პირველი წრის დასკვნით ტურში სამივე ლიდერმა იოლი გამარჯვება მოიპოვა. ტურის გამორჩეულ შეხვედრაში, ლიდერმა ‘იუნკერებმა’ ოზურგეთის ‘არწივებს’ ‘შევარდენზე’ უმასპინძლეს და გადაუღებელი წვიმის მუხედავად, გააზრებული თამაშით მეტოქეს წარმატების შანსი არ დაუტოვეს.
მოძალებული ტრავმების გამო ‘იუნკერთა’ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ზაბახიძემ განაცხადის ერთბაშად 9 მორაგბე მოისაკლისა. მიუხედავად ამისა, ფავორიტი მატჩის პირველივე წუთებიდანვე დომინირებდა. ‘იუნკერებმა’ დაცვაში საიმედო, ორგანიზებულ თამაშთან ერთად აქცენტი სტატიკაზე გააკეთეს და თან ეფექტური, მოკლე დარტყმებით გურულებს ხშირად რთულ მდგომარეობაში აყენებდნენ. მატჩის გმირი ‘იუნკერთა’ მარბიელი ჯაბა კიკვიძე გახლდათ, ვინაც 3 ლელოს გატანა მოახერხა. ‘იუნკერთა’ გამოცდილ ფრთა ალექსანდრე ტუჩაშვილს მოედანი ლელოს გარეშე არც ამჯერად დაუტოვებია. მოლის ჩაქცევისთვის კი რეფერი საჯაიამ ლიდერის სასარგებლოდ საჯარიმო ლელო დააფიქსირა და ‘იუნკერებმა მატჩი 31:0 მოიგეს.
მორიგმა პრემიამ კი ფავორიტს სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეუნარჩუნა. მარცხის მიუხედავად, კახა უჩავას შეგირდებს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ. გურულები განსაკუთრებით კარგად დაცვაში გაისარჯნენ, თუმცა კლასით აღმატებული მეტოქის 22 მეტრიან ზონას ვერ გაუშინაურდნენ. მარცხის მიუხედავად,’არწივები’ 18 ქულით ცხრილში მეოთხე პოზიციას ინარჩუნებენ.
ტიტულოვანმა ‘ყოჩებმა’ ავჭალაში აუტსაიდერ ქუთაისის ‘ბაგრატს’ 15 ლელო გაუტანა და 97:0 იმარჯვა. ქვეყნის 3-გზის ჩემპიონის რიგებში, ‘პოკერით’ ფულბეკი ზაურ ნიკოლაიშვილი გამოირჩა. ‘დუბლი’ გარემარბ ნიკოლოზ რეხვიაშვილის ანგარიშსზეა. აკა ცინცაძის გუნდის ლიდერ თემურ სოხაძის ნაცვლად მეორე ტაიმში შესულმა მგეზავმა ლევან ხუროშვილმა ასევე წყვილი ლელოს გატანა მოახერხა. ‘ყოჩები’, არესთან’ ჭიდილში უკეთესი პირისპირ ბალანსით მეორე ადგილს ინარჩუნებენ და ლიდერ ‘იუნკერებს’ 1 ქულით ჩამორჩებიან. ‘ბაგრატმა’ კი კლუბის ისტორიის ანტირეკორდი დაამყარა, ყველა შეხვედრა დათმო და პირველი წრე მინუს 1 ქულით (დისციპლინარული სასჯელის შედეგად) ბოლო ადგილზე ჩაამთავრა.
