ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის პირველი ორი მატჩისთვის, რომლებსაც 9 თებერვალს რუმინეთთან (კლუჟში საქართველოს დროით 16 საათზე) და 17 თებერვალს ესპანეთთან („ავჭალაზე“ 18 საათზე) გამართავენ, მზადება თბილისში, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დაიწყეს.
ჩვენი გუნდი „მსოფლიო რაგბის“ მე-9 რეგულაციის თანახმად გუშინ შეიკრიბა და ბაზაზე სამი დღე დარჩება. ფიტნეს-ტესტებისა და ვარჯიშების გარდა, გულშემატკივარს ერთი სიახლე ელის: ოთხშაბათს, 30 იანვარს, ბორჯღალოსნები ერთმანეთში კონტროლირებად თამაშს გამართავენ. შეხვედრა 11 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება გულშემატკივრისთვის თავისუფალი იქნება. სამწვრთნელო შტაბის თქმით, მორაგბეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თამაშს ბევრი გულშემატკივარი დაესწროს.
ცვლილება შემადგენლობაში
ბორჯღალოსნების საწვრთნელ რაზმში ერთი ცვლილებაა - ფულბეკი სოსო მათიაშვილი დაშავდა და გუნდს რუმინეთთან და ესპანეთთან ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად მწვრთნელებმა გამოცდილ სანდრო თოდუას უხმეს, რომელსაც 11 თებერვალს 32 წელი შეუსრულდება. მას სანაკრებო დებიუტი 2008 წელს ჰქონდა, დღემდე 75 კეპი მოიხვეჭა და 11 ლელო გაიტანა.
„სოსო მათიაშვილმა მყესი დაიზიანა და პირველ ორ მატჩში დაგვაკლდება. მის ნაცვლად გუნდში სანდრო თოდუას ვუხმეთ. გაგვიმართლა, რადგან სანდრომ ტრავმა მოიშუშა და კარგ ფორმაშია. მისი გამოცდილება გუნდს ერთი ასად გამოადგება. სოსო ჩვენთან დარჩება და ტრავმის რეაბილიტაციას ნაკრების სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის. ვიმედოვნებთ, რომ ის რაგბი ევროპის ბოლო სამ მატჩში დაგვეხმარება“ - ამბობს მათიაშვილის ტრავმასთან დაკავშირებით მილთონ ჰეიგი.
მათიაშვილის გარდა, ტრავმების გამო ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მინიმუმ პირველ ორ მატჩში ნაკრებს ანტონ ფეიქრიშვილი, ბადრი ალხაზაშვილი, კახა ასიეშვილი, ვიტო კოლელიშვილი, დავით კაჭარავა, თამაზ მჭედლიძე, სანდრო სვანიძე, კოტე მიქაუტაძე, ლაშა ტაბიძე და გურამ შენგელია ვერ დაეხმარებიან.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რით ვერ ჩაასწორე ადმინ სათაურიი. ან რა კომენტარები აქვს შენს სტატიებს არ უნდა კითხულობდე კაცი.
მართლაც ძალიან ბევრი ტრავმირებულია. მალე გამოჯანმრთელება ჩვენს ლომებს!!!
ნომინალური 15 მოდებაძის გარდა არ გვყავს, მაგრამ ალბათ ქოქოსას დააყენებს მაგ პოზიციაზე საჭიროების შემთხვევაში, რადგან ძირითადი ღერძი დიდი ალბათობით აფრასიძე-აბჟანდაძე იქნება.
ვიდი, სოსო, მალე გამოჯანმრთელდი. უმნიშვნელოვანესი პოზიციაა და ძირითადი 15. თოდუას რაც შეეხება, ფულბეკად გამოიძახა? ნომინალური 15 მოდებაძის გარდა ვინმე გვყავს?
სტატიის სათაური გაასწორეთ, ან ტექსტი. ვერ გავიგე მათიაშვილი თოდუას მაგივრად, თუ თოდუა - მათიაშვილის
არც წაუკითხავს ადმინს შენი კომენტარი და ალბათ ხვალამდე ასე ეწერწბა
რა უბედურებაა ლამის მთელი გუნდი ტრავმირებულია @ ეს ტრავმების ეპიდემიაღა გვაკლდა ამ მსოფლიოს თასის წინ @@ ამ მათიაშვილსაც რა ემართება წამდაუწუმ ? @