ქართველი ლეგიონერები

16:45 | 29.11.2018 | ნანახია 4095 - ჯერ

დავით კაჭარავა: “თუ ფიჯის ვძლიეთ, უელსთან მოგებაც შეიძლება, შემდეგ კი, იქნებ ავსტრალიაზეც გავიწიოთ”

სარაგბო პორტალმა Rugger.info საქართველოს ნაკრების ერთერთ ლიდერ დავით კაჭარავასთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ 33 წლის შუამარბი რუსული “ენისეის” ღირსებას იცავს და “ბორჯღალოსანთა” მაისურით უკვე 112 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა, ნოემბრის ტესტები ტრავმის გამო გამოტოვა. წინასწარი ინფორმაციით, დავით ეროვნულ გუნდს გაისად თებერვალში დაუბრუნდება, მანამდე კი, მის ძალიან საინტერესო ნააზრევს გაგაცნობთ.
- გასულ წელს საქართველო ეროვნულ ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარეთ და ე.წ. “ცენტურიონთა კლუბში” მოხვდით. ამისთვის მსოფლიოში მხოლოდ 50-მდე მორაგბეს მიუღწევია. შენთვის ეს ნიშნული განსაკუთრებული რამ იყო?
- ცხადია, რადგანაც ეს ძალიან საპატიოა. მსოფლიო რაგბმა სპეციალური ბანკეტიც კი მოაწყო, სადაც აღნიშნული “კლუბის” თითქმის ყველა წევრი იმყოფებოდა. საზეიმო ღონისძიებას მონაკოს პრინცი და პრინცესაც ესწრებოდნენ, მოკლედ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
- ამ ამბავმა ასახვა თქვენს მოტივაციაზეც ჰპოვა?
- ვერ ვიტყვი, რომ აღნიშნულის შემდეგ რაიმე შეიცვალა. ნაკრებში თამაშის დროს ხომ მოტივაცია არასდროს დამკლებია. ისე კი, ძალიან მეამაყება, რომ ასეთი სახელოვანი ხალხის მარაქაში გავერიე.
- მრავალი წლის განმავლობაში ნაკრებში ადგილი ფაქტობრივად გარანტირებული გქონდათ, თუმცა, ახლა, საქართველოში ბევრი ნიჭიერი და იმედისმომცემი ახალგაზრდაა. კონკურენციას თუ გრძნობთ?
- რასაკვირველია. ბოლო 2 წელია ჩვენი ახალგაზრდები ძალიან მაგრად თამაშობენ. ისეთი თაობა მოდის, რომ მომავალს იმედიანად ვუყურებ. ვფიქრობ, მე და ჩემი თაობა იმას ვეღარ მივაღწევთ, რაც მათ ელით. ეს, ძალიან მიხარია და კონკურენციაც კარგი რამაა: ან უკეთესი უნდა გახდე ან ადგილი სხვებს დაუთმო.
- ჯერჯერობით, მომატებას ახერხებთ?
- ალბათ, იმედია (იცინის).
- სასურველი მოტივაციის შენარჩუნებას როგორ ახერხებთ? მორაგბის პროფესია ხომ მუდმივ შრომას, ვარჯიშსა და რეჟიმს მოითხოვს...
- მართალი გითხრათ, მსოფლიოს 2015 წლის თასის შემდეგ თამაში უფრო მიადვილდება. ერთი შეხედვით, ასაკი მემატება, თუმცა, ჩემთვის რაგბის თამაში უფრო იოლი ხდება, ვიდრე – ადრე. ალბათ, ყველაფერი გამოცდილების დამსახურებაა. თითქოს, წამით ადრე ვიცი, რა უნდა მოხდეს, იქით აღარ გავრბივარ, სადაც საჭირო არაა. ტყუილად არ ამბობენ, რომ რაგბი ასაკიანთა სპორტია. ცხადია, მაღალ დონეზე პატარა ბიჭებიც თამაშობენ, თუმცა, მათი რაოდენობა მცირეა.
- გამოდის, რომ ყველას ყველაფერი დაუმტკიცეთ და ახლა, საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობთ.
- და ვის რაღა უნდა დავუმტკიცო? რაც კი რაგბისთვის შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ და როდესაც აღარ შემეძლება, უბრალოდ, თავს დავანებებ.
- ათ წელზე მეტია საერთაშორისო დონეზე თამაშობთ და ამ დროში რაგბი ძალიან შეიცვალა. თქვენი აზრით, ეს თამაში ადრინდელზე უკეთეს მდგომარეობაშია? გვესმის, რომ ადრე – ნაკლები პროფესიონალიზმი, თუმცა, მეტი საბრძოლო სული იყო. დღეს, როდესაც დიდი ფული ტრიალებს, აღნიშნული იკარგება...
- ეს გასაგებია, მაგრამ მორაგბეები, რომლებიც ადრე თამაშობდნენ, დღევანდელ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ მოთხოვნებს ნამდვილად ვერ გაუძლებდნენ.
ადრე, ასეთი დატვირთვები ნამდვილად არ იყო. თამაშის მერე ლამის 3 დღე აღნიშნავდნენ, ახლა კი, ერთ ბოთლ ლუდსაც ვერ დალევ და მყის მომდევნო შეხვედრისთვის მზადება უნდა დაიწყო. ეგრევე აუზი, აღდგენითი ვარჯიშები...
ამდენად, წარსული და ახლანდელი დროების შედარება არასწორად მიმაჩნია. მაშინ რაგბი სხვა რაღაც იყო, მთლად სპორტიც არა, უფრო, გართობა, გამოცდილება.
2003 წელშიც კი, ნაკრების მოთამაშეებს ასეთი ფიზიკური ძალა არ ჰქონდათ. დიახ, ისინი კარგი შემსრულებლები იყვნენ, თუმცა, როდესაც ფიზიკურად მართლა ძლიერ მეტოქეებთან უწევდათ დადგომა, ზოგიერთს უბრალოდ თელავდნენ.
ახლა, ასეთ რამეს ვერ ნახავთ. ფიზიკურად ყველა კარგად არის მომზადებული და ასეთი შესამჩნევი სხვაობა აღარ არსებობს. ვფიქრობ, რაგბმა წინ დიდი ნაბიჯი გადადგა და ეს, ჩინებულია.
- ბოლო წლებია, საქართველოს ნაკრების მწვრთნელები ბევრს ცდილობენ, რათა წინა და უკანა ხაზს შორის ბალანსი იყოს დაცული. როგორ ფიქრობთ, ეს გამოდის?
- დიახ, ეს მართლაც ჩვენი უმთავრესი მიზანია. როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ნაკრების ყველა მორაგბე სრულფასოვნად უნდა იყოს ჩართული. ვფიქრობ, გარკვეულწილად გამოგვდის, რაც ბოლო მატჩებში გამოჩნდა კიდეც, თუმცა, სამუშაო კიდევ ბევრია.
უკანა ხაზი ნამდვილად უკეთ ათამაშდა, ბევრი ახალი მორაგბე გამოჩნდა, რომელთაც უყვართ ფინტები, გარღვევები. რასაკვირველია, მცირედით ამის კეთება ჩვენს თაობასაც შეუძლია (იცინის), თუმცა, ახალგაზრდებს უფრო მეტი გაქანება აქვთ.
სხვა საქმეა, რომ ხელის ერთი მოსმით ექვს გამოცდილ მორაგბეს ექვსი ახალგაზრდით ვერ შეცვლი, მაგრამ თუკი ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, ეს დროც მოვა.
მაგალითად, 20-წლამდელთა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბიჭებმა საოცარი ლელოები დადეს, იგივე, სამხრეთ აფრიკასთან, არგენტინასთან. და თუკი მათ თავის დონეზე ასე თამაში შეუძლიათ, ეს ძალიან მაგარია.
ჩვენთვის ირლანდიის დამარცხება ეს რაღაც სასწაული, კოსმოსი იყო და ამაზე ვერც კი ვფიქრობდით, მათ კი, ისინი დაამარცხეს, ამდენად, როდესაც გაიზრდებიან, კიდევ უკეთესები იქნებიან.
- საქართველოს ნაკრებს ძალიან რთული წელი ელის. მწვრთნელები ექსპერიმენტებს არ ერიდებიან და შანსი უკვე არაერთმა მიიღო. იაპონიის მსოფლიო თასზე დიდი ბრძოლა იქნება. როგორ ფიქრობთ, გუნდი რა ფორმაში იქნება?
- ვფიქრობ, მთავარი ამბები იანვარ-თებერვლიდან დაიწყება, როდესაც ნაკრები მთავარ შეკრებებზე გადავა. საბოლოოდ, ალბათ, 30-35 მორაგბე შეირჩევა, ვინც უშუალოდ მსოფლიო თასისთვის მზადებას განაგრძობს. ვთვლი, რომ ამ დროიდან ექსპერიმენტებისთვის დრო აღარ დარჩება.
- ბოლო წლებია, საქართველოს ნაკრებმა ევროპაში მოტივაცია დაკარგა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი გათამაშება მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპად უნდა განვიხილოთ?
- ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ, ასეა. როდესაც ათ წელში ტურნირს 9-ჯერ იგებ, ეს, იოლი ნამდვილად არაა. გარკვეულ მატჩებზე სათანადოდ განწყობა ნამდვილად რთულია, თუმცა, წინ მსოფლიო თასია და ყველანი ფორმაში უნდა ვიყოთ. საქართველოს ნაკრებმა თამაში უფრო მეტად უნდა სრულყოს, რათა იაპონიაში მზა სქემითა და სტრუქტურით ჩავიდეს.
- თქვენ ფიჯითან ერთად, ძალიან რთული ჯგუფი შეგხვდათ. ამოცანა იგივეა? 2 მოგება?
- ფიჯელები მსოფლიო თასზე ყოველთვის უძლიერესი რაზმს კრიბავენ. ეს გუნდი ძალიან განსხვავდება იმისგან, რომელიც ტესტებზე თამაშობს ხოლმე. მაშინ ბევრი უბრალოდ ერთობა. პირადად მე ვთვლი, რომ თუკი ფიჯის ვაჯობეთ, იქ შორს არც უელსი იქნება, ხოლო თუკი უელსი დავამარცხეთ, მაშინ ავსტრალიაზე გაწევაც შეიძლება. მათ შორის ძალიან მცირე სხვაობაა. სხვა საქმეა, რომ პირველ რიგში ურუგვაის დამარცხებაა საჭირო, შემდეგ კი, ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება. პირველი თამაში უელსთან გვაქვს და შემიძლია გითხრათ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. რაც იქნება, იქნება...


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:33 | 01.12.2018
ოვალური კორბენი (276)

ებეეეე !!!
კაჭოჯან, აბა ერთი ეგ ჩაინიკი მოიხადე. ოფოფები ხო არ გიზის შიგა, ჰაა ?!

14:20 | 30.11.2018
გიორგი16 (34)

1 ნარიაშვილი 2 ბრეგვაძე 3 ჩილაჩავა 4 ნემსო 5 მიქაუტაძე 6 მამუკა (თუ დაბრუნდა მსოფლიოსთვის ) 7 ვიტო 8 გორგაძე 9 ვასკა 10 ხმალაძე 11 ძნელაძე 12 ბუკა 13 კაჩი 14 თაზო 15 მათიაშვილი, აი ამ ნაკრებით მერწმუნეთ ფიჯის მოგება შეიძლება და კაჭისი არ იყოს უელსთანაც გავიწევთ

00:19 | 01.12.2018
გორდა (250)

თუ ეს ყველა კარგ ფორმში იქნება და მამუკა დაბრუნდება მოგება ჩვენ უნდა დაგვრჩეს.
როგორც წესი მნიშვნელოვანი იქნება სწორი შეიცვლებიან და აქაც ვფიქრობ ეს ბიჭები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ: ადეიშვილი, მამუკაშვილი, ფეიქრიშვილი, სუთიაშვილი, თხილაიშვილი (ან გიორგაძე), ცუცქირიძე, აფრასიძე და ალბათ მალაღურაძე უნივერსალურობის გათვალისწინებით.
10-ზე შეიძლება თედომ მოიმატოს (განსაკუთრებით ფიზიკას) და ის დადგეს, შემოქმედებითი კუთხით უდაოდ სჯობნის ხმალაძე.

00:24 | 01.12.2018
გორდა (250)

უნდა დამეწერა, რომ ხმალაძეს სჭობნის თედო შემოქმედებით თამაშში.

03:05 | 30.11.2018
dinamo222 (692)

ჯერ ავსტრალიასთან და მერე მეოთხედფინალში და ნახევარფინალში ინგლისთან და ირლანდიასთან ძალები უნდა დავზოგოთ არაა აუცილებელი მაინცდამაინც დიდი ანგარიშებით მოგება რომ არ გადავიღალოთ თორემ ფინალში ზელანდიას შეიძლება ვეღარ მოვუგოთ და სულ ტყუილად გამოგვივა ამ სიშორეზე იაპონიაში ჩასვლა !!

21:42 | 29.11.2018
გორდა (250)

დათო შრომისმოყვარეობის კარგი მაგალითია. ასაკის მიუხედავად ინარჩუნებს და უფრო მეტიც, ცოტ-ცოტა ავითარებს კლასს. იმედია მსოფლიოზე ჩვენი ნაკრები კარგ სიურპრიზს შემოგვთავაზებს, მაგრამ მთავარ მაინც 2 შეხვედრის მოგებაა.
ფრანჩიზა კარგ ჩემპიონატში სუფთა ჟანგბადით სჭირდება ჩვენს რაგბს. თუ ვინმემ იცით დაწერეთ ამ მიმართულებით რაიმე კეთდება?
კიდევ საუბარი იყო, რომ მსოფლიოს შემდეგ კიდევ რაღაც ახალი საკლუბო ტურნირი უნდა დაიწყოს, მაგრამ ამ თემაზეც მხოლოდ გაკვრით დაიჭერს და მე დეტალური ინფორმაცია არსად შემხვედრია რა ტურნირი იქნება, ვინ ჩაერთვება და ჩვენ როგორ ვიქნებით წარმოდგენილი.

17:38 | 29.11.2018
krasni (587)

მე სულაც არ მეჩვენება დათოს მოსაზრება უტოპიათ. სულაც არ არის შორს ის დრო, როცა კუნძულელებს, იაპონიას, იტალიას როგორც რუმინეთს, ისე დავამარცხებთ; ბობოლებთან კი ტოლსწორი პაექრობა გვექნება. ასაკობრივებს მეტი ყურადღება და ერთი ფრანჩიზი უნდა ამ საქმეს.

0.091395