ამბები

14:45 | 29.07.2014 | ნანახია 1998 - ჯერ

“რაგბი აერთიანებს” - თბილისის სარაგბო ფესტივალი

დასრულდა 15-წლამდელთა საერთაშორისო ფესტივალების სერია “რაგბი აერთიანებს”. სერია ორ ეტაპად გაიმართა. პირველი ტურნირი “ასპინძის სარაგბო ფესტივალი” 25 ივლისს გაიმართა, სადაც მონაწილეობა საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა, აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებმა – “ამერი”, ინგლისის კენტის საგრაფოს გუნდებმა “ინვიქტამ” და “იომენმა” მიიღეს.

სერიის მეორე, ტურნირი – “თბილისის სარაგბო ფესტივალი” 28 ივლისს მარტყოფის სარაგბო ბაზაზე გაიმართა. ტურნირზე მონაწილე გუნდებს დასავლეთ საქართველოს ნაკრები – “იმერი” დაემატად. Aმჯერად, ინგლისელმა სტუმრებმა მხოლოდ “ინვიქტა” გამოიყვანეს. იმის გამო, რომ ასპინძის ფესტივალზე “იომენს” რამოდენიმე მოთამაშე დაუშავდა, გადაწყდა დარჩენილი მოთამაშეებით “ინვიქტა” გაეძლიერებინათ.

ასპინძის ფესტივალის მსგავსად, ტურნირის განრიგის მიხედვით, გუნდებმა 6 შეხვედრა გამართეს. თითო მატჩი ორი თორმეტ წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა.

თბილისშიც საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ყველა მატჩი მოიგო. უკანასკნელ შეხვედრაში ისინი, კვლავ “ინვიქტას” დაუპირისპირდნენ და ამჯერადაც სძლიეს მოწინააღმდეგეს.

პირველ შეხვედრაში საქართველო U15 “იმერს” შეხვდა და 35:5 მოუგო დასავლელებს. შემგომ მარტყოფის ბაზის მოედანზე “ინვიქტა” და “ამერი” შევიდნენ. ასპინძის ფესტივალზე “ინვიქტამ” 20:10 სძლია “ამერს”, ხოლო ამჯერად “ამერმა” შესძლო გამარჯვება – 14:5.

ოცწუთიანი შესვენების შემდეგ “იმერისა” და “ინვიქტას” მატჩის დრო დადგა. დასავლეთ საქართველოს ნაკრებმა ინგლისელ თანატოლებს 19:7 სძლია. მეოთხე მატჩში საქართველო U15-მა “ამერს” 27:7 მოუგო.

საღამოს მეხუთე შეხვედრაში ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებები ერკინენ. შეხვედრა ძალზედ დაძაბული გამოდგა, რომელშიც გამარჯვებას “იმერმა” პირველ ტაიმში დადებული ერთადერთი ლელოს ხარჯზე მიაღწია (7:0). ტურნირის უკანასკნელ მატჩში, როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ინვიქტას 22:7 მოუგო.

“ორივე ტურნირით ძალიან კმაყოფილები ვარ. ეს ჩვენი ბიჭებისათვის კოლოსალური გამოცდილებაა, რაც მათ მომავალ სარაგბი კარიერაში და ცხოვრებაში გამოადგებათ. ორივე ტურნირის უკანასკნელ მატჩში “ინვიქტა” და საქართველოს 15 წლამდელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ორი ერთმანეთზე უფრო დაძაბული და საინტერესო მატჩი შემოგვთავაზეს. რაც მთავარია, ჩვენმა ბიჭებმა ახალი მეგობრები შეიძინეს და თქვენ ქვეყანას გაეცნენ“ – განაცხადა სთივენ რეილი-სთრათმა, აღმოსავლეთ კენტის რეგიონალური რაგბის კლუბის მწვრთნელმა.

“საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრები რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენმა ბიჭებმა საერთაშორისო გამოცდილება საკუთარ კედლებში მიიღეს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, ის რომ ეროვნული ნაკრების გარდა ტურნირში მონაწილეობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებებმა მიიღეს, შესაბამისად უფრო მეტმა ქართველმა მორაგბემ მიიღო საერთაშორისო გამოცდილება“ – განაცხადა გიორგი ენუქიძემ, საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა. 

28 ივლისის მატჩები

http://www.youtube.com/watch?v=O9B1rtvGHB0&list=PLUZmu2dEuzMgxgH2lwE4HMKifKte0IP5d

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083768