ქუთაისში, ‘არესისა’ და ‘ივერია კოლხი რაინდების’ შეხვედრაში სეზონის რამდენიმე რეკორდი დამყარდა. კოლხები მამაქალაქს სერიოზული საკადრო პრობლემებით ეწვივნენ. ტრავმების გამო ‘რაინდების’ მოთამაშე-მწვრთნელმა ბაჩო ჩაჩავამ ძირითადის 6 მოთამაშე მოისაკლისა და მატჩის წინ სულ 15 მორაგბეს მოუყარა თავი. დაშავებული მორაგბისა და სინბინის შემდეგ კოლხებმა შეხვედრა სულაც 13 კაცის ამარა ჩაამთავრეს. ‘ომის მრისხანე ღმერთს’ მატჩის პირველივე წუთებიდან ლელოები დაუბრკოლებლად გაჰქონდა. სერგო ფრუიძის შეგირდებმა შეხვედრა 119:5 მოიგეს და სეზონის უამრავი რეკორდიც დააფიქსირეს:1) მატჩში ერთი გუნდის მიერ დაგროვილი ქულების ოდენობა. 2-3) მატჩში, როგორც ერთი, ასევე ორი გუნდის მიერ ჯამში გატანილი ლელოთა რაოდენობა. რიონისპირელებმა - 19, კოლხებმა კი 1 ლელო გაიტანეს. 4) ერთ შეხვედრაში დაფიქსირებული ყველაზე დიდი სხვაობა. 5) მატჩში, ერთი მოთამაშის მიერ გატანილი ლელოთა ოდენობა.
‘არესის’ გასული სეზონის საუკეთესო მელელოვე ირაკლი ცხადაძე მიმდინარე პირველობაზე ლელოს გატანას ვერაფრით ახერხებდა. მეტოქეთა კლასში არსებული დიდი სხვაობის გამო, შეხვედრის მიმართ ინტერესდაკარგულმა ქომაგმა მთელი ყურადღება სწორედ ‘არესის’ 24 წლის თერჯოლელი ფრთის მოთამაშეზე გადაიტანა. ადგილობრივი ფანობის გამაყრუებელი ყიჟინითა და შეძახილებით აღტკინებულმა ცხადაძემ, მატჩში დაფარულ რეკორდულ კილომეტრაჟთან ერთად, უჩვეულო ფეხმარდობაც გამოიჩინა და ‘კოლხებს’ მთლიანობაში 6 ლელო გაუტანა!
პირველი წრე ავჭალაში, ‘დინამოსა’ და ‘ტაოს’ დაპირსიპირებით დასრულდა. ტოლ-სწორ მეტოქეთა შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. უხნესი ქართული კლუბი ჰუქერ იაგი წაქაძის წყვილი ლელოთი ანგარიშში 2-გზის დაწინაურდა, თუმცა მესხებმა მეორე ტაიმში სათამაშო დისციპლინა აამაღლეს და ჩვეული ლაღი, გაშლილი თამაშით მეტად მნიშვნელოვანი მატჩის მოგებაც მოახერხეს. შეხვედრის ბოლო 5 წუთში მალხაზ ჭეიშვილის შეგირდთაგან ფრთა თემურ ხარაიშვილმა მოახერხა ლელოს გატანა, ‘ტაოს’ მგეზავის ოთარ ტალახაძის გარდასახვამ კი სამცხე-ჯავახეთის რაგბის ფლაგმანს დრამატულ ბრძოლაში 13:12, სეზონში მესამე გამარჯვება არგუნა. ‘ტაომ’, მიჯრით 3 განცდილი მარცხის შემდეგ მოგებით, 14 საცხრილო ქულას მოუყარა თავი, ‘დინამოს’ 1 ქულით გაუსწრო და პირველი წრე მეხუთე ადგილზე ჩაამთავრა.
პირველლიგელები წლეულს კიდევ 2 ტურს გამართავენ. მეორე წრე, 2 კვირის შემდეგ 8-9 დეკემბერს გაიმართება. ლევან რამიშვილის დამოძღვრილ ‘დინამოს’ კიდევ ერთი რთული გამოცდის ჩაბარება, ამჯერად ჩემპიონატის ლიდერ და მთავარ ფავორიტ ‘იუნკერებთან’ მოუწევს. ტურის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა მამაქალაქში გაიმართება. ‘არესი’ ოზურგეთის ‘არწივებს’ უმასპინძლებს.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია