შიდა რაგბი

17:55 | 31.01.2019 | ნანახია 875 - ჯერ

დიდი 10: XII ტურის პრევიუ
თამაშები ხუთ ლოკაციაზე

დიდი 10-ი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება და XII ტურის თამაშები ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

საახალწლო შესვენების შემდეგ, გუნდები შიდა ჩემპიონატს გასულ უქმეებზე დაუბრუნდნენ და ოთხ შემთხვევაში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

მომავალი ტური ტრადიციულად პარასკევს გაიხსნება და ერთმანეთს ორი გამარჯვებული გუნდი გორში შეერკინება. ‘ჯიქმა’, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს, ერთი კვირის წინ თბილისში ‘აკადემიას’ 31:5 სძლია, ბონუსიც აიღო და საფლეიოფო ექვსეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა, თუმცა ამისათვის ჯერ კიდევ დიდი შრომის გაწევა მართებს, რადგან წინ მყოფ გუნდს ჯერაც 4 ქულა აშორებს.

‘ჯიქს’ გორში რუსთავის ‘ხარები’ ეწვევა, რომელიც წინა ტურში ერთადერთი მასპინძელი იყო, რომელმაც სტუმრის დამარცხება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ‘ხარებმა’ დიდი 10-ის ლიდერს, ‘ბათუმს’ სძლია (13:8) და ერთადერთი გუნდია, რომელმაც ზღვისპირელებს მიმდინარე სეზონში მოუგო, თანაც ორჯერ. მთლიანობაში, რუსთაველები მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებენ, 11-იდან 8 თამაში მოიგეს და სატურნირო ცხრილშიც მესამე ადგილზე არიან. პირველ წრეში ‘ხარებმა’ ‘ჯიქს’ რუსთავში 30:6 მოუგო და ბონუსიც აიღო. გორში შეხვედრა 1თებერვალს, 16 საათზე იწყება.

ტური 2 თებერვალს თბილისში, ცენტრალური შეხვედრით გაგრძელდება და ‘ლოკომოტივი’ მარნეულის ‘არმაზს’ „შევარდენზე“, 13:30 საათზე დაუხვდება. ეს გუნდები მოწინავე ექვსეულში არიან - თბილისელები 37 ქულით მეორე ადგილზე არიან, ხოლო ‘არმაზი’ 29 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

2019 წლის პირველი თამაში გუნდებმა განსხვავებულად ჩაატარეს. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ‘ლოკომოტივმა’ ‘არმიას’ 28:9 მოუგო და ბონუსიც ჩაიწერა, ხოლო მარნეულელებმა ქუთაისის ‘აია’ თბილისში მიიღეს და 3:17 დამარცხდნენ. პირველ ტურში ამ გუნდებს შორის დაძაბული შეხვედრა გაიმართა და რკინიგზელებმა მეტოქე 17:15 დაამარცხეს.

იმავე დღეს, 15:30 საათზე ბათუმში მეორე ცენტრალური მატჩია - ლიდერი ‘ბათუმი’ თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ მასპინძლობს. ზღვისპირელებმა 2019 წლის პირველი მატჩი რუსთავში ‘ხარებთან’ დათმეს (8:13), თუმცა 41 ქულით პირველ ადგილზე არიან და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებენ.

‘ლელო-სარასენსმა’ ერთი კვირის წინ პატარძეულში დიდი ბრძოლა გადაიტანა და გაწითლებულ დროზე გატანილი ლელო-გარდასახვით 22:16 იმარჯვა. თბილისელები 28 ქულით მეექვსე ადგილზე არიან და რადგან მდევარი მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება, ყველა მატჩში მაქსიმალური მობილიზება მართებს. პირველ წრეში ამ გუნდებმა თბილისში ითამაშეს და ზღვისპირელებმა დამაჯერებლად, 26:13 იმარჯვეს.

