ბორჯღალოსნებმა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე წინა სასეზონო მომზადების პირველი ნაწილი, სამდღიანი შეკრება დაასრულეს. ბოლო დღეს სანაკრებო ბაზის კარი ქომაგისთვის გაიხსნა და ნაკრების წევრებმა ერთმანეთში კონტროლირებადი თამაში გამართეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მთავარი შეკრება, მატჩის კვირას, 4 თებერვლას დაიწყება.
იმისათვის, რომ თამაში სრულფასოვანი გამოსულიყო, შეკრებაზე მყოფ ბორჯღალოსნებს დიდი 10-ის კლუბებიდან რამდენიმე მორაგბე დაემატა. შეხვედრა ერთი საათი გაგრძელდა და ბიჭებმა მცირე შესვენებებით სამი 20-წუთიანი ტაიმი ითამაშეს. მწვრთნელები საქმეში სულ რამდენჯერმე ჩაერთვნენ, სხვა მხრივ კი, მორაგბეები შეტევასა თუ დაცვაში სრულად დაიხარჯნენ.
თამაშს თავისი ხიბლი შემატა ქომაგმა, რომელიც „შევარდენზე“ მრავლად მივიდა და ნაკრების წევრები კარგი გარღვევებისა თუ ბოჭვებისთვის აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
თამაშით კმაყოფილი დარჩა მილთონ ჰეიგი და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა გუნდს რუმინეთთან მატჩისთის დაეხმარება:
„დღეს ვამთავრებთ შეკრების პირველ ნაწილს. გუშინ ბიჭებს ტესტები ჩაუტარდათ და მათი მზადყოფნით კმაყოფილი ვარ. რაგბი ევროპაზე პირველ მატჩს წელს პირველად ვატარებთ რუმინეთთან, გვსურს, რომ მათთან შეხვედრისთვის უკეთ მოვემზადოთ და დღევანდელი თამაში ამას ემსახურებოდა. გარდა ამისა, ქომაგს წელს ნაკრების თამაში არ უნახავს და გვსურდა მათთვის კარი გაგვეხსნა. ეს ბიჭებსაც მოსწონთ, თამაშს მარილს მატებს და მსგავს პრაქტიკას მომავალშიც გამოვიყენებთ“.
„უჩვეულო დღე გვქონდა, აქამდე ერთმანეთის წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრასთან მიმსგავსებული თამაში არასდროს გვქონია, მით უმეტეს ამდენი მაყურებლის წინაშე. უცნაური იყო, თუმცა მეტად საჭირო, რადგან რუმინეთი ამ კვირაში მოსამზადებელ მატჩს მართავს პორტუგალიასთან ჩვენთვისაც საჭირო იყო ასეთი თამაშის დაგეგმვა. ვარჯიშებზე შეცდომები ნაკლებად ჩანს და ხელოვნურად შევიქმენით სათამაშო სიტუაცია, რათა ოფიციალური შეხვედრისთვის უკეთ მოვემზადოთ“ - განაცხადა ნამატჩევს ბორჯღალოსანთა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.
დებიუტანტებს მალე შეეწყო გუნდის კვაჭი შალვა მამუკაშვილი, რომლის ანგარიშზე 61 კეპია:
„ოფიციალურ თამაშთან მიმსგავსებული ვარჯიში გვქონდა, რათა უკეთ მოვემზადოთ რუმინეთისთვის. პირველ ტურში რუმინეთის წინააღმდეგ არასდროს გვითამაშია, ტურნირის ერთ-ერთ უძლიერეს მეტოქეს ბოლოში ვხვდებოდით ხოლმე და შეთამაშებულები ვიყავით. სწორედ შეთამაშებისთვის გამოვიყენეთ ეს სპარინგ-მატჩი, რაც მომავალი კვირისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მწვრთნელებმაც აღნიშნეს და მოედანზეც იგრძნობა, რომ დებიუტანტები ძალიან კარგად მოერგნენ სათამაშო სისტემას და თითქმის არ გვაქვს იმის შეგრძნება, რომ ვინმე ახალია“.
საკუთარ „არაოფიციალურ“ დებიუტზე ისაუბრა მეორეხაზელმა დავით გიგაურმა, რომელიც რუმინეთის სუპერ-ლიგის "მუნიჩიპალში" თამაშობს:
„ეს იყო ჩემი პირველი თამაში ნაკრების კვართით და იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მას ყურადღებით აკვირდებოდნენ ნაკრების მწვრთნელები. განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ ვიყავით ახალი მოთამაშეები - ვის რა შეუძლია, როგორ შეეწყვნენ გუნდს. ბიჭები მეგობრულად დამხვდნენ და ვფიქრობ, მეც კარგად შევეწყე ნაკრებს. დღევანდელი თამაში მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ მრავლად მოვიდა გულშემატკივარი. ჩემი გუნდიდან რუმინეთის ნაკრებში 10-მდე მორაგბეა გამოძახებული. ჩემთვისაც და მათთვისაც მოულოდნელი იყო, როდესაც ბორჯღალოსნებში დამიძახეს, თუმცა ძალიან გაუხარდათ და მოუთმენლად ელიან ჩვენთან შეხვედრას“.
ახლა ბორჯღალოსნები თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან და უქმეებზე ჩემპიონატების მორიგი ტურების მატჩებს გამართავენ, ხოლო ორშაბათიდან კვლავ ერთად შეიკრიბებიან რაგბი ევროპის პირველი მატჩისთვის შეუდგებიან მზადებას, რომელსაც 9 თებერვალს კლუჟში, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავენ. აღსანიშნავია, რომ მატჩი, რომელშიც რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი“ გათამაშდება, ქართულ-რუმინული ურთიერთობის 300 წლის იუბილეს ეძღვნება.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან კარგია, რომ ასეთი შეხვედრა ჩატარდა.
მიკვირს ადრე რატომ არ მიმართავდნენ ჩვენები ამ შესაძლებლობას, ეს ხომ ორმაგად იძლევა შედეგს:
- პირველი, ნაკრებში გამოძახებულებს ამოწმებ რა ფორმაში არიან და ხედავ რისი განვითარება არის კიდევ სჭირო;
- მეორე იმ ბიჭებს, ვისაც იმატებენ ასეთი შეხვერისათვის (ძირითადად უახლესი რეზერვი შიდა ჩემპიონატიდან) აძლევ დამატებით ძალიან დადებით მუზტს, განვითარების შესაძლებლობას და უშუალოდ საქმეში ნახულობ ვისი დამატება შეიძლება სამომავლოდ.
ძალიან დიდი თხოვნა მაქვს რედაქციასთან და ჟურნალისტებთან, მხოლოდ ინფორმაციის სადანღაც გადმოტანით ნუ შემოიფარგლებით. შევარდენზე მისვლას (ალბათ იყავით კიდეც) და თამაშის განხილვა ხომ თქვენი მოვალება იყო, ასევე რამდენიმე ინტერვიუს ჩაწერა. რაგბისტებზე მსმენია მეგობრული პიროვნებები არიან ზოგადად და ინტერვიუზეც არ გეტყვიან უარს.