22 წლის ბექა გორგაძე, რომელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა, სეზონის დასაწყისში ხმაურიანად დაბრუნდა. ტოპ 14-ის ‘ბორდოსა’ თუ საქართველოს ნაკრებში, მან ერთი მეორეზე უკეთესი თამაშები ჩაატარა, რაც უყურადღებოდ არავის დარჩენია.
დეკემბრის მიწურლსა და იანვრის დასაწყისში, ბექამ ‘ბორდოს’ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ ორი მატჩი დაიწყო, თუმცა ‘პოსთან’ რეფერიმ წითელი ბარათი უჩვენა და მოგვიანებით, სადისციპლინო კომისიამ სამკვირიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.
ამ იძულებითი დასვენებით ისარგებლა ფრანგულმა Sport Business Mag-ის ჟურნალისტმა და გორგაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც ქვევით გთავაზობთ:
ბექა, წარუდგინეთ თქვენი თავი Sport Business Mag-ის მკითხველს.
დავიბადე 1996 წლის 8 თებერვალს ქალაქ რუსთავში. ესაა პატარა ქალაქი საქართველოს დედაქალაქის (თბილისი) მახლობლად. იქ გავატარე ჩემი ბავშვობა და იქვე დავიწყე რაგბის თამაში.
მსოფლიო რაგბში ვინ იყო თქვენი კუმირი?
ისევე, როგორც ყველა ქართველისთვის, ჩემი კუმირიც მამუკა გორგოძეა! მამუკა საქართველოში ნამდვილი ლეგენდაა და ყველას სურს მასსავით კარიერა ჰქონდეს. სწორედ მისი დამსახურებაა საფრანგეთში წასვლის სურვილი რომ მქონდა. თუ მთხოვთ დავასახელო არაქართველი მორაგბეები, უყოყმანოდ გეტყვით - ქირან რიდი და დუეინ ვერმეილენი, რომლებიც 8 ნომრის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოები არიან.
როგორ და რა ასაკში მოხვდით საფრანგეთში?
საფრანგეთში 18 წლის ასაკში, 2014 წელს ჩამოვედი. იმ წელს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად პოლონეთში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე, სამი თამაში ჩავატარე და სამივეში ყველაფერი კარგად გამომივიდა. როდესაც შინ დავბრუნდი, ფრანგი აგენტი დამიკავშირდა და რამდენიმე თვის შემდეგ საფრანგეთში ვიყავი.
რომელი იყო თქვენი პირველი კლუბი?
‘მონ-დე-მარსანი’.
ჩვენს ქვეყანაში ქართველები მრავლად არიან. თქვენს გადაწყვეტილებაზე ამან იმოქმედა?
ქართველებისთვის საფრანგეთში ჩამოსვლა და თამაში რეალური შანსია. ბევრმა მოთამაშემ იპოვა აქ გზა 2000-იანი წლებიდან დაწყებული. რა თქმა უნდა, თავდაპირველად საფრანგეთში ცხოვრება ჩემთვის მარტივი არ იყო, თუმცა აქ მცხოვრებ ქართველებს ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს, მაშინაც კი, თუ ერთ კლუბში არ ვთამაშობთ.
როგორ გაიხსენებთ ‘მონ-დე-მარსანში’ ყოფნის პერიოდს?
მხოლოდ დადებითად! იქ ოთხი შესანიშნავი წელიწადი გავატარე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წელიწადს ტრავმამ მოედანს ჩამომაშორა. ‘მონ-დე-მარსანმა’ მომცა რეალური შანსი და მაზიარა პროფესიონალურ რაგბს. იქ გატარებული პერიოდი მუდამ კარგად მემახსოვრება.
'ბორდოში’, ამ ზაფხულს მოხვედით. როგორ ჩაიარა გუნდთან შერწყმის პროცესმა?
ძალიან კარგად, გუნდს მალე შევეწყე. ცოტა დაძაბული ვიყავი, რადგან ბოლო წელს ტრავმის გამო ძალიან ცოტა სათამაშო დრო მქონდა. ზაფხულის მოსამზადებელ შეკრებაზე და ამხანაგურ მატჩებში ბოლომდე დავიხარჯე და ვფიქრობ, ამან ინტეგრაცია გამიადვილა.
შემადგენლობაში თქვენი თანამემამულეების ყოფნა ინტეგრაციაში დაგეხმარათ?
