შიდა რაგბი

21:50 | 8.12.2018 | ნანახია 885 - ჯერ

დიდი 10 | აია 26:17 არმია

ქუთაისში, „აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართული მატჩი კარგი საყურებელი გამოდგა. თბილისის ‘არმიამ’ მასპინძლებს დიდი თავსატეხი გაუჩინა, თუმცა ‘აიამ’ დასკვნით წუთებში მობილიზება მოახერხა და 2018 წლის დასკვნით შეხვედრაში 26:17 იმარჯვა.

აუტსაიდერი ქუთაისში მობილიზებული ჩავიდა და მაყურებელმა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, კარგი სანახაობა იხილა. ორივე გუნდმა აქცენტი მაღალ ტემპში, ხელდახელ თამაშზე გააკეთა და პირველ ტაიმში 5 ლელო გავიდა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, რომლებმაც ღია თამაშით წითელ ზოლში შეაღწიეს და შალვა ზვიადაურმა ახლოდან მიძალებით მიზანს მიაღწია, ხოლო ბახვა კობახიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ‘აიამ’ გამოწვევა მიიღო, ახლა მან შეუტია მაღალ ტემპში, ფრთაზე მეტობა გამოიყენა და გიორგი ნუცუბიძის საპასუხო ლელო თედო აბჟანდაძემ გარდასახა - 7:7.

23-ე წუთზე ‘არმიამ’ ლიდერობა დაიბრუნა, ბახვა კობახიძემ გადაცემა ჩაჭრა და ფეხით წინ გაიგდო, მას გოდერძი ჭინჭარაული მიყვა, ფეხით ერთხელაც ითამაშა და ლელოში დაამიწა, ხოლო კობახიძემ გარდასახა. ‘აიამ’ ისევ მალე უპასუხა, ფეხით თამაშის შემდეგ მეტოქე შეავიწროვა და 5-მეტრიანი შერკინება გამოიმუშავა, საიდანაც შოთა არეშიძესა და თემურ თუთბერიძეს გათამაშებული კომბინაცია ლელოთი არჩილ ღონღაძემ დაასრულა. აბჟანდაძის გარდასახვა ამჯერად არაზუსტი იყო.

31-ე წუთზე კობახიძემ ჯარიმით სტუმართა უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა, რასაც ‘აია’ არ შეეგუა, ხელდახელ ბურთაობით შეტევის მიმართულება რამდენჯერმე შეცვალა, მარცხენა ფრთაზე მეტობა გამოიყენა და საბა ერემეიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი ფრედ დასრულდა - 17:17.

მეორე ტაიმში ‘არმია’ გარკვეული დროით უპირატესობას ფლობდა, თუმცა ქულის აღება ვერ მოახერხა, 55-ე წუთზე კი საბა ნიკოლავა სინბინით დაკარგა აბჟანდაძემ ჯარიმით მასპინძლები პირველად დააწინაურა. დაძაბულობამ პიკს 65-ე წუთზე მიაღწია და რეფერიმ გუნდური ჩხუბის ინიციატორები, მიხეილ ბაბუნაშვილი და ლუკა გელაშვილი წითელი ბარათებით დასაჯა.

დასკვნით წუთებში ქუთაისელები ინიციატივას ფლობდნენ და მართალია ლელოს გატანა ვერ მოახერხეს, მაგრამ აბჟანდაძის ორი ჯარიმით 26:17 მოიგეს და 4 სატურნირო ქულა ჩაიწერეს, ‘არმიას’ კი ბონუსიც არ შეხვდა და ახალ წელს დიდი 10-ის ბოლო საფეხურზე ხვდება.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077638