ლეგიონერები

22:53 | 16.12.2018 | ნანახია 1297 - ჯერ

ქართული ლელოები ჩემპიონთა თასზე (+VIDEO)

ჩემპიონთა თასის მორიგ მატჩში, რომელშიც “მონპელიემ” “ტულონს” 34:13 სძლია, ოთხმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა, ორმა მათგანმა კი ლელოს დადება მოახერხა.
სასიხარულოა, რომ თავის გამოჩენა ისევ შესძლო მამუკა გორგოძემ, რომელიც ტრავმის მოშუშების მერე, სასურველ ფორმას იბრუნებს. მამუკა ტულონელთა მაისურით შეუცვლელად გაისარჯა და მასპინძლები 56-ე წუთზე დაალელოვა.
3 ქართველი ლეგიონერი ვიხილეთ მონპელიელთა მაისურით. მიხეილ ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მინდორზე 64 წუთი გაატარა, ლევან ჩილაჩავა თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო და შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე მასპინძელთა ბოლო ლელო დადო.
გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა კონსტანტინე მიქაუტაძემაც, რომელმაც 67-ე წუთიდან ითამაშა.
ჩემპიონთა თასის მე-5 ჯგუფში “მონპელიე” 11 ქულით მეორეა, “ტულონი” კი 6 ქულით – მესამე.
ფრანგულ გუნდებს ევროთასზე მომდევნო მატჩები უკვე გაისად ელით: 12 იანვარს ”მონპელიე” ინგლისურ “ნიუკასლს” დაუხვდება, “ტულონი” კი შოტლანდიურ “ედინბურგს” უმასპინძლებს.
წარმატებული დღე ჰქონდა ვასილ კაკოვინისა და გურამ გოგიჩაშვილის “რასინგს”, რომელიც ინგლისურ “ლესტერს” 4 ლელო დაუდო და 34:11 იმარჯვა.
მინდორზე ორივე ქართველი ბურჯი ვიხილეთ: გოგიჩაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და კაკოვინს ადგილი 50-ე წუთზე დაუთმო.
რასინგელებს ოთხივე მატჩი მოგებული აქვს და 19 ქულით მე-4 ჯგუფის სათავეშია, შემდეგ შეხვედრას კი 12 იანვარს, სტუმრად ირლანდიურ “ალსტერთან” გამართავს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:03 | 17.12.2018
გორდა (231)

კარგია რომ ჩვენი ნაკრების ლიდერები ფორმაში არიან. სასიხარულოა მიქაუტაძის დაბრუნება, ტრავმის შემდეგ.
მამუკა ფორმაში შედის და სამსოფლიოდ უნდა დაუბრუნდეს ნაკრებს, ეს აუცილებელია.
მასთან ერთად ჩვენი ნაკრები სულ სხვა ძალაა. 2019 წლის მსოფლიოს შემდეგ კი მას შეუძლია სრულად ვალმოხდილმა დატოვოს ნაკრები, მანამდე ადრეა.
2023 წლამდე ნაკრების ახალგაზრდა წევრები ისე გაიზრდებიან პროფესიული კუთხით, რომ შეზლებენ მამუკას ჩანაცვლებას, 2019 წლამდე კი ეს შეუძლებელია.

11:03 | 17.12.2018
buratino (476)

ლოგიკაში აბსოლუტურად გეთანხმები. იმედია, მამუკას დაელაპარაკებიან და ისიც გაითავისებს, რომ სამშობლოს ინტერესები მოითხოვს მის მონაწილეობას მსოფლიოზე

0.111158