ქართლის დერბიში გორის ‘ჯიქის’ დამრტყმელებმა მიზანი ვერ გაისწორეს, გასატანი ჯარიმები თუ გარდასახვები ვერ გაიტანეს და მარნეულის ‘არმაზთან’ მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ - 13:13.
დიდი 10-ის 2018/2019 წლების სეზონის მეორე წრის გახსნით მატჩს გორის „ჭალის სტადიონმა“ უმასპინძლა. შიდა ქართლელები ბურთს მეტოქეზე დიდხანს აკონტროლებდნენ და ორი ლელოც გაიტანეს, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
თამაში მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და ირაკლი სვანიძემ 35 მეტრიდან ანგარიში გახსნა. ‘არმაზმა’ მე-16 წუთზე უპასუხა, როდესაც მარნეულელებმა ფეხით გადაკიდებული ბურთი კარგად ჩახურეს, ჯარიმა გამოიმუშავეს და რეზი ჯინჭველაშვილმა წონასწორობა აღადგინა. გორელებს ორჯერ ჰქონდათ უპირატესობის დაბრუნების შანსი, თუმცა სვანიძეს ჯერ კარის წინ 20 მეტრიდან, მერე 40-მეტრიანი და 15-მეტრიანი წყვეტილი ხაზების კვეთიდან ჯარიმები გაუცუდდა.
სტუმრებმა 30-ე წუთზე იფეთქეს, ხელდახელ მაღალ ტემპში შეუტიეს, ფაზები აკინძეს და რომ არა წინ პასი გოგა ხუროშვილი ლელოს აუცილებლად გაიტანდა. სამაგიეროდ, ‘არმაზმა’ მეტოქის შერკინებაში ჯარიმა გამოიმუშავა, დერეფნიდან მოლით შეუტია და იოანე იაშაღაშვილის ლელო ჯინჭველაშვილმა გარდასახა.
მატჩის მიწურულს ‘არმაზმა’ ილია სპანდერაშვილი სინბინით დაკარგა, ახლა მოლით ‘ჯიქმა’ შეუტია და ლელოშიც შევიდა, მაგრამ დამიწება არ შედგა. 1 წუთში 5-მეტრიანი შერკინებიდან გამოვარდნილი ბურთი არსენ ტრაპაიძემ აიტაცა და ლელო გაიტანა, მაგრამ თეიმურაზ ჭიჭინაძეს გარდასახვა ძელებს შუა არ გავიდა და ტაიმი ‘არმაზმა’ 10:8 მოიგო.
55-ე წუთზე ‘არმაზმა’ ერთხელაც შეუტია მაღალ ტემპში და კოტე მარჯანიშვილს ლელო უნდა გაეტანა, მაგრამ ბოლო პასი ვერ შეიმაგრა. 64-ე წუთზე საშუალო სირთულის ჯარიმა უკვე დიმიტრი კალანდაძემ ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, 73-ე წუთზე ჯინჭველაშვილი კარის წინ 22 მეტრიდან არ შეცდა და სტუმრების უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა.
მატჩის მიწურულს ‘ჯიქმა’ 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ შეტევის მიმართულება შეცვალა, რამაც გაამართლა და მიხეილ ფსუტურმა ლელოთი წონასწორობა აღადგინა, მაგრამ კიკნაძის გარდასახვა არაზუსტი იყო და მატჩი საბოლოოდ ფრედ, 13:13 დასრულდა.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ არმაზი, მიმდინარე ჩემპიონატში იბრძვიან თანაც შედეგიანად. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს გუნდი ახალგაზრდა რეგბისტებს აძლევს დახელოვნების და განვითარების შესაძლებლობას (რაოდენობრივად ყველაზე მეტი ახალგაზრდა მორაგბეთა მათ გუნდში).
ნიჭი ცდილობს იპოვოს თავისი თამაში და ვფიქრობ ამასთან უკვე ახლოსაა.