შიდა რაგბი

18:05 | 10.12.2018 | ნანახია 1218 - ჯერ

"ხარებმა" რევანში აიღო

რუსთავის ‘ხარებმა’ პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო და წლის დასკვნით მატჩში ‘ლელო-სარასენსი’ დიდ დიღომში 17:10 დაამარცხა.

სტუმრებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და მერე ის ხელიდან აღარ გაუშვეს. ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა, როდესაც ნიკოლოზ ბერძულმა 22-ში ხაზი გაჭრა და უპირატესობა შექმნა, ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა და ზურა ქავთარაძემ ლელო გაიტანა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა. ‘ლელო-სარასენსი’მყისვე გააქტიურდა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა ‘ხარებმა’ თავი დაიცვა და საბოლოოდ მერაბ კვირიკაშვილმა ახლოდან გაიტანა - 3:5.

მეორე ტაიმიც ‘ხარების’ შეტევით დაიწყო. კობა ბუჯიაშვილის გასატანი ჯარიმა ძელმა აისხლიტა, თუმცა 1 წუთში ის უჩა აღაშვილს მოკლე ფრთაზე მიყვა, ოფლოუდი შეირგო და ალამთან გატანილი ლელო თავადვე გარდასახა. ‘ლელო-სარასენმა’ ლელოთი მალევე უპასუხა, თანმიმდევრული შეტევის შემდეგ მარჯვნივ მეტობა შეიქმნა და რევაზ ჯინჯიხაძე ვეღარავინ შეაჩერა, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა - 10:12.

სამ წუთში ‘ხარებმა’ რაქში მოიპოვა ბურთი, ფაზები მაღალ ტემპში მიაბა, თორნიკე აქუბარდიამ ხაზი გაჭრა და სტუმართა მესამე ლელო გაიტანა. ბუჯიაშვილის გარდასახვა ძელმა აისხლიტა. დარჩენილ დროში ‘ლელო-სარასენსმა’ ჯარიმები კარში არ დაარტყა, მაგრამ ლელოც ვერ გაიტანა და 10:17 მაარცხისთვის მხოლოდ ბონუსს დასჯერდა, ხოლო ‘ხარები’ ‘ლოკომოტივის’ დაბრუნებამდე მეორე ადგილზე აღზევდა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075665