ამბები

17:00 | 11.01.2019 | ნანახია 835 - ჯერ

კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივის" შემადგენლობა შაბათის მატჩისთვის

საქართველოს ჩემპიონის, თბილისის ‘ლოკომოტივის’ სამწვრთნელო შტაბმა, კონტინენტის ფარის მეხუთე ტურის მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 12 იანვარს „ავჭალაზე“, ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩს გამართავს და იტალიურ ‘ფიამე ოროს’ უმასპინძლებს. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება, მასზე დასწრება თავისუფალია და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფში გასვლის შანსს შეინარჩუნებს. ამისათვის კი საჭიროა, რომ ერთი კვირის შემდეგ ‘კალვიზანომ’ ‘ფიამე ოროს’ რომში ვერ მოუგოს.

ხვალინდელ თამაშს რკინიგზელები ნამატით და ამავდროულად, დიდი დანაკლისით ხვდებიან. გუნდს ვერ დაეხმარებიან ძირითადი 9 ნომერი, ბორჯღალოსანი გიორგი ბეგაძე და კვაჭი ლევან ჭავჭავაძე, რომელიც ერთი თვის წინ რომში შეცვლაზე შევიდა, გაწითლებულ დროზე ლელო გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება და ბონუს ქულა ერთად მოუტანა.

ძირითად შემადგენლობაში თამაშს ის მორკინალები იწყებენ, რომლებმაც რომაულ მატჩში გუნდს ამ კომპონენტში უდიდესი უპირატესობა მოუპოვეს. კვაჭი ირაკლი ქვათაძეა, ბურჯები კი ვახტანგ ქვათაძე და გიორგი ქართველიშვილი იქნებიან; მეორე ხაზში დაჩი კოპაძე და გაგა არაბული შეწყვილდებიან; ხოლო მესამე ხაზში ფარნავაზ გასვიანი, ვასილ ყველაიძე და ზვიად მაისურაძე დადგებიან.

შერკინების პირველი ხაზის მარქაფაში ორი ახალი სახეა - კვაჭი ერიკ ღვინჯილია და ბურჯი გაგა არაბული, რომელიც იტალიაში გუნდს ტრავმის გამო დააკლდა. მეორე ბურჯი გაგა გორგასლიძეა. თადარიგში ამჯერადაც 6 მორკინალია და მეორე ხაზში გიორგი გეგია, ხოლო მესამეში ლევან დარასელია და ვახტანგ ამირანაშვილი გამოჩნდებიან.

9 ნომრად თამაშს ლაშა გედეხაური იწყებს; მგეზავი კვლავ გამოცდილი ბექა წიკლაური იქნება, ცენტრში კი გიორგი ტალახაძეს ზურაბ ძნელაძე შეუწყვილდება, რომელიც პირველ მატჩში გარემარბი იყო. ფრთაზე ბრუნდება 2017/2018 წლების დიდი 10-ის საუკეთესო მორაგბე და მელელოვე, ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი შკინინი, ხოლო მეორე ფრთა გუნდის კაპიტანი ვახტანგ კავთიძე იქნება. ფულბეკი კვლავ ლევან გოგოლაშვილია.

ხაზში შეცვლაზე ივანე ხელაია და დავით გულიტაშვილი გამოჩნდებიან. გულიტაშვილის და ღვინჯილიას ევროთასებზე დებიუტი ექნებათ.

2019 წელს, ‘ფიამე ორომ’ იტალიის ტოპ 12-ის მე-11 ტურის მატჩი ‘პეტრარკასთან’ სტუმრად, 5 იანვარს გამართა და 10:18 დამარცხდა. ის 34 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

რომაელები ‘კალვიზანოს’ მიმდინარე სეზონში ორჯერ ეთამაშნენ. იტალიის ჩემპიონატის პირველ წრეში, ‘ფიამე ორომ’ მეტოქე სტუმრად 8:7 დაამარცხა, ხოლო კონტინენტის ფარის პირველ წრეში ‘კალვიზანომ’ 35:20 იმარჯვა.

კონტინენტის ფარი. მეხუთე ტური. 12 იანვარი. 15:00 საათი

ლოკომოტივი (საქართველო) - ფიამე ორო (იტალია)

ხაზი: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ვახტანგ კავთიძე (კაპ.), 13. ზურაბ ძნელაძე, 12. გიორგი ტალახაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ბექა წიკლაური, 9. ლაშა გედეხაური;

შერკინება: 1. ვახტანგ ქვათაძე, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ქართველიშვილი, 4. დაჩი კოპაძე, 5. გაგა არაბული, 6. ფარნავაზ გასვიანი, 7. ვასილ ყველაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.

მარქაფა: 16. ერიკ ღვინჯილია, 17. გაგა გორგასლიძე, 18. გაგა არაბული, 19. გიორგი გეგია, 20. ლევან დარასელია, 21. ვახტანგ ამირანაშვილი, 22. დავით გულიტაშვილი, 23. ივანე ხელაია.

კალვიზანო 3 2 0 1 65-46 10

ლოკომოტივი 3 2 0 1 55-52 9

ფიამე ორო 3 0 0 2 42-64 1

19 იანვარი

ფიამე ორო - კალვიზანო

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.097692