ამბები

15:23 | 25.07.2014 | ნანახია 4113 - ჯერ

2014 წლის ნოემბრის ტესტ-სერიის განრიგი

მეორე დონის სარაგბო ქვეყნებისათვის წლევანდელი ნოემბრის ტესტები 2015 წლის მსოფლიო თასისათვის მოსამზადებლად საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს.

ნოემბერში საკმაოდ დაძაბულ მატჩებს ვიხილავთ, ვინაიდან მზარდი გუნდები მსოფლიო რაგბის მოწინავეებს შეერკინებიან.

ევროპის ერთა თასის გამარჯვებული საქართველო სერიის ფარგლებში შინ ორ ტესტს გამართავს – 8 ნოემბერს ტონგას წინააღმდეგ, 23 ნოემბერს – იაპონიასთან, 16 ნოემბერს კი დუბლინში ექვსი ერის ჩემპიონ ირლანდიას გაეჯიბრება.

ფიჯი, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში მასპინძლებს ეთამაშება, 14 ნოემბერს კარდიფში უელსს შეხვდება, ხოლო ერთი კვირის შემდეგ პარიზში საფრანგეთთან მოსინჯავს ძალებს.

22 ნოემბერს, ფიჯელთა ოკეანელი მეზობელი სამოა ინგლისს შეხვდება, მას შემდეგ, რაც ერთი კვირით ადრე იტალიასთან ითამაშებს. ტონგა შოტლანდიასთან იბურთავებს.

შემოდგომის კალენდრის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი მატჩი 1 ნოემბერს, ჩიკაგოში გაიმართება: აშშ ახალ ზელანდიას უმასპინძლებს.

ნოემბრის ტესტ-მატჩების სერიის განრიგი  >>> 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (ირბ) საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ იგანმა განაცხადა: “წლევანდელი ტესტ-მატჩების სერია მსოფლიო თასის გათამაშებისთვის მოსამზადებელად კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.

ეს ჩვენი სტრატეგიის ნაწილია. ირბ-ის მიზანია, რეგულარულად მაღალი დონის ტესტების ორგანიზებით. მეორე დონის სარაგბო ქვეყნების კონკურენტუნარიანობის გაზრდა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესება. დარწმუნებული ვარ, რომ ტესტ-მატჩებითა და ივნისის ტურნირების მეშვეობით ეს მალე განხორციელდება.

2014 წელს მეორე დონის ქვეყნები 13 ტესტს გამართავენ პირველი დონის გუნდების წინააღმდეგ. ძალიან მოხარულები ვართ იმით, რომ ფიჯიმ, სამოამ და იაპონიამ ივნისში შესძლეს იტალიის დამარცხება, ხოლო კანადა და აშშ საკმაოდ კარგად ეთამაშნენ შოტლანდიას. უკვე ცხადია, რომ მეორე და პირველი დონის ქვეყნებს შორის სათამაშო ხარისხში სხვაობა მცირდება და აქედან გამომდინარე, რაგბის ქომაგებს ნოემბერში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ტესტები ელით.

ჩვენ ასევე ვზრუნავთ იმაზე, რომ ნოემბრის ტესტ-სერიის ფარგლებში მაღალი რეიტინგის მქონე მეორე დონის ნაკრებები ერთმანეთსაც ეთამაშნონ. წლევანდელი სერია დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოსა და რუმინეთს, ვინაიდან ისინი თბილისსა და ბუქარესტში კვლავ უმასპინძლებენ ტესტ-მატჩებს“.

მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ტესტ-მატჩების პროგრამას ირბ აფინანსებს. საბჭო ამ ქვეყნებისათვის ტურნირებსა და სანაკრებო პროგრამებში ყოველწლიურად 10 მილიონი გირვანქის ინვესტირებას ახორციელებს.

ბორჯღალოსნების ნოემბრის ტესტები და სტატისტიკა

 

საქართველო -

 

შაბ

8/11

 

   თბილისი

        ტონგა

კვი

16/11

18.30

   დუბლინი

        ირლანდია

კვი

   23/11

 

   თბილისი

        იაპონია

 

 

2014 წლის ნოემბრის ტესტები

 

გუნდი

საქართველო

ტონგა

ირლანდია

იაპონია

თიკუნი

ბორჯღალოსნები

ზღვის არწივები

სამყურები

ალუბლები

კვართი

შავი

წითელი

მწვანე

წითელ-თეთრი

რეიტინგი

7046 (15)

7258 (13)

8344 (5)

7539 (10)

ზიარება

1959

 

1869

1899

კავშირი

1966

1923

1874

1926

ნაკრები

1989

1924

1875

1932

აღიარება

1992

1987

1886

1987

მსოფლიო

12: 2-10 (3)

2003-2011

21: 6-15 (6)

1987, 1995-2011

30: 17-13 (7)

1987-2011

24: 1-21*2 (7)

1987-2011

ბალანსი

=

1-1

0-3

0-2

 

 

6:37
(1999 ნუკუალოფა)

0:70
(1998 დუბლინი)

7:32
(2006 ოსაკა)

 

 

28:27
(1999 ეროვნული)

14:63
(2002 დუბლინი)

22:25
(2012 ვაკე)

 

 

 

10:14
(2007 ბორდო)

 
 

ტონგა 

წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყანაა და რაგბს უნდა უმადლოდეს, მსოფლიოს მისი არსებობა რომ გაუგია. გავაგრძელოთ, ძირით მაქაურები არიან სხვათა სახელით მობურთავე ვარსკვლავები: ჯონა ლომუ, მალაკაი ფეკიტოა. დაგ ჰაულით და პიტა ალატინი (ზელანდია); იზრაელ ფოლაუ, ვილი ოფაჰენგაუე, ტოუტაი კეფუ, ჯორჯ სმით, კლიფი პალუ  და ტატაფუ პოლოტა-ნაუ (ავსტრალია); ბილი და მაკო ვუნიპოლა (ინგლისი); ტობი ფალეტაუ (უელსი).

თუ როდის ეზიარა ტონგა ოვალურ ბურთს, უცნობია, მაგრამ 1923 წელს შეიქმნა კავშირი და მალე ნაკრებმაც გამართა პირველი ტესტი – 9:6 ძლია მეზობელი ფიჯი. 1973 წელს ტონგამ ბრისბენში თვით ავსტრალია დაამარცხა 16:11, 2011 წლის მსოფლიო თასზე კი საფრანგეთს 19:14 მოუგო, პულში მესამე ადგილი დაიკავა, მოწინავე 12 გუნდში მოხვდა და 2015 წლის მსოფლიო თასის საგზურიც დაიბევა.

ტონგას რაგბის ნაკრებს მეტსახელად “იკალე ტაჰი” (ზღვის არწივები) ჰქვია. გუნდი თამაშის წინ ასრულებს საბრძოლო ცეკვას – “სიპი ტაუს”.

სტადიონის უვარგისობის გამო, ტონგას 2009 წლის აქეთ შინ ვეღარ გაუმართავს ტესტი. შარშანდელ ტურნეზე არწივებმა 18:19 წააგეს რუმინეთში, 18:38 საფრანგეთში და 7:17 უელსში; წლევანდელ “წყნარი ოკეანის თასზე” კი 18:18 დაუზავდნენ სამოას და 17:45 დამარცხდნენ ფიჯზე.

ტონგას 1999 წლის გაზაფხულზე, მსოფლიო თასის რეპეშაჟში გადავეყარეთ. ლოჯისტიკურ ლაფსუსთა გამო, სტუმრად უმწვრთნელოდ მოგვიწია თამაშმა და 6:37 დავმარცხდით, საპასუხო რკენაში კი მეტოქემ სერიული ჯარიმების ტაქტიკა აირჩია და რაღაი იმხანად სინბინი ტესტებში ჯერაც არ შემოეღოთ, ერთი ქულითღა, 28:27 ვიმარჯვეთ, რის გამოც შემდეგ წრეში ტონგა გავიდა.

2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგა ჩვენს პულშია. არწივებს 19 სექტემბერს, გლოსთერში ვხვდებით.

 

ირლანდია

ევროპის მოქმედი ფალავანი – “ექვსი ერის” ჩემპიონია და “ერთა თასის” გამარჯვებულს – საქართველოს მაგიტომ ეტესტება. 1996 წლიდან რესპუბლიკის დედაქალაქ დუბლინში უდევს ბინა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (ირბ), ირლანდიის ისტორიულ კუთხეებს (ლენსთერ, მანსთერ, ალსთერ) კი 19 სეზონში (1996-2014) 6-ჯერ მოუგიათ ევროპის უმთავრესი საკლუბო შეჯიბრი – “ჰაინეკენის თასი”.

ირლანდია მესამე ქვეყანაა, ვინც XIX საუკუნის 70-იან წლებში ჯერ კავშირი და მერე ეროვნული ნაკრებიც შექმნა, 1886 წელს კი ირბ-ის სამ კელტ დამფუძნებელშიც ერია. ძველ “ხუთ ერში” (1910-31, 1947-99) “სამყურებ” (შემროქს) ჯამური ქულებითა და ტიტულებითაც მაჩანჩალები იყვნენ, პროფესიულ ხანაში კი მოძლიერდნენ: “ექვს ერში” (2000-14) ქულებით მესამენი არიან, მაგრამ უიღბლობა თან  სდევთ და პირველობა უჭირთ – ორი ტიტული და ერთადერთი სლემი (2009).