3 თებერვალს ქუთაისში ‘აია’ თბილისის ‘აკადემიას’ მასპინძლობს. შეხვედრა 13:30 საათზე დაიწყება. ეს გუნდები სხვადასხვა მიზნებისთვის იბრძვიან - ‘აია’ 30 ქულით მე-4 პოზიციაზეა და რეგულარული გათამაშების მაქსიმალურად მაღალ ადგილზე დასრულება სურს, რათა ფლეი-ოფს უკეთესი განრიგით შეხვდეს. ‘აკადემია’ 16 ქულით მერვე პოზიციაზეა და დიდ 10-ში დასარჩენად იბრძვის.

განვლილ ტურში ქუთაისელებმა ერთ-ერთი კონკურენტი, ‘არმაზი’ დაამარცხეს (17:3) და მომავალ თამაშს კარგ ხასიათზე ხვდებიან. ერთი კვირის წინ უშუალო კონკურენტს ეთამაშა ‘აკადემიაც’, ‘ჯიქთან’ 5:31 დამარცხდა და ექვსეულში შესვლის შანსიც დაკარგა. პირველ წრეში ქუთაისელებმა „მხატვრები“ თბილისში 15:10 დაამარცხეს.

ტური 3 თებერვალს, 15:30 საათზე პატარძეულში დასრულდება, სადაც ადგილობრივი ‘ვეფხვები’ თბილისის ‘არმიას’ მიიღებს. ისინი დიდ 10-ში დასარჩენად იბრძვიან და ურთიერთშეხვედრაში მაქსიმალური ქულების აღებას ეცდებიან. მომავალი მასპინძლები თავს შედარებით კომფორტულად გრძნობენ, რადგან 15 ქულით ბოლოსწინა ადგილზე არიან და მდევარსაც მთელი 8 ქულით უსწრებენ. ამრიგად, არმიელებისთვის ამ თამაშს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

გასულ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა. ‘ვეფხვებმა’ ‘ლელო-სარასენსს’ დიდი ბრძოლა გაუმართა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ გაწითლებულ დროზე ლელო გაუშვა და 16:22 მარცხისთვის მხოლოდ ბონუსს დასჯერდა. ‘არმია’ ჩემპიონ ‘ლოკომოტივთან’ 9:28 დამარცხდა და წლის პირველი ქულა ჯერ არ აუღია. პირველ წრეში ამ გუნდებმა „ავჭალაზე“ ითამაშეს და თბილისელები მეორე ტაიმის დებიუტში 17:3 დაწინაურდნენ, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, დასკვნით 20 წუთში სამი ლელო და ერთი ჯარიმა გაუშვეს და დებიუტანტმა ‘ვეფხვებმა’ დიდ 10-ში პირველი გამარჯვება იზეიმა - 21:17.

www.rugby.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:37 | 01.02.2019
გორდა (250)

მე პირადად მგონია, რომ 2018 - 2019 წლის შიდა ჩემპიონატი გაცილებით დაძაბული და საინტერესოა ვიდრე წინა წლების იყო.
წინასწარ ძალიან მიჭირს ვთქვა ვინ გახდება ჩემპიონი. დღევანდელი გადმოსახედიდან 3-4 გუნდს აქვს თითქმის თანაბარი შანსი.
ასევე ძალიან დაძაბულია ბრძოლა გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს შორის.

15:40 | 01.02.2019
პანტელეიმონი (1218)

გეთანხმები მეგობარო, მაგრამ თუ სახელმწიფომ "დიდი 10"-ს დაფინანსება სულ ცოტა არ გაორმაგა, ისე თვალშისაცემ პროგრეს ვერ მივახწევთ ! ! !

19:22 | 01.02.2019
გორდა (250)

სამწუხაროდ ეგრე, რადგან ქართული ბიზნესი არ ინტერესდება მნიშვნელოვანი თანხის ჩადებით ქართულ რაგბში.
ფედერაციამ ძალიან ბევრი უნდა იშრომოს, რომ მივახწიოთ ერთ კარგ ფრანჩიზას რაც დამატებით ბიძგს მისცემს შიდა ჩემპიონატში (და არა მარტო) მოთამაშე რაგბისტებს და ზოგადად ქართულ რაგბს.

18:54 | 31.01.2019
dominici99 (94)

Zmobas gapicebt, am goimuri barbarizmebis ataceba ar gindat ra! Lokacia ara shushu! Adgili qvia magas qartulad

0.085649