ბორჯღალოსნები

16:16 | 25.11.2018 | ნანახია 2435 - ჯერ

საქართველო-ტონგა: მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

“ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. მეტოქის მძიმე შეტევებს კარგი დაცვა დავუპირისპირეთ და შეცდომების მიუხედავად, გულშემატკივარი გავახარეთ. ძალიან მაგარი შედეგია, რადგან ნოემბრის ტესტებზე სამიდან ორი შეხვედრა მოვიგეთ და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი მსოფლიო თასისთვის მზადებას ემსახურება. მწამს, ბევრი რამ გამოსწორდება და ქართული რაგბიც უფრო წინ წაიწევს“ – თქვა ბექა გორგაძემ, რომელიც ქართული რაგბის ოფიციალური ლუდის, აისის მატჩის საუკეთესო მორაგბე გახდა.
პრესკონფერენციაზე პირველები სტუმრები გამოცხადდნენ და მათმა მთავარმა მწვრთნელმა, წარსულში ავსტრალიის 8 ნომერმა (60 კეპი) და 1999 წლის მსოფლიო თასის გამარჯებულმა, ტოუტაი კეფუმ განაცხადა:
“ასეთ თამაშში და ასეთ ამინდში ქულის აღების ყველა შანსი უნდა გამოიყენო და ჯარიმებიც კარში ამის გამო ვურტყით. საქართველოს ნაკრები ღონიერი, კარგად შეთამაშებული გუნდია, რომელიც წინ მიიწევს და 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, საუკეთესო გუნდთან წავაგეთ“.
მწვრთნელს ეთანხმება კაპიტანი სონა’ტანე ტაკულუა:
“საქართველოს ნაკრების პროგრესი სახეზეა. მინდა თქვენი გუნდის მიმართ პატივისცემა გამოვხატო. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ჩვენი მარცხი გამოიწვია შეთამაშების პრობლემაა. ჩვენ იშვიათად გვიწევს ერთად თამაში, თქვენ კი ამის შანსი უფრო ხშირად გეძლევათ“.
ნოემბრის ტესტები დადებითად შეაფასა ბორჯღალოსანთა თავკაცმა მილთონ ჰეიგმა: “თიბისი რაგბის სერიების სამი ტესტ-მატჩიდან ორი მოვიგეთ. იტალიასთან შეხვედრამდე სხვა მატჩი რომ გვქონოდა, იქაც უკეთეს შედეგს დავაფიქსირებდით ალბათ. ათბალიანი სისტემით თუ შევაფასებთ, ამ ტესტებს რვა ქულას დავუწერდი.
ჩვენი გუნდის საშუალო ასაკი 23 წელია და ამ ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა საოცრად ითამაშა. აღმოვაჩინეთ სამი კარგი მორაგბე: გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილი და თედო აბჟანდაძე, რაც დიდი წარმატებაა. ძალიან ბევრი მოთამაშე და სათამაშო ტაქტიკა გავსინჯეთ. კაპიტნის დაბრუნებით ბედნიერი ვარ. წინ ბევრი მისია გვაქვს და ვეცდებით, რომ ეს მისიები შევასრულოთ.
რაგბი ევროპაზე ვეცდებით იმ სტილით ვითამაშოთ, რასაც მსოფლიოზე ვაპირებთ. ზურა ძნელაძე ფანტასტიკური მოთამაშეა, რომელსაც ნებისმიერი დავალების შესრულება შეუძლია. ერთ-ერთი მორაგბეა, რომელსაც შეიძლება ვენდოთ“.
ბორჯღალოსანთა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ აღნიშნა, რომ კუნძულელებთან ტესტ-მატჩი საქართველოს ნაკრებს განვითარებაში ეხმარება:
“ადრე აღვნიშნე, რომ ქომაგის ვალი გვქონდა და ვფიქრობ, ამ მოგებით მათთან მეტ-ნაკლებად გავსწორდით. ამ ტესტებმა გუნდის სიღრმე დაგვანახა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე პოზიციაზე ძლიერი და კარგი მორაგბეები გვყავს.
სასიხარულოა, რომ ახლა ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე ჰაერში თამაშიც არის, რაც ადრე ჩვენთვის სისუსტედ ითვლებოდა. ყველა თამაშში 100%-ით ვიხარჯებით, რათა გულშემატკივარი გავახაროთ. კუნძულელებთან შეხვედრა განვითარებაში გვეხმარება და ჯერ ისე არ გვაქვს საქმე, რომ ფიჯის, ტონგასა და სამოას მარტივად ვუგებდეთ“.

www.rugby.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:40 | 25.11.2018
ogafa (407)

მოგვიწევს ფიჯის დამარცხება

16:30 | 25.11.2018
გორდა (250)

გეთანხმები კაპიტანო, კუნძულელებთან საქმე ჯერ ისე არ გვაქვს, რომ უცილობლად მოვუგებთ, მაგრამ თქვენი შრომით და მონდომებით აქეთ მივდივართ. არც ის დაგვავიწყდა, რომ სულ რაღაც 2015 წლამდე მათთან გამარჯვება უდიდეს შედეგს მიეკუთვნებოდა. ეს ასე რომ აღარ არის მწვრთენლთა და მოთამაშეთა დიდი დამსახურებაა, ასევე ფედერაციის, მაგრამ არ გვიწყინოთ ჩვენ - გულშემატკივრებს უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს, თანაც ვხედავთ თქვენში ამის შესაძლებლობას.
მჯერა მომავალში ხშირად გაგვახარებთ და მსოფლიოზე იტყვით თქვენს სათქმელს!!

01:59 | 26.11.2018
GiorgiG83 (525)

ამასობაში ფიჯი საფრანგეთს ამარცხებს...

0.11642