რაგბი ირლანდიაში პოპულარობით მხოლოდ ეროვნულ თამაშებს – გეილურ ფეხბურთსა და ჰერლინგს ჩამოუვარდება. სამყურებმა შვიდივე მსოფლიო თასზე იასპარეზეს, მაგრამ მეოთხედფინალს მხოლოდ 5-ჯერ უწიეს, ხოლო ნახევარფინალს – ვერც ერთხელ.

გამოჩენილი ირლანდიელი მორაგბეები არიან: ჯექი ქაილ (1947-1958), თომ ქირნან (1960-1973), ვილი-ჯონ მაკ’ბრაიდ (1962-1975), მაიქ გიბსონ (1964-1979), ქის ვუდ (1994-2003), ბრაიან ო’დრისქოლ (1999-2014), რონან ო’გარა (2000-2013) და პოლ ო’ქონელ (2002-). მათგან ოთხს ბრიტანეთის ნაკრებ “ლომებისთვის” უკაპიტნია სამხრეთულ ტურნეზე, ო’დრისქოლი კი 141 კეპით მსოფლიოს რეკორდსმენია.

ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს შევხვედრივართ სამჯერ, მეორეს – ორჯერ და ხუთივე თამაში წაგვიგია. სამყურებმა დიდი ანგარიშით დაგვამარცხეს დუბლინში, 1998 და 2002 წლებში, მსოფლიოს შესარჩევებში, 2007 წლის 15 სექტემბერს კი, ბორდოში, მსოფლიო თასზე, სასწაულად გადაგვირჩნენ 10:14.

წლევანდელი ტესტიც დუბლინშია, “ავივაზე”. ეს 50-ათასიანი სტადიონი 2010 წელს გაიხსნა “ლენზდაუნ როუდის”  ადგილზე, სადაც დიდი რაგბი 135 წლის განმავლობაში (1872-2006) იმართებოდა.

 

იაპონია

აზიური რაგბის მედროშეა და 2019 წელს მსოფლიო თასს უმასპინძლებს. იაპონიის პროფესიული ლიგა შეძლებით მხოლოდ საფრანგეთის ტოპ 14-ს ჩამოუვარდება და სამხრეთელ ვარსკვლავებს იბირებს. დღესდღეობით, ორი იაპონელი – 9 ნომერი ფუმიაკი ტანაკა და კვაჭი შოთა ჰორიე – თამაშობს ზე 15-ში,  ტოკიოს გუნდი კი 2016 წლიდან ზე 18-ში ჩაბმის კანდიდატია.

იაპონიაში რაგბი ბრიტანელმა მეზღვაურებმა შეიტანეს. კეიოს უნივერსიტეტში თამაში 1899 წელს დაიწყეს. კავშირი 1926 წელს შეიქმნა, ხოლო ნაკრებმა პირველი ტესტი კანადასთან გამართა 1932 წელს.

ქვეყანაში რაგბის გავრცელება-განვითარებას ფრიადი ამაგო დასდო უფლისწულმა ჩიჩიბუმ, რის გამოც ეროვნული სტადიონი მისი სახელობისაა. 1969-2007 წლებში იაპონიამ აზიის 20 პირველობიდან 15 მოიგო, 2008 წლიდან კი “აზიის  ხუთი ერის” უცვლელი ფალავანია – საშუალოდ 70 ქულით იმარჯვებს!

იაპონია ყველა მსოფლიო თასის ფინალისტია, მაგრამ აქამდე გამართულ შვიდ ტურნირში 24 თამაშიდან ერთადერთი მოუგია (1991 წელს, ზიმბაბვესთან). “ალუბლები” სხარტად და გამართულად ბურთაობენ, მაგრამ მათ აქამდე ერთობ აკლდათ წონა, სიმაღლე და ჯანი.

ბოლო ხანს ამ პრობლემას სამხრეთელთა (ზელანდია, ავსტრალია, კუნძულები) ამატებით მოევლო. იაპონიამ წელს ზედიზედ ძლია სამოა 33:14, კანადა 34:25, შტატები 37:29 (ამერიკის ორივე გუნდი სტუმრად დაამარცხა), იტალია 26:23 და პირველად შეიჭრა ირბ-ის რეიტინგის მოწინავე ათეულში.

“ალუბლებს” 2012 წლიდან ავარჯიშებს ცნობილი ავსტრალიელი გურუ ედი ჯოუნზი, ვისაც დედაცა და ცოლიც იაპონელები ჰყავს. მისი თავკაცობითა და ზელანდიელი მსაჯის გამოისობით, იაპონიამ შარშანწინ, ვაკეში, წამატებულ დროში გატანილი არეკნით ტესტი 25:22 მოგვიგო, რაც ნოემბრის რკენას ელფერს მატებს.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081696