რა თქმა უნდა! ეს ძალიან დიდი უპირატესობაა, ჩვენ აქ ხუთნი ვართ (ლექსო ყაულაშვილი, ლაშა ტაბიძე, ირაკლი ცხადაძე, საბა ყაულაშვილი და ბექა). ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს მოედანზე და მის მიღმა. დასამალი არაა და ამ ფაქტმა გარკვეული როლი ითამაშა, როდესაც ‘ბორდოში’ გადასვლა გადავწყვიტე, რადგან ‘მონ-დე-მარსანში’ ერთადერთი ქართველი ვიყავი.
სეზონის დაწყების შემდეგ 12 თამაში ჩაატარეთ, ელოდით, რომ პრო დე2-დან გადასვლის შემდეგ ასეთი სათამაშო დრო გექნებოდათ?
ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. ‘ბორდოსთან’ კონტრაქტი მაშინ გავაფორმე, როდესაც ტრავმა მქონდა, მხოლოდ ერთი თამაში ჰქონდა ჩატარებული და სეზონის დასაწყისს ილუზიებით არ შევხვედრივარ. შანსი მივიღე და ის ახლაც მაქვს. სეზონის შუამდე ამდენი თამაშის ჩატარებამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა.
სად უფრო მოგწონთ თამაში, ფლანკერად თუ შემკვრელად?
ყველაზე მეტად შემკვრელად თამაში მომწონს. ეს ის პოზიციაა, სადაც თავი ყველაზე მეტად გამოვიჩინე, თუმცა ‘ბორდოში’ მოსვლისას ვიცოდი, რომ ფლანკერადაც მომიწევდა თამაში. ეს იყო ჩემი ტრანსფერის ერთ-ერთი პირობა.
‘ბორდოსთან’ თქვენი კონტრაქტის პირობები როგორია?
ზაფხულში სამწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და მიმდინარეს გარდა, აქ კიდევ ორი სეზონი უნდა დავრჩე.
როგორ შეაფასებთ თქვენს პირველ სეზონს?
სეზონის დასაწყისმა საქმე გაგვირთულა, რადგან დავმარცხდით ‘სტად ფრანსესთან’ და ‘აჟენთან’, ფრედ ვითამაშეთ ‘მონპელიესთან’, რომელიც არაფერში გვაწყობდა. ამ პერიოდში უკან დავიხიეთ, თუმცა ‘ტულონთან’ და ‘პერპინიენთან’ მოგებამ უკან დაგვაბრუნა, ხოლო ‘კასტრის’ 14 კაცით დამარცხებამ მორალური მხარე გაგვიუმჯობესა.
რა განსხვავებაა ტოპ 14-სა და პრო დე2-ს შორის?
პირადად ჩემთვის ამ ორ ჩემპიონატს შორის ორი დიდი განსხვავებაა: ტოპ 14-ში ბევრად უფრო მაღალი ტემპის თამაშებია და დავალებები ბევრად უფრო სწრაფად უნდა შეასრულო და მეორე - წნეხი, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ.
ძალიან დაძაბული ჩემპიონატია, ‘ბორდო’ მე-7 ადგილზეა, რა არის თქვენი გუნდის მიზანი?
დიახ, დაძაბული ჩემპიონატია და ტოპ-ექვსეულს ერთი ადგილით ჩამოვრჩებით. ჩვენი მიზანი ტოპ 14-ის ფინალის თამაშია. წინ კიდევ ბევრი თამაშია და ყველაფერს გავაკეთებთ ექვსეულში შესასვლელად.
„ჩელენჯ ქაფზე“ ‘ბორდოს’ ჩავარდნას რითი ახსნით?
წარუმატებლობაზე არ ვისაუბრებ. საშინაო მატჩის წაგებამ რთულ სიტუაციაში ჩაგვაგდო. ‘სეილ შარქსის’ სტუმრად დამარცხებამ, რაც იოლი არ იყო, საქმის გამოსწორების შანსი დაგვიტოვა, მაგრამ დასასრული რომ გვინდოდა ისეთი არ გამოვიდა.
'რასინგ 92’-თან მატჩის შემდეგ თქვენ ბევრმა გაგიცნოთ. როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი საუკეთესო შეხვედრა იყო?
ამ თამაშის წინ დიდი წნეხის ქვეშ ვიყავი, რადგან საშინაო მატჩში პირველად ვიყავი სასტარტო შემადგენლობაში. ძალიან მინდოდა წარმატებისთვის მიმეღწია და თამაშმა ძალიან კარგად ჩაიარა. თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა. ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო და წინსვლისთვისაც დიდი რეზერვი მაქვს.
‘პოსთან’ მატჩში წითელი ბარათი გაჩვენეს. როგორ ფიქრობთ, მკაცრი სასჯელი იყო?
ეს სირცხვილია! ძალიან კარგი დასაწყისი მქონდა და ახლა გაჩერება მომიწევს... ბარათის ფერზე პრეტენზია არ მაქვს, რეფერის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ! არ ვფიქრობდი, რომ სამკვირიან დისკვალიფიკაციას მომცემდნენ... ეს ძალიან ბევრია. საბედნიეროდ, მალე ექვსი ერი „ბ“ იწყება, რაც ფორმის დაბრუნებაში დამეხმარება.
თქვენ ერთადერთი ქართველი არ ხართ, რომელმაც პირველსავე სეზონში გაიბრწყინა. რას გვეტყვით გურამ გოგიჩაშვილის შესახებ?
ის მართლაც ტოპ სეზონს ატარებს. საფრანგეთში მხოლოდ ზაფხულში გადმოვიდა, ფრანგულად ჯერ ვერ საუბრობს და ‘რასინგ 92’-ის უპირობო ლიდერად მოგვევლინა. მან სრული ნიჭი გამოავლინა. გოგიჩაშვილთან ერთად ნოემბერში, ნაკრების შეკრებაზე ვიყავი. მასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა.
როგორ ჩაიარა ნოემბრის ტესტ-მატჩებმა?
მთლიანობაში, ძალიან კარგი ტური გვქონდა სამი მატჩიდან ორის მოგებით. უკვე ვემზადებით მსოფლიო თასისთვის და ამ შეხვედრებმა იმედი ჩაგვისახა. პირადად მე, ტრავმით გამოწვეული მრავალთვიანი შესვენების შემდეგ, კვლავ მოვხვდი ნაკრებში. მწვრთნელმა სრული ნდობა გამომიცხადა და სამჯერ დამასახელეს საუკეთესო მოთამაშედ, რაც ძალიან მაგარია. შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ ეს იყო გამარჯვებების დაბრუნების ტური.
როგორია თქვენი სტატუსი ნაკრებში?
სტატუსზე საუბარი ნაადრევია. მე ჯერ ახლა დავბრუნდი გუნდში და მუშაობის შედეგებს მოგვიანებით დავინახავთ. მოუთმენლად ველი რაგბი ევროპის ჩემპიონატს, რათა გავაგრძელო სანაკრებო პროგრესი.
მსოფლიო თასი ახლოვდება...
დიახ და მე მასზე ვფიქრობ. ეს მიზანიცაა და ბავშვობის ოცნებაც. 2015 წელს, მოსამზადებელი ეტაპი გუნდთან ერთად სრულად გავიარე, თუმცა სამწუხაროდ, ტურნირზე ვერ წავედი. მე მინდა მსოფლიო თასზე თამაში, თუმცა წინ ხანგრძლივი სეზონია და არავინ იცის რა მოხდება.
„დ“ ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან ითამაშებთ, როგორია ჯგუფიდან გასვლის შანსები?
მსოფლიო თასზე იოლი თამაშები არ არსებობს. ვიცით, რომ ამის მიღწევა რთული იქნება, თუმცა გვწამს საკუთარი ძლიერი მხარეების. მიზანი მინიმუმ ორი თამაშის მოგებაა, თუმცა რატომ არ შეიძლება სიურპრიზი ვიყოთ?
საფრანგეთის ჩემპიონობა ‘ბორდოსთან’ ერთად თუ მსოფლიოს ჩემპიონობა საქართველოსთან?
მსოფლიოს ჩემპიონობა მინდა. ეს ნებისმიერი მორაგბის ოცნებაა... თუმცა ‘ბორდოსთან’ ერთად საფრანგეთის ჩემპიონობაც შესანიშნავი იქნებოდა.
თქვენი პირადი მიზანი როგორია?
მსოფლიო თასზე მონაწილეობა და მუდმივი ზრდა.
რა შეიძლება გისურვოთ სეზონის მიწურულს?
ჯანმრთელობა! არანაირი ტრავმა და დანარჩენი იქნება. რაც შეეხება ‘ბორდოს’, ექვსეული და ჩემპიონობა.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია