ბორჯღალოსნები

15:00 | 24.01.2019 | ნანახია 1531 - ჯერ

შეხვედრა ილიაუნის მაგისტრებთან: ბორჯღალოსნების მწვრთნელები სტუდენტებს ესაუბრნენ

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი და დაცვის მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, გუშინ საღამოს ილიას უნივერსიტეტის მაგისტრ სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრა, რომელსაც 60-მდე სტუდენტი ესწრებოდა თითქმის ორი საათი გაგრძელდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებს შორის 10-12 უცხოელიც იყო და ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში. წმინდა სარაგბო საკითხების გარდა, კითხვები შეეხებოდა ლიდერების მართვას, გუნდის მენეჯმენტს და გუნდის შენების პროცესს.

„სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ გამოცდილების გაზიარება, რაზეც ბატონმა მილთონმა და ლევანმა ისაუბრეს. მე მენეჯმენტის, ლიდერობის კურსს ვასწავლი და ეს ორი ადამიანი, საკუთარ საქმეში შემდგარი ლიდერები არიან. ეს შეხვედრა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენი კურსის პერიოდში გვქონია და ჩვენი საუბრის შემდეგ ერთი სტუდენტი მაინც თუ დავაფიქრეთ, მიზანი მიღწეულია. იმ თვალებიდან და სახეებიდან გამომდინარე, რასაც ახლა სტუდენტებში ვხედავ, ვფიქრობ, დღევანდელი საუბრის შინაარსი ბევრმა გაითავისა და ესაა ყველაზე მთავარი“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროფესორმა, შეხვედრის ინიციატორმა რესან ქიქავამ.

„საინტერესო შეხვედრა იყო და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შეხვედრები ხშირად ეწყობოდეს. ეს საჭიროა როგორც ჩვენთვის, მწვრთნელებისა და რაგბის კავშირისთვის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. ხალხს რაგბი ძალიან შეუყვარდა და ყველა ეძებს წარმატების ფორმულას, რადგან მისი გამოყენება შესაძლებელია მართვაში, ბიზნესში, ნებისმიერ სფეროში. დღევანდელი შეხვედრის თემა სწორედ გუნდის შენებას, ლიდერობის თვისებებს შეეხებოდა. საინტერესო კითხვები დაისვა და ვფიქრობ, საინტერესო საღამო გამოვიდა“ - ამბობს ლევან მაისაშვილი.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.148502