საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის შვიდკაცა რაგბის გუნდმა სეუ-მ, ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში გამართული საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად განვლო და მთავარი ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ჯგუფურ ეტაპზე ლისაბონის უნივერსიტეტის 22:5, უტრეხტის უნივერსიტეტის 34:0 და რიგის უნივერსიტეტის 24:0 დამარცხების შემდეგ, თასის ნახევარფინალში პორტოს უნივერსიტეტს 29:0 სძლია და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც რუსეთის, ციმბირის ფედერალური უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და ოთხი უპასუხო ლელო გაუტანა - 26:0. ამრიგად, სეუ-მ როტერდამში ხუთი თამაში მოიგო მხოლოდ ერთი ლელო გაუშვა, ისიც პირველ შეხვედრაში.
სეუ-მ ჰოლანდიაში ჩატარებულ საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გიორგი ჭყოიძე, ბაჩანა კოლელიშვილი, დაჩი კოპაძე, თემურ ჩიტიძე, შალვა დავითაშვილი, იოსებ მათიაშვილი, ბახვა კობახიძე, დიმიტრი კალანდაძე, საბა შუბითიძე, ლევან გოგოლაშვილი, ალექსანდრე ხუციშვილი, ზურაბ ძნელაძე.
მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე
კონსულტანტი: კახაბერ ალანია
მენეჯერი: ლექსო გუგავა
ექიმი: ვახტანგ წიკლაური
შეგახსენებთ, რომ სეუ-მ შარშან სოფიაში გამართული საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი მოიგო და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაწესებული ყველა ტიტული მოიპოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია