საქართველოს რაგბის კავშირი ყველა მორაგბეს, გულშემატკივარს და სრულიად საქართველოს უსურვებს ჯანმრთელობას, ბევრ სიხარულს და გამარჯვებებს!
ეს წელიწადი განსაკუთრებული იქნება ქართული რაგბისთვის, რადგან ჩვენი ორი ნაკრები ითამაშებს მსოფლიო ასპარეზზე, ორი იბრძოლებს ევროპის ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად, ერთი კი ძალებს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვებას ეცდება.
ბორჯღალოსნები - მეხუთედ მსოფლიო თასზე!
სანაკრებო ვერტიკალის მწვერვალზე ბორჯღალოსნები არიან, რომლებიც წელს ზედიზედ მეხუთედ ითამაშებენ მსოფლიო თასს მე-11-ედ ეცდებიან რაგბი ევროპის (ყოფილი ერთა თასი) მოგებას.
წლის პირველ მატჩს ტრადიციულად რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გავმართავთ, რომელიც მე-17-ედ იმართება. ტურნირი 2000 წლიდან ტარდება, ოღონდ 2003-2008 წლებში, გამარჯვებული ორი წლის ჯამში ვლინდებოდა და შედეგად, აქამდე ჩემპიონი 16-ჯერ გამოვლინდა.
საქართველო ევროპაში ერთპიროვნული ლიდერია და ჩემპიონი 10-ჯერ გახდა, აქედან უკანასკნელ 8 წელიწადში 7-ჯერ. ბორჯღალოსნებმა 7-ჯერ შეასრულეს „სლემი“, სძლიეს ყველა მეტოქეს და განვლილ 19 სეზონში 12-ჯერ დაიკავეს პირველი ადგილი.
წლევანდელი რაგბი ევროპა სიახლით იწყება. აქამდე პირველ მატჩს შედარებით სუსტ მეტოქეებთან ვმართავდით და მარტში, უმეტესად რუმინეთთან გვქონდა ხოლმე გადამწყვეტი მატჩი, წელს კი სეზონს 9 თებერვალს, სწორედ რუმინეთთან სტუმრად მატჩით გავხსნით. ამ გუნდს ტრადიციულად, „ანთიმოზ ივერიელის თასზე“ ვერკინებით და ბორჯღალოსნებს სეზონის პირველივე მატჩში ექნებათ თასის მოპოვების შანსი, თასის, რომელიც აქამდე 11-ჯერ დავისაკუთრეთ.
ქომაგს საყვარელი გუნდის ცოცხლად ხილვის შანსი 16 თებერვალს ექნება, როდესაც ესპანეთი გვეწვევა, 2 მარტს ბელგიას სტუმრად ვეთამაშებით, 9-ში გერმანიას ქუთაისში მივიღებთ, ხოლო რაგბი ევროპას 17 მარტს, რუსეთთან სტუმრად შეხვედრით ვასრულებთ.
მილთონ ჰეიგმა დაადასტურა, რომ რაგბი ევროპაზე უმთავრესი მიზანი ტიტულის მე-11-ედ მოპოვებაა, პარალელურად კი მოხდება გარკვეული სქემების დახვეწა და ახალი მოთამაშეების გამოცდაც.
ივნისიდან ბორჯღალოსნები ოთხწლეულის მთავარი ტურნირისთვის მზადებას შეუდგებიან, სადაც 2015 წლის შედეგის გამეორებას, ორი თამაშის მოგებას და 2023 წლის მსოფლიო თასის წინდაწინ დაბევებას ეცდებიან.
იაპონიაში გამგზავრებამდე ქართული რაგბის ქომაგებს დიდი ზეიმი ელით - ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის წინა, მოსამზადებელ თამაშებს პირველად გამართავენ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე! და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანა, აგვისტოს ბოლოს საქართველოს პირველად ეწვევა შოტლანდია, პირველი დონის სარაგბო ქვეყნის ეროვნული ნაკრების სახით!
უკვე ცნობილია, რომ მსოფლიო თასისთვის მზადების მიზნით, საქართველო 26 აგვისტოს რუსეთის ნაკრებს ეთამაშება. მერე იქნება შოტლანდიელთა სტუმრობა, რომლებმაც მსოფლიო თასამდე საქართველოსთან ორრაუნდიანი ტესტ-მატჩის გამართვის სურვილი თავად გამოთქვეს და 30 აგვისტოს „დინამო არენაზე“ გვეწვევიან, ხოლო 6 სექტემბერს მათ ედინბურგში, „მარიფილდზე“ შევხვდებით.
23 სექტემბრს ბორჯღალოსნები მსოფლიო თასს იწყებენ და პირველ მატჩში, ქალაქ ტოიოტაში, ჩვენი დროით 14:15 საათზე უელსს შეხვდებიან, რომელსაც პირველად 2017 წლის ნოემბერში, კარდიფში შეერკინენ და დაძაბული მატჩი ერთი გარდასახული ლელოთი დათმეს - 6:13.
29 სექტემბერს, კუმაგაიაში, საქართველოს დროით 09:15 საათზე ურუგვაის ვეთამაშებით, რომელთანაც რევანში გვაქვს ასაღები. მართალია მათთან დადებითი ბალანსი გვაქვს (3 მოგება და 2 მარცხი), მაგრამ ცუდად გვახსოვს პირველი, 15 წლის წინანდელი შეხვედრა: ჩვენთვის პირველ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ურუგვაი საკბილოდ გვყავდა შეგულებული, თუმცა მაშინ გამარჯვება სამხრეთ ამერიკელებს დარჩათ (24:12).
3 ოქტომბერს ოსაკაში ვეთამაშებით (09:15 საათი) ფიჯის, რომელიც იაპონიასთან ერთად, მეორე დონის გუნდია, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი გვაქვს. 2012 წლიდან დღემდე, მფრინავებს სამჯერ ვეთამაშეთ და მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს დავამარცხეთ.
მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს შიზუოკაში, ჩვენი დროით 14:15 საათზე ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ, რომელიც ერთადერთია პირველი დონის ნაკრებებიდან, რომელსაც აქამდე ჯერ არ შევხვედრივართ.
შეგახსენებთ, ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები თასის მეოთხედფინალში გადიან, ხოლო მესამეადგილოსნები 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს ოთხი წლით ადრე იბევებენ.
უმცროსი ბორჯღალოსნები - მეოთხედ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე
ბორჯღალოსნების გარდა, მსოფლიო ფორუმზე ითამაშებენ უმცროსი ბორჯღალოსნები (20წ.) - მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელსაც წელს არგენტინა უმასპინძლებს.
ჩვენი გუნდი ამ ტურნირზე 2016 წელს აღზევდა და მას შემდეგ ზედიზედ მეოთხე წელია 12 უძლიერეს ნაკრებს შორისაა. აღსანიშნავია, არც მანამდე და არც შემდგომში, აღზევებულ გუნდს მსგავსი შედეგისთვის არ მიუღწევია.
2016 და 2017 წლებში, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეოთხე თამაშის მოგება მოახერხეს (იტალიასთან და არგენტინასთან) და ტურნირი მე-10 პოზიციაზე დაასრულეს, 2018 წელს კი ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ირლანდიას სძლიეს, რის შემდეგაც მცირედი დააკლდათ მე-5 ადგილის ნახევარფინალში გასვლამდე. სამაგიეროდ მოიგეს მომდევნო ორი შეხვედრა - იაპონიასთან 24:22 და შოტლანდიასთან 39:31 და ტურნირი მე-9 საფეხურზე დაასრულეს.
ეს წარმატება სწორედ დაგეგმილი მოსამზადებელი ეტაპის შედეგი იყო, ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშის გათვალისწინებით. წელსაც, არგენტინაში გამგზავრებამდე, ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდებს რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა ექნებათ.
მარტში საქართველოს საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები უნდა ეწვიოს და 6 და 10 რიცხვებში საკონტროლო შეხვედრები გამართონ; მარტის ბოლოს ჩვენი გუნდი ტურნეზე სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება, სადაც 5 აპრილს სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებს, 9-ში სამხრეთ აფრიკის აკადემიის ნაკრებს, ხოლო 13-ში არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებებს შეხვდება.
ოფიციალურ ტურნირზე გუნდი 25 მაისს მიემგზავრება. არგენტინაში, ჯგუფურ ეტაპზე, 4 ივნისს ახალ ზელანდიას შევხვდებით და მატჩი საქართველოს დროით 20 საათზე დაიწყება; 8-ში ჩვენი მეტოქე სამხრეთ აფრიკა იქნება; ხოლო 12-ში შოტლანდიის ნაკრებს ვეთამაშებით. ბოლო ორი თამაში 17:30 საათზე იწყება. ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა, რომელი ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას უმცროსი ბორჯღალოსნები და რომელი გუნდები იქნებიან მათი მეტოქეები.
18-წლამდელები - ევროპის ჩემპიონატზე, უკვე ფრანგების გარეშე
2018 წელს, 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ნავსი გატეხა და საფრანგეთის ძლევით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! შედეგად, ევროპის სხვა წამყვანი სარაგბო ქვეყნების დარად (ინგლისი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, იტალია), ევროპის ჩემპიონატი ფრანგებმაც დატოვეს...
შედეგად, ჯერჯერობით უცნობია რა ფორმატის ტურნირში და რომელ მოწინააღმდეგეებთან მოუწევს საქართველოს ტიტულის დაცვა. ამ ეტაპისთვის ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ტურნირს აპრილში კალინინგრადმა უნდა უმასპინძლოს.
მიუხედავად ამისა, დავით ჩავლეიშვილის შეგირდები ჩვეული რეჟიმით ემზადებიან. რაგბის კავშირი მოლაპარაკებას აწარმოებს იაპონიის რაგბის კავშირთან და არის შანსი, რომ იაპონელი ახალგაზრდები ორი საკონტროლო თამაშის ჩასატარებლად გვეწვივნონ. ასევე განიხილება მოსამზადებელი ეტაპის საფრანგეთში გავლის პერსპექტივა.
7-კაცა - ევროპის გრან-პრი და ოლიმპიადის შესარჩევი
2020 წელს 7-კაცა რაგბი მეორედ იქნება წარმოდგენილი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და შესაბამისად, 2019 წელს შესარჩევი ეტაპები გაიმართება, რომელშიც საქართველოს 7-კაცა ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
ევროპის გრან პრი სამ ტურად იმართება: 22-23 ივნისს მოსკოვის, 29-30 ივნისი პარიზის და 13-14 ივლისს ლოძის ეტაპები. სამი ეტაპის ჯამში მოწინავე 8 გუნდი გამოვლინდება, რომელსაც მეორე დივიზიონიდან ორი საუკეთესო და მესამე დივიზიონიდან გამარჯვებული გუნდი დაემატება, ასევე მასპინძელი ქვეყანა და ისინი ევროპის დივიზიონის ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირს ითამაშებენ (30 აგვისტო - 1 სექტემბერი). გამარჯვებული ოლიმპიადის საგზურს მიიღებს, ხოლო მეორე-მესამე ადგილოსნები რეპეშაჟში გადაერთვებიან.
7-ქალა „ალაფაზე“
ახალი გამოწვევა ელის საქართველოს 7-ქალა ნაკრებს, რომელმაც 2018 წელს „კონფერენც დივიზიონი“ მოიგო და „ალაფაზე“ აღზევდა. იქ ჩვენს გოგონებს ბევრად უფრო ძლიერ გუნდებთან მოუწევთ ჭიდილი და ამ ეტაპზე მიზანიც მოკრძალებულია - დივიზიონში ადგილის შენარჩუნება, ანუ მოწინავე ათეულში დამკვიდრება.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
U20-ისთვის სერიოზული სპარინგებია. წარმატებები.
მაგის შესახებ რაც დაიწერა მეც მომეწონა. ამ მხრივ რაგბის კავშირს ყოჩაღ კარგად უმუშავიათ. ჩვენს 20 წლამდელებს მსოფლიოს ჩემპიონატამდე მართლაც კარგი მოსამზადებელი/გასახურებელი შეხვედრები აქვთ ჩანიშნული.
მადლობა მოლოცვისათვის რაგბის კავშირს, მეც გილოცავთ ახალ 2019 წელს მთლიანად ქართული რაგბის დიდ ოჯახს!!
ისე, რაგბის ევროპული ორგანიზაცია საერთოდ რომ გაუქმდეს აჯობებს - გახვრეტილი გროშის ფასიც არა აქვს მათ არსებობას!! რა უბედურება, რომ ვერანაირ შეჯობრს ვერ მართავენ, ვისაც უნდა მაშინ ეუბნება უარს. სირცხვილია მაგარი!!!
როგორც მახსოვს მაგ უნამუსოებმა უკვე შარშანწინდელი რაგბი ევროპის შედეგებს სრულად არ გადახედეს და გამარჯვებულად მსოფლიო რაგბის მხრიდან დასჯილი/დისკვალიფიცირებული რუმინეთი დატოვეს და არა საქართველო!!
ჩვები რაგბის "მამების" გადაწყვეტილებებიც აჩენს უკვე შეკითხვებს.
წარმატებულ 2019 წელს ვუსურვებ ქართული რაგბს და მის ქომაგს, ყველა იმ შეჯიბრებაზე სადაც კი მოუწევთ ასპარეზობა!!
ყოჩაღ რაგბის კავშირს რომ მოახერხეს სა შესძლეს ესოდენ დიდ მეტოქესთან რუსეთთან ამხანაგურის დაგეგმვა ასე გააგრძელეთ ოკუპანტების ლოკვა(ვაი რაგვეშველება)
ფუ რა დედა.. არიან რა! ფრანგები მაინც გვეთამაშებოდნენ, ახლა მათაც გვიგანეს. აპარტეიდია რა, ანბა რა არი!