სიახლეები

18:10 | 5.02.2016 | ნანახია 1062 - ჯერ

გერმანელები ბრძოლას, “ბორჯღალოსნები” კარგ თამაშს გვპირდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი შალვა სუთიაშვილი, “ავჭალაზე” მისულ მაყურებელს კარგ, ხარისხიან თამაშს და რა თქმა უნდა გამარჯვებას ჰპირდებიან.
თავის მხრივ, გერმანელები ირწმუნებიან, რომ წელს უკეთესი გუნდი ჰყავთ, ვიდრე შარშან, როდესაც ჰაიდელბერგში “ბორჯღალოსნებთან” 8:64 დამარცხდნენ და ბოლომდე იბრძოლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ “ავჭალაზე” 6 თებერვალს გასამართი მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია, გულშემატკივარი საინტერესო თამაშის მომსწრე უნდა გახდეს.
თამაშამდე 24 საათით ადრე, საქართველოს ნაკრებმა “ავჭალაზე” კაპიტნის ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც მორაგბეებმა უნარშეზღუდულ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს, შემდეგ კი, სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლეს.
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მსოფლიო თასის შემდეგ პირველ შეხვედრას ვატარებთ და მნიშვნელოვანია, რომ კარგად ვითამაშოთ. ჩვენს მომავალ მოწინააღმდეგეს ნოემბერში ბრაზილიასთან ძალიან კარგი თამაშები ჰქონდა. ყველამ ვიცით როგორი ძლიერი 7-კაცა ნაკრები ჰყავს გერმანიას და ამიტომ, ხვალ კარგ თამაშს ველოდებით. მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა ყოველთვის დიდი მიზნები უნდა დაუსახონ საკუთარ თავს. განვლილ მსოფლიო თასზე ჩვენ თამასა ძალიან მაღლა ავწიეთ და მნიშვნელოვანია, ახლა ის კიდევ უფრო ზევით ავწიოთ. მომავალ მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის დაძლევა რთული იქნება, მაგრამ სწორედ იმისთვის ვშრომობთ, რომ მეოთხედფინალში გასასვლელად ვიბრძოლოთ”.
შალვა სუთიაშვილი (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “აქამდე ამის საშუალება არ გვქონდა და მინდა მთელი გუნდის სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადო ქომაგებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი მსოფლიო თასის მსვლელობისას ვგრძნობდით. 2015 წლის მსოფლიო თასზე წარმატებას დიდი შრომის ფასად მივაღწიეთ და ახლა კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა მეტის მიღწევა შევძლოთ. იმისათვის, რომ შემდეგი მსოფლიო თასი კიდევ უფრო წარმატებული იყოს, მეტ შრომასთან ერთად მოსამზადებელ პერიოდში რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის თამაშის ჩატარება მოგვიწევს.
მართალია გუნდში ახალი სახეები მრავლად არიან, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, რადგან მსოფლიო თასისწინა მოსამზადებელი ეტაპი ერთად გავატარეთ. ისინი შეჩვეულები არიან ჩვენი თამაშის სტრუქტურას და კომბინაციებს. მიუხედავად ამისა, ვიცით, რომ ახალგაზრდებს ემოცია ექნებათ და ვეცდებით, მათ თამაში გავუადვილოთ. სათითაოდ დახასიათებას არ დავიწყებ და ყველანი ერთად პროფესიონალები არიან, რომლებიც ფიზიკურად მზად არიან მაღალი დონის თამაშების ჩასატარებლად”.
კობუს პოტგიტერი (გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ჩვენთვის დიდი პატივია რაგბის სათამაშოდ საქართველოში სტუმრობა. ვფიქრობ, გუნდი წელს უკეთაა მომზადებული, ვიდრე შარშან, როდესაც გერმანიაში დიდი სხვაობით დაგვამარცხეთ. მიუხედავად ამისა, სათანადოდ ვაფასებთ გუნდს, რომელიც ბოლო 10 წელიწადია საუკეთესოა ერთა თასზე. პატარა სარაგბო ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია მაღალ დონეზე ჩატარებული თითოეული შეხვედრა. ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანულმა კლუბმა სამი თამაში მოიგო და მხოლოდ რუმინულ “ტიმიშოარასთან” დამარცხდა. მართალია პლეი ოფში ვერ გავედით, მაგრამ იქ მიღებული გამოცდილება ნაკრებსაც გამოადგება”.
მაიკლ პოპმეიერი (გერმანიის ნაკრების კაპიტანი): “ისევე, როგორც ნებისმიერი სარაგბო გუნდი, დანებებას არ ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი მიზანი ერთა თასის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა და ამ მიზნის მისაღწევად, ყველა შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ”.

2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. პირველი რაუნდი
თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი
საქართველო - გერმანია
საქართველო: 15. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი, თბილისი, 23 კეპი, 93 ქულა - 4 ლელო, 11 გარდასახვა, 15 ჯარიმა, 2 არეკნი), 14. გიორგი ფრუიძე (აია, ქუთაისი, 5), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი, 87, 85 - 17 ლ.), 12. ლაშა მალაღურაძე (უგუნდო, 62, 162 - 4 ლ., 29 გ., 25 ჯ., 3 ა.), 11. სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი, თბილისი, 50, 25 - 5 ლ.), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი, 39, 25 - 5 ლ.), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი, თბილისი, 10); 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 32, 5 - 1 ლ.), 2. შალვა მამუკაშვილი (გლაზგო უორიორსი, შოტლანდია, 35, 15 - 3 ლ.), 3. ანტონ ფეიქრიშვილი (ბეიონი, საფრანგეთი, 16, 5 - 1 ლ.), 4. გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფრანგეთი, 86, 50 - 10 ლ.), 5. გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფრანგეთი, 54, 45 - 9 ლ.), 6. შალვა სუთიაშვილი (კაპ., ანგულემი, საფრანგეთი, 52, 5 - 1 ლ.), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, ბათუმი, 24, 15 - 3 ლ.), 8. ბექა გორგაძე (მონ-დე-მარსანი, საფრანგეთი, 2).
სათადარიგოები: 16. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 19, 35 - 7 ლ.), 17. კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 16, 5 - 1 ლ.), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 0), 19. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფრანგეთი, 15, 10 - 2 ლ.), 20. საბა შუბითიძე (აკადემია, თბილისი, 3). 21. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, ბოლნისი, 40), 22. რევაზ ჯინჭველაშვილი (აია, ქუთაისი, 1), 23. გიორგი აფციაური (არმია, თბილისი, 14).

რუსეთი - ესპანეთი (16:00 საათი)
რუმინეთი - პორტუგალია (19:15 საათი)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084438