეხვედრაში მეხუთე ნუგეშის ქულა მოიპოვა.

rugby.ge

თეგებიჯიქიხარები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083198