უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რუსთავის რაგბის სტადიონზე რუს თანატოლებთან მეორე მოსამზადებელი მატჩი გამართეს და მეტოქეს 26:14 სძლიეს.
ილია მაისურაძის შეგირდები საქართველოში შეკრებაზე მყოფ რუსებს პირველად 19 ნოემბერს შეხვდნენ და 52:12 სძლიეს. მეორე თამაში 24 ნოემბერს გაიმართა და მწვრთნელებმა საქმეში რეზერვის მოთამაშეები გამოსცადეს.
წვიმიან ამინდში, პირველ ტაიმში თამაშის აწყობა ვერ მოხერხდა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რამდენიმე უნებლიე შეცდომა დაუშვეს და სალელოვე შანსები წვიმას გაატანეს. გარდა ამისა, გუნდი ორჯერ დაისაჯა სინბინით და 20 წუთი კაცნაკლულს მოუწია თამაში.
სტუმრებმა პირველი ტაიმი 7:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდი მოედანზე მოტივირებული გავიდა, 4 ლელო გაიტანა, სამი გარდასახა და 26:14 იმარჯვა.
ორმატჩიანი სერიით კმაყოფილი დარჩა ილია მაისურაძე. ის ამბობს, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე ბევრი დროა დარჩენილი და ის შეცდომების გამოსწორებას და პრობლემების აღმოფხვრას მოხმარდება:
„პირველი თამაშის 40-ქულიანი სხვაობით მოგების შემდეგ, შესაბამისი განწყობის შექმნა ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ხშირი იყო შეცდომები. მეორე თამაშში, საკვანძო პოზიციებზე ახალი მოთამაშეები გავსინჯეთ და თავი იჩინა შეუთამაშებლობამ. თავდადებული თამაში არ უნდა დავუკარგოთ მეტოქესაც, რომელიც კარგად ნავარჯიშები იყო, განსაკუთრებით დაცვაში“.
„პირველ ტაიმში ბურთი ბევრჯერ დაგვივარდა, თანაც იმ ეპიზოდებში, როდესაც უპირატესობის ხაზი უნდა გადაგვეკვეთა და მეტობა შეგვექმნა. შესვენებაზე მობილიზება მოვახერხეთ, მეტოქის რამდენიმე დერეფანიც მოვიგეთ და სიტუაცია გამოვასწორეთ“.
„მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ, რადგან სხვა შემთხვევაში, მზადების ადრეულ ეტაპზე ამ ბიჭების საქმეში ნახვის შესაძლებლობა არ გვექნებოდა. გამოჩნდა რაზე გვაქვს სამუშაო, ბევრი რამაა დასახვეწი“.
უმცროსი ბორჯღალოსნები მზადებას აგრძელებენ და პრობლემების აღმოფხვრას თებერვლის ბოლომდე ეცდებიან, მარტის დასაწყისში კი თბილისს საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები ეწვევა და 6 და 10 მარტს ორი ტესტ-მატჩი გაიმართება.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
U20-მა მადა გაგვიღვიძა, ყოველ წელს უმატებენ. წარმატებებს გისურვებთ. ალბათ საფრანგეთი იკადრებს პირველი გუნდით ჩამოსვლას, ჯერ სად არიან, ბევრი დაგვიყებს ხვეწნას სპარინგებზე.
წარმატებები ახალგაზრდა ბორჯღალოსნებს.
ალბათ მარტის სპარინგები საფრანგეთთან უკვე დაგვანახებს ამ გუნდის რიალურ ძალას, თუ რისი იმედი შეიძლება გვქონდეს მსოფლიოზე.