ბოლო დროს ქართულ საკლუბო რაგბიში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა: რაგბის კავშირის მუშაობის შედეგად უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის სახელმწიფო პროგრამებით 400-ათასლარიანი დახმარება გამოიყო; გასულ ჩემპიონატში გუნდების დონე გათანაბრდა და ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გათამაშება მივიღეთ, სადაც პლეი ოფის საგზურისთვის თითქმის ბოლო ტურამდე ექვსი გუნდი იბრძოდა, ხოლო ფინალს 6 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო; ახდა ყველა ქართველის ნატვრა და უკვე წელს, სექტემბრიდან, აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრები ევროპის საკლუბო გათამაშებაში ჩაებმება.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, წლეულს კიდევ უფრო დაძაბული ჩემპიონატი გვექნება. შიდა პირველობისადმი ინტერესის ზრდა “მსოფლიო სპორტის” ფორუმელთა და გიორგი ნიჟარაძის შეხვედრისასაც გამოჩნდა და გადავწყვიტეთ, გულშემატკივრებისათვის ქართული კლუბების შესახებ მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ფაქტობრივად პირველივე დღიდან თავი იჩინა პრობლემებმა და ცხადი გახდა, რომ კლუბებს მთლად ისე კარგადაც არა აქვთ საქმე, როგორც თავიდან ჩანდა და ამან გარკვეულწილად ჩვენი გეგმებიც შეცვალა. მოკლედ, ყველაფერი მთლად ისე არ გამოვიდა, როგორც გვსურდა, თუმცა, ვფიქრობთ, ქართული კლუბების შესახებ ინფორმაცია გარკვეულ დონეზე მაინც მოიმატებს.
პრობლემები უმთავრესად ჩემპიონატის დაწყების ვადების 15 აგვისტოს გადმოწევამ განაპირობა და კლუბების ნაწილი ამ მომენტისთვის ჯერ შეკრებილიც არაა. გარდა ამისა, ფაქტობრივად ყველა კლუბი ჯერჯერობით სათამაშო ფორმის გარეშეა და ამის გამო ვერ მოხერხდა სათანადო ფოტომასალის მომზადება. შესაბამისად, იდეალური წარდგენები ვერც ჩვენ მოვამზადეთ, რადგან ასეთ მასშტაბებზე პირველად გავედით და დრო ჩვენთვისაც შეზღუდული იყო, თუმცა, მიღებული გამოცდილება ჩვენც და კლუბებსაც წაგვადგება და მომავალში უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდება მოხერხდება.
“ხარები” რუსთავი
რუსთავის “ხარები” ის გუნდია, რომელიც ერთ-ერთი პირველი შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადებას ივნისიდან შეუდგა. ეს არცაა გასაკვირი - გუნდი ამ სეზონში პლეი ოფში მოსახვედრად აპირებს ბრძოლას.
გასული სეზონი რუსთავურმა კლუბმა მე-8-ე ადგილზე დაასრულა (5 მოგება, 13 მარცხი). წელს მსგავსი შედეგი კლუბის ხელმძღვანელობას აღარ დააკმაყოფილებს და “ხარებმა” უკვე გამართა ერთი ამხანაგური შეხვედრა - ბოლნისის “ყოჩები” დაამარცხა. გუნდი 20 ივლისიდან ბათუმში გაემგზავრა შეკრებაზე, სადაც 31 ივლისამდე დარჩება და ერთ ამხანაგურ შეხვედრას იქაც გამართავს.
კლუბის დირექტორმა დავით კაკაბაძემ ახალი სეზონისთვის მზადებამდე “ხარების” ისტორიაზე და ამჟამად რუსთავში რაგბისადმი გაზრდილ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
დავით კაკაბაძე: “კლუბი 1990 წელს დაარსდა, 1993 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი, 1994 წელს მეორე ადგილი დაიკავა და 1997 წელს მესამე ადგილზე გავიდა. 1998 წელს კლუბი დაიშალა. მოგვიანებით რუსთავში რაგბის აღორძინება ბავშვთა რაგბიდან დაიწყო და 2000 წელს პირველ ლიგაში გამოვედით.
დღეისათვის გუნდი ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვყავს, როგორც ჭაბუკთა, ასევე საფესტივალო ასაკში. საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მეშვეობით ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა და წელს გოგონათა გუნდიც გავაკეთეთ. შეიძლება ითქვას, რომ უკვე სრულყოფილი კლუბი ვართ. ჩვენთან დაახლოებით 300-მდე ბავშვი ვარჯიშობს. რაგბისადმი ინტერესს რუსთავი არასდროს უჩიოდა, რადგან ჩვენი ქალაქიდან საქართველოს ნაკრებში არაერთ მორაგბეს უთამაშია - ლევან ცაბაძეს, მევლუდ მთიულიშვილს, გოდერძი შველიძეს, დავით ზირაქაშვილს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბურჯია, კახა უჩავა, ირაკლი ნატრიაშვილი, პალიკო ჯიმშელაძე, ზაზა ხუციშვილი, რომელიც პირველივე დღიდან გვერდში გვიდგას და ახლა მისი შვილი ვაჟა ხუციშვილი. ახალმა სტადიონმა დაინტერესება თავის თავად გაზარდა. ადრე თუ ჩვენ ვეძებდით, ახლა ბავშვები თვითონ მოდიან რაგბის სათამაშოდ. რაოდენობა იმდენად დიდია, რომ აქ ყველანი ვერ ვეტევით და საწყის ასაკში იმ ძველ მოედანსაც ვიყენებთ. თუ შევძელით, სტადიონის სიახლოვეს არის ტერიტორია და კიდევ ერთი მოედნის გაკეთებას ვეცდებით.
- ზევით ის რუსთაველი მორაგბეები ახსენეთ, რომელთაც ეროვნულ გუნდში უთამაშიათ. მათი უმრავლესობა პირველხაზელია და რითაა ეს განპირობებული?
- ზოგადად, საქართველოში მსოფლიო დონის პირველხაზელები იზრდებიან და ეს ალბათ ქართული ხასიათიდან მომდინარეობს. იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოს ნაკრების პირველ ხაზში მხოლოდ რუსთაველი მორაგბეები იდგნენ. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ჩვენთან რაგბის სათამაშოდ უმეტესად მოჭიდავეები მოდიან.
- ინფრასტრუქტურას ვხედავთ რომ გამართულია, დაფინანსების სახელმწიფო პროგრამაც წლიურ 400 ათას ლარამდე გაიზარდა, თუმცა, ალბათ მაინც რჩება პრობლემები, რომელთა მოგვარებაც თქვენს ქალაქში რაგბის განვითარებას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანდა.
- ინფრასტრუქტურის გამართვამ უდიდესი პრობლემა მოგვიხსნა. ბიჭებს ვარჯიშისა და განვითარებისთვის ყველა პირობა აქვთ შექმნილი. სახელმწიფო დაფინანსების გარდა, ჩვენ ქალაქიც გვეხმარება და ესეც მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია. კარგი იქნება, ამ პროცესში კერძო სექტორიც თუ ჩაერთვება. რაც შეეხება პრობლემებს, ეს უფრო გუნდის დაკომპლექტებას ეხება. არის პოზიციები, რომელთა შევსებაც გვიჭირს.
- შარშანდელი შედეგით კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩებოდა.
- რა თქმა უნდა, მერვე ადგილის დაკავებით კმაყოფილები ვერ ვიქნებით, მაგრამ შეიქმნა საფუძველი, რომელზეც წარმატებული გუნდის შენება შეიძლება. მე მინდა ამისათვის დიდი მადლობა გადავუხადო პალიკო ჯიმშელაძეს, რომელმაც უდიდესი სამსახური გაწია, მაგრამ რადგან საქართველოს 7-კაცა ნაკრებშიცაა დასაქმებული და თბილისში უწევს ყოფნა, “ხარებიდან” წასვლა მოუწია. წელს უკეთეს შედეგზე ვფიქრობთ. გუნდში ახალი მორაგბეები მოვიდნენ, პოზიციების მიხედვით გარკვეული პრობლემები აღმოიფხვრა და იმედია, მიზნის მიღწევასაც მოვახერხებთ.
- არაფერი გვითქვამს ახალ მთავარ მწვრთნელზე.
- ჩვენთან გამოცდილი სპეციალისტი ლევან მგელაძე მოვიდა, რომელმაც თავისი საქმე ძალიან კარგად იცის და წარმატებებზე ფიქრის საფუძველს ესეც იძლევა. მასთან ჯერ ერთწლიანი ხელშეკრულება გვაკავშირებს და შევხედავთ როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ და სწორედ მისი რეკომენდაციით დავიწყე რაგბის თამაში. ურთიერთობა გვქონდა, ერთადაც ვმუშაობდით და სადაც ვმოღვაწეობდით, ყველგან წარმატებას მივაღწიეს. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა “ხარებშიც” წარმატებული იქნება.
- რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე რუსთავის ეს სტადიონი პირთამდე ივსებოდეს?
- ვფიქრობ, ეს შედეგზეა დამოკიდებული. თუ შედეგი გვექნება და ხარისხიან, ლამაზ თამაშს ვითამაშებთ, მაყურებელი თავად მოვა. რადგან მასიობრობას უკვე მივაღწიეთ, ახლა აქცენტი სწორედ ხარისხზე კეთდება და რაც მთავარია, პირველ გუნდს შევსება მუდამ ექნება ჩვენი სკოლიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
“ხარები” გამოცდილმა სპეციალისტმა ლევან მგელაძემ ჩაიბარა, რომელიც შარშან “ბათუმს” ავარჯიშებდა. წელს რუსთაველთა მიზნები რომ შეიცვალა, გუნდმაც ექვსი შენაძენი გააკეთა და დაიმატა ახალგაზრდები ახალგაზრდული გუნდიდან. მგელაძესთან საუბარი “ბათუმში” გატარებული პერიოდით და იქიდან წამოსვლის მიზეზებით დავიწყეთ.
ლევან მგელაძე: “ბათუმიდან” ჯერ კიდევ იანვარში ვაპირებდი წამოსვლას. შედეგი არ გვქონდა და არც ის კეთდებოდა, რისი მოთხოვნაც მქონდა და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობაც გავაფრთხილე, მაგრამ შემცვლელი არ იყო და სეზონის ბოლომდე გავჩერდი. უმაღლეს ლიგაში დავრჩით. სადაც მივდივარ, აქცენტს უმთავრესად ადგილობრივ მოთამაშეებზე ვაკეთებ, რაც ძალიან კარგია. ადგილობრივი მორაგბეების განვითარების გარეშე საქმე არ კეთდება. “ბათუმში” მერე უცხოელები ჩამოვიყვანეთ, მაგრამ ვერავინ გაამართლა. თუმცა, ესეც საჭირო იყო, რათა ადგილობრივი და ლეგიონერი მოთამაშეები შეგვედარებინა. ახლა უკვე ვიცით რა დონის მორაგბეები ჩამოდიან საქართველოს პირველობაზე სათამაშოდ და ერთგვარი ყინულმჭრელის როლი ვიტვირთეთ, რადგან პირველად სწორედ ჩვენ მოვიწვიეთ ლეგიონერები. ამაში უდიდესი წვლილი ბათუმური კლუბის დირექტორს მიუძღვის.
რაც შეეხება რუსთავზე არჩევანის შეჩერებას, პალიკო ჯიმშელაძე “ჯიქებში” გადავიდა და მითხრეს, რომ გათავისუფლდა ადგილი. მიმაჩნია, რომ ყველა მწვრთნელმა კოლეგიალობა უნდა გამოიჩინოს და როდესაც პოსტის დაკავება შემომთავაზეს, ჯერ სიტუაციაში გავერკვიე - ზაზა ხუციშვილს და მამუკა მინდორაშვილს ხომ არ სურდათ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება და მე ასისტენტი ვიქნებოდი. ჩვენთან მეორე მწვრთნელის გაგება სრულად არაა აღქმული. მეორე მწვრთნელს უამრავი საქმე აქვს - ტექნიკური და ტაქტიკური წუნის აღმოფხვრა სწორედ მათ კისერზე გადადის. მაგრამ, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მთავარ მწვრთნელად მე დავინიშნე.
- თქვენ უცხოეთიდანაც გქონდათ შეთავაზებები და რატომ შეაჩერეთ არჩევანი “ხარებზე”?
- აქ უფრო დიდი და გრძელვადიანი გეგმები გვაქვს. უცხოეთში ვმუშაობდი და ვიცი, რომ ბოლოს მაინც აქ უნდა ჩამოვიდე და ყველაფერი თავიდან დავიწყო. იქაც მაქვს ხელშეკრულება დადებული. რუსთავის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, გარკვეული დროის განმავლობაში იმ პოლონურ კლუბსაც მივეხმარები და ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ მახაჩყალის გუნდსაც. როგორ გავწვდები ამ ყველაფერს, მომავალში გამოჩნდება, მაგრამ უმთავრესი ამოცანა რუსთავის “ხარები” და ამ გუნდთან ერთად შედეგის ჩვენებაა.
- ახსენეთ, რომ რუსთავში ხანგრძლივ დროზე გაწერილი დიდი გეგმები გაქვთ და იქნებ უფრო კონკრეტულად გაგვანდოთ ეს გეგმები?
- ახალგაზრდა, ადგილობრივ მორაგბეებთან მინდა, რომ ხელშეკრულებები 2-3 წლით გაფორმდეს, რათა მათთან ერთად გარკვეული პერიოდით მუშაობის საშუალება მომეცეს და ისინი სხვა გუნდებში არ დაგვეფანტონ. ახლახანს ასეც მოხდა - ბექა გორგაძე, რომელსაც ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ვხედავდი, ახლა საფრანგეთშია.
- მომავალი სეზონისთვის როდიდან ემზადებით?
- გუნდი 23 ივნისს შეიკრიბა გაფართოებული შემადგენლობით. ორი ორმხრივი თამაში ჩავატარეთ, რათა ყველა მენახა საქმეში და ჩამოვაყალიბეთ 35-კაციანი ბირთვი, რომლებიც უმაღლეს ლიგას ითამაშებენ, ხოლო დანარჩენები “ესპუარებში” გადაინაცვლებენ. ჩვენთან სულ იქნება მიმოსვლა და ვინც თავს გამოიჩენს ზევით ამოვა, ტრავმის, ან სხვა პრობლემების შემთხვევებში კი, მორაგბეს ქვევით მოუწევს ჩანაცვლება. უმთავრესი ამოცანა დისციპლინის გამოსწორებაა, რადგან მის გარეშე არაფერი გამოვა და რომ მივუშვი, სწორედ ამიტომ ვერ მივიღე “ბათუმში” შედეგი.
- “ხარებშიც” ადგილობრივ, ანუ რუსთაველ მორაგბეებზე გაკეთდება აქცენტი?
- გააჩნია კლუბის ხელმძღვანელობას რა მოთხოვნა ექნება. ევროთასებზე თამაშს რუსთავის კი არა, მთელი საქართველოს რესურსი ვერ გაწვდება. წლევანდელი სეზონის წინ მოთხოვნაა, რომ საუკეთესო ექვსეულში შევიდეთ. ბევრი რამ სეზონის სტარტზე იქნება დამოკიდებული. როდესაც გავარდნაზე გაქვს საქმე, მაშინ რთულია გადაწყვეტილებების შეცვლა და თუ თავისუფლად გრძნობ თავს, შედარებით იოლია არჩევანის ადგილობრივ კადრზე შეჩერება. პირადად მე მინდა, თითოეულმა მოთამაშემ თავის პოზიციაზე ითამაშოს და ნაკლებად ვატაროთ ექსპერიმენტები. ასეთ დროს, პოზიცია შეცვლილი მორაგბე ხშირად ვერც იქ იჩენს თავს და მის ყოფილ პოზიციასაც ვთმობთ.
- გასულ სეზონში “ხარები” ბევრად ჩამორჩა მოწინავე შვიდეულს და ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწია ბრძოლა. რა გაძლევთ იმის ფიქრის საფუძველს, რომ წელს ექვსეულში მოხვედრა შეგეძლებათ?
- შარშან, როგორც “ბათუმმა”, ასევე “ხარებმა” იცოდა, რომ ხარვეზების აღმოფხვრა იანვარში, ტრანსფერებით შეგვეძლებოდა და პირველ წრეში შანსი მხოლოდ ადგილობრივ კადრებს მიეცა. მაგრამ მერე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კლუბებს შორის მიმოსვლა აღარ შეიძლებოდა და ამით ძლიერ დავზარალდით. ერთი კარგი ის იყო, რომ ადგილობრივმა მორაგბეებმა უდიდესი გამოცდილება შეიძინეს.
სატრანსფერო პერიოდს რომ ვუყურებ, ისეთი მიმოსვლაა გაჩაღებული, კონკურენტებზე ჯერ ძნელია რაიმეს თქმა. შარშან თუ იყო სამი ძლიერი, სამი მაჩანჩალა და დანარჩენი საშუალო გუნდი, ახლა ასე აღარ იქნება. როგორც ვიცი, “ბათუმმა” რვა მოთამაშე აიყვანა, შესუსტდა “არმია”, რომელიც ჩემი ინფორმაციით 7-8 მოთამაშემ დატოვა, გაძლიერდა “ჯიქები”, “ლოკომოტივმა” ბირთვი შეინარჩუნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გუნდს ტრადიციულად საჩემპიონო ამბიცია ექნება. შემადგენლობის შენარჩუნებით, მწვრთნელმა უკვე იცის მის შეგირდებს რა ტექნიკური და ტაქტიკური არეალი აქვს და რა მოითხოვოს მისგან. გაძლიერდა “ყოჩები” და ალბათ, ის ფინალისთვის იბრძოლებს.
- რა ცვლილებები განხორციელდა “ხარების” შემადგენლობაში?
- “არმიადან” გუნდში დაბრუნდა ძირძველი “ხარების” მოთამაშე მამუკა ცხადაძე. ის აქამდე მეორე ხაზში თამაშობდა, მაგრამ შესაძლოა პოზიცია შევუცვალოთ და 8 ნომერზე დავაყენოთ. “არმაზიდან” დავიმატეთ ვაჟა თაგაური და ზვიად ესართია. “ჯიქებიდან” დავიმატეთ გიორგი შარმაზანიშვილი და ნიკოლოზ ბერძული, ხოლო “აიადან” ბიძინა ჯიმშიტაშვილი.
- რას მისცემს საქართველოს ევროპის საკლუბო ტურნირებში ჩართვა?
- დავინახავთ, თუ სადაა რეალურად ჩვენი საკლუბო რაგბი. გარდა ამისა, უცხოურ კლუბთან თამაში მაყურებელსაც მოიზიდავს. კარგად მახსოვს, როდესაც “ბათუმი” რეგიონთა თასზე ფრანგულ “პროვანსს” ეთამაშებოდა, 6 500-იანი სტადიონი პირთამდე გაივსო და შავ ბაზარზე ბილეთის ფასმა 40 ლარს მიაღწია, მაშინ, როდესაც მისი ღირებულება 5 ლარს შეადგენდა. გაიზრდება დაინტერესება და მოთხოვნები, რაც საბოლოო ჯამში ქართული რაგბის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მომავალი სეზონიდან არ შეიცვლება გუნდის კაპიტანი და “ხარებს” კვლავ ვაჟა ხუციშვილი გაუძღვება, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს ფეხი მოიტეხა, თუმცა, ახლა ყველაფერი რიგზეა:
- რას ნიშნავს თქვენთვის თამაშობდეთ რუსთავის “ხარებში” და იყოთ ამ გუნდის კაპიტანი?
- უდიდესი პასუხისმგებლობაა! ეს ჩემი მშობლიური გუნდია, თამაშიც აქ დავიწყე და ყველაფერი აქ ვისწავლე. მისი წარმატება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და ყოველთვის ვეცდები მაქსიმუმი გავიღო.
- ფეხთან დაკავშირებით პრობლემები გქონდათ.
- გასული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, “ლოკომოტივთან” თამაშისას ფეხი მოვიტეხე. ტერფის ძვალი მქონდა გატეხილი და ორი თვე თაბაშირში გავატარე. ვარჯიში ივლისის დასაწყისში გავაგრძელე და ორმხრივ სავარჯიშო თამაშშიც მივიღე მონაწილეობა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვზრუნავ.
- გუნდში რამდენიმე ახალი მორაგბეა. როგორ მიიღეთ ისინი და როგორ მიდის მზადების პროცესი?
- მთელი გუნდი მონდომებულია, რათა მომავალი სეზონი წინაზე უკეთ ჩავატაროთ, ექვსეულში შევიდეთ და პლეი ოფი ვითამაშოთ. ჯერ კონკრეტული გეგმა ხელმძღვანელობას არ დაუსახავს, მაგრამ ჩემპიონობა, ვფიქრობთ, ნაადრევია და ამ ეტაპზე ექვსეულში მოხვედრა მაქსიმუმი იქნება, მერე კი ვნახოთ სანამდე წავალთ. ახალი მორაგბეები დაგვემატნენ, როგოც სხვა კლუბებიდან, ასევე, ახალგაზრდული გუნდიდანაც მივიღეთ ძალიან კარგი შევსება. გუნდში კონკურენცია გაიზარდა და ახლა თითოეულ მორაგბეს უფრო მეტი შრომა მოუწევს, რათა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მოიპოვოს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია