შიდა რაგბი

15:07 | 10.12.2018 | ნანახია 1051 - ჯერ

"აკადემიას" დაბრუნება აღარ გამოვიდა

თბილისის ‘აკადემიას’, რომელმაც გასულ ტურში ‘ლელო-სარასენსი’ ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი 5:3 დაამარცხა, ერთი კვირის წინანდელის გამეორების შანსი ბათუმში ჰქონდა, მაგრამ მასპინძლებმა ამის უფლება არ მისცეს და სტუმრები 23:15 დაამარცხეს.

ბათუმის რაგბის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. ზღვისპირელები პირველ ტაიმში დომინირებდნენ და 17 უპასუხო ქულა გაიტანეს, თუმცა შესვენების შემდეგ სტუმრებმა ორი ლელოს გატანა შეძლეს და ბოლოს გამარჯვებიც იმედი გაუჩნდათ, მაგრამ...

ანგარიში მამუკა ნინიძემ ანგარიში ჯარიმით გახსნა. მე-12 წუთზე აკადემიელთა აღზრდილმა ანზორ სიჭინავამ შექცეული პასის შემდეგ ცენტრში გაჭრა ხაზი, მარჯვენა ფრთაზე დურმიშხან ჯაბნიძე გაიქცა და ზურგსუკან პასით ლამაზი ლელო ლადო მიმინოშვილს გაატანინა. ნინიძე გარდასახვიდან არ შეცდა. მასპინძლები შერკინებაში დიდი უპირატესობას ფლობდნენ და თითქმის ყველა ჯერზე ჯარიმას იღებდნენ, თუმცა ტაიმის შუაში ნინიძემ 35 მეტრიდან ვერ გაიტანა.

28-ე წუთზე ‘ბათუმმა’ 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ მეოთხე ცდაზე მოლი დააყენა და გიორგი თედორაძის ლელო ნინიძემ გარდასახა - 17:0. ტაიმის ბოლოს ‘აკადემიას’ საპასუხო ლელოს გატანის შანსი ჰქონდა, მეტოქის 5-მეტრიან ზონაში დაახლოებით 15 ფაზა გადააბა, მაგრამ ‘ბათუმმა’ თავი დაიცვა და ტაიმი 17:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის შუაში ‘აკადემია’ გიორგი გოგლიძის სინბინის შემდეგ კაცნაკლული დარჩა, თუმცა ერთ წუთში ლელო თავად გაიტანა. პაატა ზედაშიძემ ცენტრში გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე 50 მეტრი ირბინა, დავით მოძღვრიშვილმა კი გარდასახა. ნინიძემ ახლოდან ჯარიმით უპასუხა, თუმცა მალევე არასწორი ბოჭვისთვის გაასინბინეს. 69-ე წუთზე ‘აკადემიამ’ 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ მარჯვენა ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშა ბურთი და საბა ილურიძემ სტუმართა მეორე ლელო გაიტანა.

გარდასახვა არაზუსტი იყო და თამაში როგორც კი განახლდა, სიჭინავა ყვითელი ბარათით დაისაჯა, მერე კი მის გზას მიხეილ წიკლაური დაადგა. ‘აკადემიამ’ ორი-კაც-ნაკლულ მეტოქეს შეუტია, ‘ბათუმი’ წითელ ზონაში დაჯარიმდა და მოძღვრიშვილმა ახლოდან გაიტანა - 20:15. სტუმრებს ლელოს გატანით გამარჯვების შანსი უჩნდებოდათ, მაგრამ გაწითლებულ დროზე თავად დაჯარიმდნენ, ნინიძემ ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა და სტუმრებს ბონუსიც არ გაატანა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088275