საქართველოს 7-კაცა ნაკრები 2019 წლის სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გუნდმა ორი კვირის განმავლობაში „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ივარჯიშა, დღეს გამთენიისას კი დუბაიში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა.
მომავალ წელს 7-კაცა ნაკრებები 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის იბრძოლებენ და ჩვენს გუნდში გარკვეული ცვლილებები მოხდა. მოთამაშეთა ჯგუფს, რომლებიც მხოლოდ კლუბების გარდა 7-კაცა ნაკრებზე იქნებიან ორიენტირებული, დაენიშნებათ სტიპენდიები და ისინი ოფიციალურის გარდა რამდენიმე მოსამზადებელ ტურნირში ითამაშებენ.
მთავარი მწვრთნელის, ზაზა ლეჟავას კონსულტანტად ფრანგი სპეციალისტი, ფიზმომზადების მწვრთნელი ტიერი რუდილი დაინიშნა, რომელიც ადრე ეროვნულ და 7-კაცა ნაკრებებში კლოდ სორელს ეხმარებოდა, მერე კი ლეჟავასთან ერთად საქართველოსა და უკრაინის 7-კაცა ნაკრებებში მუშაობდა.
მათ შეადგინეს ერთობლივი გეგმა, რომელიც გამგეობამ დაამტკიცა და საქართველოს განვითარებადი 7-კაცა გუნდი (GEORGIA DEVELOPING 7S), 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს დუბაის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს.
30 ნოემბერს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება და 14:20 საათზე სამხრეთ აფრიკულ გუნდს, OLD GEORGIANS RFC-ს შევხვდებით; 17 საათზე 7-კაცას კრებულ გუნდ SPERANZA 22-ს ვეთამაშებით, ხოლო 19 საათზე FRENCH MILITARY SEVENS, რომელიც ფაქტობრივად საფრანგეთის მეორე ნაკრებია. ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, 1 დეკემბერს მეტოქეთა ვინაობა გაირკვევა.
დუბაიში ლეჟავას 13 მოთამაშე მიყავს: ნიკო აფციაური, სანდრო მამამთავრიშვილი, თენგიზ პერანიძე (სამივე ლელო), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), რეზი ხარაზიშვილი, რამაზ ხარაზიშვილი, ალექსი ტუჩაშვილი (სამივე იუნკერები), იოანე ხელაია (ლოკომოტივი), დავით მესხი (არმია), გიორგი აბრამიძე (აია), გიორგი მიქანაძე (არმაზი), ლუკა იურინი (ლიონი).
ბორჯღალოსნები დაემატებიან
2019 წელს ჩვენი 7-კაცა ზიმბაბვეში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე დღიან შეკრებას გაივლის და 22-23 მარტს საკმაოდ ძლიერ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ეს ტურნირი მსოფლიო სერიის შესარჩევი ეტაპის წინ იმართება და იქ ყოველთვის ძლიერი შემადგენლობა იყრის თავს.
25-26 მაისს სანქტ-პეტერბურგში ევროპის საკლუბო ჩემპიონატია დაგეგმილი, სადაც ჩვენი განვითარებადი გუნდი შეცვლილი სახელით ითამაშებს, ივნისის დასაწყისში კი ტურში (საფრანგეთი), ან რომში გაემგზავრება.
რადგან წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირია დაგეგმილი, ევროპის გრან პრი სამ ტურად იმართება: 22-23 ივნისს მოსკოვის, 29-30 ივნისი პარიზის და 13-14 ივლისს ლოძის ეტაპები. სამი ეტაპის ჯამში მოწინავე 8 გუნდი გამოვლინდება, რომელსაც მეორე დივიზიონიდან ორი მოწინავე და მესამე დივიზიონიდან გამარჯვებული გუნდი დაემატება, ასევე მასპინძელი ქვეყანა და ისინი ევროპის დივიზიონის ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირს ითამაშებენ (30 აგვისტო - 1 სექტემბერი). გამარჯვებული ოლიმპიადის საგზურს მიიღებს, ხოლო მეორე-მესამე ადგილოსნები რეპეშაჟში გადაერთვებიან.
ზაზა ლეჟავა კალენდარით კმაყოფილია და ამბობს, რომ პროგრამა მინიმუმი რეპეშაჟის საგზურის მოპოვებაა:
„კალენდრით კმაყოფილი ვარ, რადგან ევროპის გრან პრის დასკვნითი ტურნირისთვის და ოლიმპიადის შესარჩევისთვის 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბეები თავისუფლები იქნებიან. ამავდროულად, აგვისტოს ბოლოსთვის ეროვნულ ნაკრებს გავლილი ექნება ფიზმომზადება, უკვე ცნობილი იქნება იმ მორაგბეების ვინაობა, რომლებიც იაპონიაში მიემგზავრებიან და გაფართოებული, 45-კაციანი სიიდან, მოთამაშეების დამატების შესაძლებლობა გვექნება. ეს მაძლევს იმედს, რომ ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირისთვის საკმაოდ ძლიერი გუნდი გვეყოლება“.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია